Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ერთი მოლოცვის ისტორია ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში | PEMPTOUSIA

ერთი მოლოცვის ისტორია ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში

20 April 2015

ვატოპედის სავანე ერთ-ერთი იმ პირველ მონასტერთაგანია, რომელიც 1997 წლის მარტის დასაწყისში მოვინახულე. აღტაცებული ვიყავი! იგი ძალიან ჰგავდა ციხემონასტერს. შთამბეჭდავი კოშკები, სამეფო ღირსების ფოლადის აივნები, ბიზანტიური „სიმები“ (მონაზონთა კელიების ფლიგელები), რომლებიც აგებულია „ძალზე მჭიდროდ“ და ერთმანეთთან მეტად ახლო-ახლოს, სახელოვანი თუ უსახელო ბინადრებით, რომელთაც გაბრწყინებული წმიდანები მიუძღვიან ცათა სასუფეველში! ციხესიმაგრის ფორმის ძირითადი შესასვლელი კარიბჭე, უთვალავი სამლოცველო, რომლებიც ყოველი მხრიდან ყვავილებივით ამკობენ სიწმინდეს. და თუკი რაიმეს ვიტყვით შიდა ეზოზე, მაშინ  იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეზოა ათონის წმიდა მთაზე!  ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე ოცდათხუთმეტ ათას კვადრატული მეტრ ნაგებობებს მოიცავს! ვატოპედის წმიდა სავანე ათონის წმიდა მთისა და მართლმადიდებლური აღმოსავლური ბერმონაზვნობის სიამაყეა.

მონასტრის აღმშენებლად და დამაარსებლად მიჩნეულია დიდი ლავრის სამი მონაზონი, რომლებიც, ქრისტეს შობიდან დაახლოებით 980 წელს, ამ ადგილას მოვიდნენ და რამდენიმე უკვე არსებული, დაცარიელებული კელიის გაერთიანების შედეგად დააარსეს მონასტერი. „სავარაუდოდ, მონასტრის სახელი მომდინარეობს ამ ადგილებში გავრცელებული უამრავი ბუჩქიდან („ვატოს“ ბერძნულად ბუჩქს ნიშნავს). ითვლება, რომ ვატოპედი ათონის წმიდა მთის მეორე ყველაზე უფრო ძველი მონასტერია დიდი ლავრის შემდეგ და  1046 წლის მთაწმიდის მეორე ტიპიკონის მიხედვით იკავებს, როგორც წმიდა მთის მონასტრების იერარქიის, მეორე ადგილს. ვატოპედის სავანეს აყვავების ხანა დაუდგა და გაძლიერდა ბიზანტიელი იმპერატორების – კომნენოსების მეფობის წლებში. თუმცაღა მოგვიანებით, მან დიდი ზიანი განიცადა კატალონიელი მეკობრეების თავდასხმებისა და ასევე ბიზანტიის გამაერთიანებლების დევნის გამო“ [1]. წმიდა მონასტრის შემწეობითა და მეთვალყურეობით 1749 წლიდან დაიწყო არსებობა „ათონიადას აკადემიამ“, ათონის წმიდა მთის საეკლესიო სკოლამ [2]. სავანის კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი) მეათე საუკუნის ბრწყინვალე ნაგებობა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელზეა მიძღვნილი, მასში შემონახული ფრესკები მეთოთხმეტე საუკუნით თარიღდება, რომელთაგან მრავალი პანსელინუს სკოლიდანაა. ვატოპედის სავანის ფარგლებში ოცი ეკვდერია განთავსებული, ხოლო ათი კი – მის გარეთ! მახსენდება ცისკრის მსახურებანი და მოკრძალებული საღმრთო ლიტურგიები ზოგიერთ მათგანში. რაც მე მაშინ და მის შემდეგ განვიცადე, ყოველივე ჩაიწერა ჩემს გონებაში, რომლებიც ძალას მაძლევენ და შესაძლოა, მომავალშიც მომცემენ საშუალებას, რომ ჩემში დანერგონ გულწრფელი პატივისცემა ათონის წმიდა მთის მიმართ, დაუოკებელი რწმენა, ჩუმი, დაფარული სურვილი ტკბილი მონაზვნური ცხოვრების, ენით აღუწერელი მადლიერება იმ მარადიული, გონიერი და მართალი წვლილის შეტანისათვის მთაწმინდურ ბერმონაზვნობაში, მართლმადიდებლურ აღმოსავლურ ბერმონაზვნობაში, რომელიც, როგორც საუკუნეების მანძილზე, ისე ახლა, გვევლინება მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ეკლესიისა და თეოლოგიური რწმენის „მცველად“ და დარაჯად.

