Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი პაისი მთაწმიდელი და ცხოველები | PEMPTOUSIA

ღირსი პაისი მთაწმიდელი და ცხოველები

29 April 2015

როგორც მოგეხსენებათ 2015 წლის 13 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა ბერი პაისი მთაწმინდელი ოფიციალურად აღიარა წმიდანად. კომენტარის ნაცვლად ჩვენ მოვიყვანთ ნაწყვეტებს შესანიშნავი წიგნიდან „ბერი პაისი მთაწმინდელის ცხოვრება“, რომელიც ეკუთვნის ყოვლადნეტარ მღვდელმონაზონს ისააკს (გვ. 549-552), სადაც კარგად ჩანს წმიდანის შერიგება შესაქმისთან.

ბერ პაისს მიმადლებული ჰქონდა ნიჭი იმისა, რომ ურთიერთობა ჰქონოდა გარეულ ცხოველებთან ისე, რომ მათ მისთვის არანაირი ზიანი არ მიეყენებინათ, როგორც ეს ხდებოდა მაგალითად, დაცემამდე ადამისა და ასევე მრავალი წმიდანის შემთხვევაში.

გარეული ცხოველები გრძნობდნენ წმიდანის დიდ სიყვარულს, გარდა ამისა ისინი ბერში ადამიანის დაცემამდე არსებულ სისუფთავეს ხედავდნენ. ცნობილია ის, რომ როდესაც ადამიანი აღიდგენს თავის პირველყოფილ და დაცემამდე არსებულ სიკეთეს, მას უბრუნდება დაკარგული ღმრთაებრივი მადლი, იგი ხდება შესაქმის ბრძანებელი და მართავს ცაში არსებულ ყველა ფრინველს და დედამიწაზე მყოფ ყველა ქვეწარმავალსა და გარეულ ცხოველს. სწორედ ამ დროს ხდება შერიგება შესაქმისთან, ასე წმიდა მამები ჩვეულებრივ ადამიანის დაცემამდე არსებულ მდგომარეობას უწოდებენ. „რა მდგომარეობაშიც ადამი იმყოფებოდა შემოქმედთან, სანამ იგი დაარღვევდა მის მცნებებს…“[1].

Osios Paisios 11

ბერი პაისი ასე ამბობდა: „იმ წუთიდან, როდესაც ადამიანი სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდება, მას ყოველივეს სიყვარული შეუძლია, როგორც ადამიანების, ისე – გარეული ცხოველებისა და მხეცების. მის არსში ყოველივე ეტევა, ხოლო თავად ის კი თავისი სიყვარულიდან გამოდის“.

„ვხედავ მხეცს და ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა მეც ერთი ასეთი მხეცი ვყოფილიყავი. ღმერთია სახლის პატრონი და მას შეეძლო მე მხეცად გავეჩინე. როდესაც მხეცის ადგილზე წარმოვიდგენ თავს, მაშინ მათ შეყვარებას შევძლებ და   თვით გველებიც კი შემეცოდება.  ეე, განა კი მომეწონებოდა მე გველი რომ ვყოფილიყავი, ცოტა ხნით მზის სინათლეზე გასათბობად გამოვსულიყავი, ამ დროს მოსულიყო ვინმე სხვა და ჩემთვის დაერტყა, მერე კი თავი გაეჭეჭყა? გარეულ ცხოველებს ღმრთიური სიყვარული ინფორმაციას აწვდის. მხეცს შეუძლია ერთმანეთისაგან განასხვაოს ადამიანი, რომელსაც ის უყვარს და მონადირე, რომელსაც მისი მოკვლა სწადია. იმ ადამიანს, რომელსაც ის უყვარს, მიუახლოვდება, რადგან მისი არ ეშინია. მეგონა, რომ ასე ემართებოდა ყველა გარეულ ცხოველს, გველების გარდა. თუმცა, რაღაც დროის შემდეგ დავრწმუნდი, რომ  გველებსაც იგივე ემართებათ. თვით გველგესლასაც კი ასე მოსდის, რომელიც სხვა გველებისგან ისე განსხვავდება, როგორც მაგალითად თხა და ბატკანი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან“.

ერთხელ, ბერ პაისს ერთმა დიაკონმა ჰკითხა: „ღერონდა, გავიგე გველი გყოლიათ და ეს მართალია?“. მან კი ასე უპასუხა: „კი, დიაკონო, გველები (ვნებები) აი, აქ მყავს ჩემს გულში და როდესაც სულიერი მოძღვარი გახდები, მოდი ჩემთან, რომ ისინი გაჩვენო (ანუ ახსარება ჩაგაბარო)“.

