ჯვართაღმართება

26 April 2015

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო  ეკლესია აღდგომიდან მესამე კვირას აღნიშნავს ჯვართაღმართების დღესასწაულს. ეს დღე დააწესა მოციქულთასწორმა წმიდა ნინომ და პირველმა ქრისტიანმა მეფემ წმიდა მირიანმა, გადმოცემით წმიდა ნინოს მითითებით და ეპისკოპოს იოანეს ლოცვა-კურთხევით მეფე მირიანმა დაამზადებინა სამი ხის ჯვარი, რომელიც დაბრძანებულ იქნა სვეტიცხოვლის ტაძარში. წმიდა ნონომ აღდგომიდან მესამ კვირა დღეს სასწაულებრივი ჩვენებით იხილა ვარსკვლავთგვირგვინი, რომელიც დაადგა სვეტიცხოვლის დიდებულ ხის ტაძარს, ვარსკვლავთგვირგვინს  გამოეყო ორი ვარსკვლავი, ერთი წავიდა დასავლეთით და დაადგა თხოთის მთას (ადგილი, სადაც მეფე მირიანს აეხილა სულიერი თვალი), მეორე ვარსკვლავი წავიდა აღმოსავლეთით და დადგა ბოდბის (სადაც წმიდა ნინომ დაასრულა თავისი მიწიერი ცხოვრება) თავზე, ხოლო თვითონ გვირგვინი კი დადგა დღევანდელი მცხეთის ჯვრის მონასტრის ფერდის თავზე და დაიწყო ქვემოდან წყაროდან – ზევით მთისკენ მოძრაობა. ეს სასწაულებრივი ჩვენება გახდა დადასტურება იმ ადგილებისა სადაც ეს ჯვრები უნდა აღმართულიყო, სვეტიცხოვლის ძველი ხის ეკლესიიდან მცხეთის ჯვარი თვით წმიდა ნონომ სამეფო და სასულიერო დასთან ერთად წააბრძანა და აღმართეს  ჯვრის მონასტრის ადგილას, მეორე ჯვარი წმიდა მეფემ მირიანმა თავისი ხელით აღმართა თხოთის მთაზე, ხოლო მესამე ჯვარი კი წმიდა სალომე უჯარმელმა აღმართა მეფეთა ქალაქ უჯარმაში (წმიდა ნინოს მითითებით შეირჩა სამეფო ქალაქი უჯარმა, რადგან ბოდბე ისედაც მისი განსასვენებელი უნდა გამხდარიყო). როგორც საისტორიო წყაროები გვატყობინებენ ამ სამი ჯვარის აღმართვით დაეცნენ ყოველნი კერპნი ქართლისანი!

Xylogliptos Stavros (ergon G. Laskareos 1476) Moni Stavrovouniou

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა! ამინ!

 

შინაარსი
სანიშნეები