ვატოპედი, „ღმრთისმშობლის საბრძანებელი“ (ჩვეულებისამებრ, ასე უწოდებენ ამ მონასტერს ათონის წმინდა მთაზე), ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შვიდი სასწაულთმოქმედი ხატითაა შემკული [3] და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, სწორედ აქ ინახება ყოვლადწმიდა ქალწულის პატიოსანი და უძვირფასესი სარტყელი [4]. გარდა ამისა, ვატოპედის სავანეში საკმაოდ დიდი რაოდენობის წმინა ნაწილებია, რომელთა შორის აღსანიშნავია იოანე ოქროპირის წმინდა თავის ქალა. ასევე, მეტად ძვირფასი საგანძურები, სახარებები, პერგამენტის გრაგნილები, დაახლოებით ოცი ათასი ნაბეჭდი წიგნი და სხვა შეუფასებელი განძი, რომელიც დღემდეა დაცული წმიდა სავანეში.  ვატოპედის არქონდარიკი (სასტუმრო მომლოცველებისათვის) უდიდესია ათონის მთაზე. მონაზონთა სტუმართმოყვარეობა კი აბრაამისას ჰგავს. ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ვატოპედის მონასტერში მრავალ ახალგაზრდა მეცნიერ მონაზონს შევხვდი, რომლებიც თითქმის მთელი მსოფლიოდან არიან. მათ უარყვეს ამქვეყნიური სამყარო, მიიღეს მდუმარება და მონაზვნურ ღვაწლში  ცხოვრობენ იმისათვის, რომ  შეხვდნენ უფალ იესო ქრისტეს, რადგან ის ძალიან შეიყვარეს!

ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის მფლობელობასა და მისი დაქვემდებარებაში იმყოფება ორი სკიტი – წმიდა დიმიტრის სახელობის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სკიტი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „სარაი“. გარდა ამისა, ხილანდარის წმიდა მონასტერი წარმოიშვა ვატოპედის სავანის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი კელიიდან, რომელიც მეთორმეტე საუკუნეში, როგორც ხილანდარის პატარა კელია საჩუქრად გადაეცა სერბ დიდგვაროვანს სტეფანო ნემანიას და მის ვაჟს, რომლებიც შემდგომ გახდნენ ხილანდარის მონასტრის დამაარსებელნი და პირველი აღმშენებელნი. დაუვიწყარი ისტორიები! ათონის წმიდა მთაზე ყველაფერს სიწმინდესთან ახლოს მიჰყავხარ! მონაზვნების გარჯა, თითქმის განუწყვეტელი წმიდა მსახურებანი, თვით ადგილის ბუნებრივი სილამაზე ზებუნებრივი ურთიერთობებისა და ხატების ნაყოფი! ვატოპედის წმინდა და დიდი სავანე! მართლმადიდებლური მთაწმინდური იდეალის სიამაყე და საყრდენი!