                                                                      ***

ბატონი გიორგი პაპათემისტოკლეუსი კონიცადან შემდეგს წერს: „თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მივდიოდით სტომიოს მონასტერში, თითქოსდა ჩვენ რაღაც ამოუხსნელი ძალა გვეგაჩებოდა მამა პაისთან ახლოს. სწორედ იქ ვპოულობდით სიმშვიდეს, მის გვერდით მშვიდდებოდა ჩვენი სული. ამასთან ერთად, მას ვეხმარებოდით სხვადასხვა სამუშაოს შესრულებაში. ერთ-ერთ ასეთ დღეს, მამა პაისმა მე გამაგზავნა საწყობში, რომელიც ზუსტად მონასტრის მთავარი შესასვლელის შემდეგ მდებარეობდა, რომ იქიდან წერაქვი და ნიჩაბი მომეტანა.

– გიორგი, არ შეგეშინდეს, რომ იქ შიგნით ორი პატარა გველია, საშიში არაა,- ასე მითხრა.

გზა განვაგრძე მისი დავალების შესასრულებლად, თუმცაღა ჩემ წინ ორი უზარმაზარი ანკარა დავინახე, რომლებიც სამუშაო იარაღებისკენ დაიძრნენ.  შეშინებულმა უკან-უკან გადავდი ნაბიჯი და მზად ვიყავი, რომ  გავქცეულიყავი, მაგრამ ბერის გაძვალტყავებულმა, მაგრამ ძლიერმა ხელმა შემაჩერა, თან კი გველებს მიმართა მშვიდი და წყნარი ხმით: „წადით თქვენს კუთხეში, ვერ ხედავთ, რომ გიორგის თქვენი ეშინია!“.

„თურმე, მამა პაისი უკან გამომყოლია, რადგან მიმხვდარა, რომ გველების ხილვა ჩემში შიშს გამოიწვევდა. მოვტრიალდი, რომ მისთვის შემეხედა, თუმცა ჩვენი მზერა ერთმანეთს ვერ შეხვდა. მისი თვალები მიწას დასცქეროდა. სანამ ვცადე რაიმე ამომელუღლუღებინა, მოვიხედე და უკვე წასული დამხვდა, შორს იყო უკვე, როგორც ეს მას ჩვეოდა ქარივით“.

„ერთხელ, სხვა დროს, როცა მონასტრის სამზარეულოში შევდიოდი, გავიგე, თუ როგორ ეუბნებოდა მამა პაისს ერთი მისი ძველი მეგობარი (თანაკლასელი):

– ნება მომეცი მამაო, რომ ვესროლო,- და მან ამ სიტყვებთან ერთად შემართა თავისი სანადირო იარაღი. უტკბილესმა ბერმა კი თავისი მშვიდი და წყნარი ხმით მიუგო:

– არა, იანი, მას ჯვარი აქვს შუბლზე,

დავიხარე და ფანჯარაში გავიხედე, ვხედავ კურდღელი უშფოთველად ძოვს ბალახს, ხოლო  შუბლზე კი შავი ჯვარი აქვს გამოსახული.

მამა პაისი კურდღლებს ისე ეძახდა, როგორც ჩვენ – კატებს, მათ არ ეშინოდათ მასთან ერთად ცხოვრების“.

სწორედ ეს ზემოთხსენებული კურდღელი, ერთხელ, მამა პაისმა ლობიოს კვლებში დაიჭირა, მას ჯვარი გამოსახა შუბლზე და გააფრთხილა თავისი სიძე – ვასილი და ასევე სხვა მონადირეები, ყურადღებით ყოფილიყვნენ, რომ ეს კურდღელი არ მოეკლათ.

                                                                      ***

ერთხელ, დათვის ორი პატარა ბელი შემოსულა სტომიოს მონასტრის ეზოში.  ბერ პაისს ისინი კისრით დაუჭერია და მათთვის ასე უთქვამს: „სხვა დროს შიგნით მონასტერში აღარ შემოხვიდეთ. უკანა მხრიდან – სამზარეულოს მხირად მოდით ხოლმე, რომ რაიმე გაჭამოთ“ და ისინი ამ ადგილისკენ  წაუყვანია (ეს ამბავი ორ კონიცელს მოუყოლია სტომიოს მორჩილი პავლესათვის).

                                                                       ***

კვიპროსელი მომლოცველი მ. ს. შემდეგ ამბავს მოგვითხრობს: „პანაღუდაში“ კვიპროსელთა ჯგუფი ჩავიდა იმისათვის, რომ მათ ღირსი პაისი ენახათ. მამა პაისმა მათ სთხოვა ლაჰათ-ლუხუმები აეღოთ. როგორც კი მომლოცველებმა ყუთს სახურავი ახადეს, სახე შეეჭმუხნათ, ერთი მეორეს გადახედეს და ჩურჩული დაიწყეს. ყუთი ჭიანჭველებით იყო სავსე. ჩანს, რომელიღაც მომლოცველმა ყუთს სახურავი კარგად არ დაახურა და ყუთი ჭიანჭველებით აივსო, თუმცაღა ბერ პაისს ყუთის სახურავზე წარწერა ჰქონდა გაკეთებული, რომ სახურავი კარგად დაეფარებინათ. იმდენი ჭიანჭველა იყო  მოგროვილი, რომ ლაჰათ-ლუხუმები მთლად გაშავებულ იყო და არც კი ჩანდა.

როგორც კი ბერი პაისი მიხვდა, თუ რაში იყო საქმე, მან თვალი შეავლო ყუთს, მაშინვე ბუნებრივად აიღო ერთი ლაჰათ-ლუხუმი და განზე გადადო. მერე კი თბილად, თუმცაღა სერიოზულად, და გარკვეულწილად კატეგორიულადაც მიმართა ჭიანჭველებს: „ეს თქვენი იყოს. წადით და ჭამეთ, დანარჩენი კი დაუტოვეთ ადამიანებს, რომ მათაც მიირთვან“.

საოცარი ის არის, რომ ჭიანჭველები დაწყნარდნენ, მერე კი ყველა მათგანი გადმოვიდა ყუთიდან და თავიანთ კუთვნილ ლაჰათ-ლუხუმთან მოიყარა თავი“.

                                                                     ***

მონაზონ ალვიპი წმიდაანელის მონათხრობი: „თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც ბერი პაისი გავიცანი. ღმრთის მადლით მონაზვნად აღვიკვეცე ყუთლუმუშის წმიდა მონასტერში. ყოველ დღე მივდიოდი და მამა პაისს ვნახულობდი. გაგონილი მქონდა მისი სასწაულების შესახებ და სურვილი დამებადა, რომ ერთი მისი სასწაული მეც მენახა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მქონდა ასეთი გულისთქმა.

ზამთრის ერთ დილას, ნოემბრის დასაწყისში, მის სანახავად წავედი. დავინახე, რომ გარეთ იყო და პატარა კასრში ხელებს იბანდა. მარტო იყო. კარი გამიღო და მითხრა, რომ დავლოდებოდი. პატარა კასრიდან ერთი  ვერცხლისფერი ფოლგა ამოიღო, გაშალა და ზეცისკენ დაიწყო ყურება. ჩვეულებისამებრ ამ დროს არც ერთი ჩიტი არ არის ხოლმე ცაში, მიუხედავად ამისა, მაშინვე თავი მოიყარა ჩიტების გუნდმა. საიდან გაჩნდა ასე უეცრად ამდენი ჩიტი! ზოგიერთი მის თავზე ჩამოჯდა, ზოგიც – მის მხრებსა და ხელებზე. მამა პაისი კი მათ აჭმევდა. ამგვარი სანახაობა, რომ ვიხილე, უეცრად ავღელდი, ემოციებისაგან გულმა სწრაფად დამიწყო ბაგა-ბუგი და სიცილი ამივარდა.  ბერი პაისი კი იღიმებოდა და ჩიტებს ეუბნებოდა: „მასთანაც მიდით“, ისე ესაუბრებოდა, თითქოსდა ადამიანები ყოფილიყვნენ. ერთ ჩიტს, რომელიც მის ხელზე იჯდა, უთხრა: „მიდი მასთანაც, ჩვენიანია ეგეც“.

ყოველივე ეს დაახლოებით ორ წუთს გრძელდებოდა. უეცრად მამა პაისმა მოკეცა ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდი და ჩიტებიც მაშინვე გაუჩინარდნენ. გაოგნებული ვიყავი და მამა პაისს შევცქეროდი. „ახლა კი წადი“, ბოლოს მან ასე მითხრა“.

1. კირილე სკითოპოლიტუ, წმიდა ევთიმე დიდის ცხოვრება, თავი მე-13, გვ. 23, გამომცემლობა Schwartz Ε, Leipzing, 1993.

წყარო: მართლმადიდებლური უწყება, მართლმადიდებლური ტრადიციების საერთოკვიპროსული გაერთიანება „ათონის წმიდა მთის მეგობრები“.

შინაარსი
სანიშნეები