ვატოპედის წმინდა მონასტრის სანაპიროზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია ლოცვის შესახებ. მონაზონთა საყვარელი თემაა ლოცვა! ის არის გზა და საშუალება, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ შეინარჩუნონ „თავიანთი გონება ქრისტეში“, არიან ანთებული მსახურნი სამოთხის მოქალაქეობისა, მყოფობენ ქრისტეს საიდუმლოებებში. მონაზვნები, უძღვნიან რა თავიანთ თავს ლოცვასა და მონოლოგურ „იესო ქრისტეს ლოცვას“, შეიმცნებებენ ღმრთაებრივ გამოცდილებებს, ზეციურ კანონებს, ღმრთიურ აღმართებსა და სულიწმიდის დავალებებს. აი, ასეთია მთაწმიდა! წმიდანთა ერთი სულიერი სახელოსნო! ერთგვარი მუსიკალური სკა, სადაც მამები ფუტკართა ზუზუნის მსგავსი ტკბილად მომღერალი ხმებით დღე და ღამ უგალობენ და ადიდებენ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს.  რომ აღარაფერი ვთქვათ ღამისთევისას თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მათ ლოცვაზე! მოდით, ნება მივცეთ ელია წინასწარმეტყველის სკიტის ბერს იოაკიმეს, რათა ჩვენ ღამით ლოცვის შესახებ გვასწავლოს: „მონაზონისთვის ღამისთევის ლოცვა ერთგვარი მსხვერპლია. იგი მსხვერპლად სწირავს ძილს ლოცვისათვის, იესო ქრისტესათვის. დღისით ყოველივე უფრო ადვილია. მონაზონი კი მიილტვის სიძნელეებისაკენ. შეიძლება რაღაც გკითხოთ? ბულბულები როდის გალობენ? რა თქმა უნდა, ისინი არ გალობენ დღისით, არამედ – ღამით, ძირითადად კი გამთენიის ჟამს. ჩვენ, ვისაც ამგვარი კურთხევა გვაქვს, აქ, მონასტრების შემოგარენში მდებარე ტყეებში, უამრავი ბულბული გვყავს და ვტკბებით მათი გალობის ტკბილხმოვანებით. ირიჟრაჟებს თუ არა, შეგიძლია ნამდვილ კონცერტს მოუსმინო. ასე არიან მონაზვნებიც, რომლებიც ბულბულთა მსგავსად, დილით ადრე იღვიძებენ და იწყებენ უფლისთვის გალობას, უფლის საგალობლების თქმას. სწორედ ამგვარად უხმობდნენ გაბრწყინებული მამები საეკლესიო ჰიმნებს – უფლის საგალობლებს. გარდა ამისა, ღამე თავისი მდუმარებით კარგია ლოცვისთვის. თუმცა, არის ასევე რაღაც სხვა: არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვით სწორედ ღამით „იხსნება“ ცა. ღამით ასევე იხსნება ანგელოსთა სასმენელნი, მათ უფრო უკეთესად ესმით და უფრო უკეთესად ააქვთ ლოცვა ზეცაში. სწორედ ამიტომ დამკვიდრდა საეკლესიო ტრადიციაში ის, რომ მონაზვნები ძირითადად ღამით ლოცულობენ“ [5].

ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში ყოვლადმოწყალე უფალმა  ჩვენ ღირსნი გაგვხადა იმისა, რომ პირადად გაგვეცნო დღეს უკვე ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელი. იგი მონასტერთან ოდნავ მოშორებით ცხოვრობდა. ხშირად მივდიოდით მის სანახავად მისსავე საცხოვრისში. მისი სახება არასდროს დამავიწყდება, მან ბევრ რამეზე ამიხილა თვალი ჩემი წარსულის შესახებ, სახელებით ახსენებდა ჩემი ოჯახის წევრებს და ასევე მან მომცა ერთი რჩევა-პასუხი ჩემი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვან ერთ-ერთ საკითხზე, რომელიც მე მაშინ მაწუხებდა. და ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ მე მისთვის ჩემი სახელის თქმაც კი ვერ მოვასწარი. სწორედ მაშინ, პირველად შევხვდი მას!

ვსაუბრობ რა ვატოპედზე, უამრავი მოგონება იჩენს თავს. იქ ჩემი პირველივე ყოფნისას განსაკუთრებით შემიყვარდა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი „მანუგეშებელი“ – „პარამითია“. მრავალ საათს ვატარებდი მის ეკვდერში. მახსოვს ყველაფერი, თუ როგორ გავენდვე და როგორ გამიზიარა თავისი მადლი! არასდროს უტკენია ჩემთვის გული! … მუხლმოდრეკილი ხშირად ვგალობდი მისი წმინდა ხატის წინ… 6].

ახლა, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, დილაა. თითქმის მოახლოებულია განთიადი. ცოტა ბულბულები, რომლებიც ზევით გამახსენა ბერმა იოაკიმემ და ცოტა ღამის ლოცვა მონაზვნებისა…! ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელო „მანუგეშებელო“! როგორც მაშინ, 1997 წლის დასაწყისში, როდესაც შენ პირველად შეგხვდი! ღირსი გამხადე მე უღირსი იმისა, რომ მთელი ღამე,  არ შევწყვიტო გალობა შენი წმინდა ხატის წინაშე: დააცხრენ ვნებანი მრავალცოდვილისა სულისა ჩემისანი, რომელმანცა პირისაგან ქუეყანისა ყოველნი მწუხარებანი აღხოცენ, რომელ კაცთა ვნებათა აოტებ და ცოდვილთა ჭმუნვასა განუქარვებ, რამეთუ შენ ხარ ყოველთა ტვირთ-მძიმათა სიმტკიცეჲ და სასოებაჲ, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო!“[7].

შინაარსი
სანიშნეები