Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მოშურნეობისა და ავმეხსიერების შესახებ | PEMPTOUSIA

მოშურნეობისა და ავმეხსიერების შესახებ

30 April 2015

1. წმიდა სათნოებანი იაკობის კიბის მსგავსნი არიან, ხოლო ვნებები იმ ბორკილებს მიემსგავსებიან, პეტრე მოციქულს ხელებიდან რომ დასცვივდა. ერთმანეთთან კავშირით სათნოებანი მსურველს ზეცამდე აღამაღლებენ, ხოლო ერთი ვნებიდან მეორე იშობა და გაძლიერებულნი ჯოჯოხეთში მიუძღვებიან. და როგორც ახლა მრისხანებისგან ვისმინეთ, მისი ერთ-ერთი ნაშობი არის სწორედ ავმეხსიერება: ამიტომ თანმიმდევრულად ახლა მასზე ვილაპარაკებთ.

2. ავმეხსიერება მრისხანების აღსრულებაა, ცოდვის შენახვა, სიმართლის სიძულვილი, სათნოებათა დაღუპვა, სულის მომაკვდინებელი გესლი, გონების მატლი.

3. ლოცვის შემარცხვენელი, ვედრების უარყოფა, სიყვარულისგან გაუცხოება, სამსჭვალი სულში, უამური გრძნობა, მწარე სიტკბოება, რომელიც მხოლოდ მრისხანეთათვის საყვარელი, გამუდმებით ცოდვა, მარადიული დარღვევა რჯულისა, ყოველწამიერი გაბოროტება.

4. ავმეხსიერება ეს ბნელი და საძაგელი ვნებაა, ერთი იმათგანი, რომელიც იშობა და თავად არ შობს, ან შობს კიდეც. ჩვენ მასზე ბევრის თქმა არ გვაქვს განზრახული ვინც მრისხანებას განუდგა, მან ავმეხსიერებაც მოაკვდინა, რადგან ვიდრე მამა ცოცხალია, მანამდე იგი შვილებსაც შობს.

5. ვინც სიყვარული მოიპოვა, ის შუღლს განერიდა. მოშუღარი ხომ უდროოდ ტვირთულობს შრომას.

6. სიყვარულის ტრაპეზი სიძულვილს ამარცხებს. გულწრფელობის ნიჭი სულს ამსუბუქებს. მაგრამ უყურადღებო ტრაპეზი კადნიერების დედაა.

7. სიყვარულის სარკმლიდან ნაყროვანება შემოიჭრება.

8. ვნახე, რომ სიძულვილმა არაწმიდა სიყვარულის ხანგრძლივი ბორკილი დაამხო; ხოლო ავმეხსიერებამ ამ ბორკილებს ხელახალი აღდგენის ნება აღარ მისცა. საოცარი სანახაობაა! ეშმაკი ეშმაკს განსდევნის. იქნებ ეს ეშმაკის კი არა – ღმრთის წინაგანგებულების საქმეა?

9. ავმეხსიერება მყარი, ბუნებრივი სიყვარულისგან მეტად შორს დგას, მაგრამ სიძვას მასთან დაახლოება ეხერხება და მტრედში დამარცხებული სიძვის მატლი გამოჩნდება.

10. ავმეხსიერო, ეშმაკების შესახებ გახსოვდეს ავი და როცა იბრძვი, განუწყვეტლად ებრძოლე საკუთარ ხორცს.

11. რადგან ხორცი მლიქვნელი და უმადური მეგობარია, რაც მეტს ვაამებთ – მით მეტს გვავნებს.

12. ავმეხსიერება წერილის ცბიერი განმმარტებელია, რომელიც სულიწმიდის სიტყვას თავისი გონებით ხსნის.

13. იესოს მოძღვნილ ლოცვასაც კი შეარცხვენს იგი ჩვენს წინაშე, რადგან ავმეხსიერების გამო წარმოთქმას ვეღარ შევძლებთ.

14. როცა დიდი მცდელობის მიუხედავად გულიდან ამ ეკლის ამოთხრას მაინც ვერ შეძლებ, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც შეინანე და დაიმდაბლე თავი მათ წინაშე, ვისზეც მრისხანებ, რადგან თანდათანობით მათდამი გამოვლენილი ამ თვალთმაქცობისა შეგრცხვეს და სინდისისგან მხილებულმა მართლაც შეძლო მათი შეყვარება.

15. მაგრამ მაშინ კი არ შეიტყობ, რომ ამ მწვირესაგან მთლიანად გათავისუფლდი, როდესაც შეურაცხმყოფელთათვის ილოცებ, ან ბოროტებაზე სიკეთით უპასუხებ, ან ტრაპეზზე მოიწვევ, არამედ მაშინ, როდესაც მის სულიერ ან ხორციელ სნეულებას შეიტყობ და ეს ამბავი ისე დაგამწუხრებს, როგორც საკუთარი უბედურება.

16. დაყუდებული ავმეხსიერი სოროს შეფარებული ასპიტია, რომელსაც სასიკვდილო შხამი მუდამ თან დააქვს.

17. იესო ქრისტეს ვნებათა მოხსენება ავმეხსიერებისგან განგკურნავს. რადგან მისი არაავმეხსიერება მოაკვდინებს შენს ავმეხსიერებას.

18. შიგნიდან დამპალ ხეში მატლი ჩნდება; ხოლო მოჩვენებითად მშვიდ და უშფოთველ ადამიანებში, სინამდვილეში ასეთები რომ არ არიან, განგრძნობილი რისხვა მალავს თავს.

19. ვინც მრისხანებას აღმოფხვრის გულიდან, ის ცოდვათა მიტევებას მიიღებს, ხოლო ვინც მას შეიწყნარებს, ღმრთის მოწყალებას მოაკლდება.

20. ზოგიერთმა საკუთარ თავზე შრომა და ღვაწლი იტვირთა, რათა მიტევება მიეღო. ხოლო ის ადამიანი, ვინც ბოროტს არ იხსენებს, მათზე წინ წავა: მიუტევეთ მცირედ და მოგეტევნეს თქუენ მრავალი ცოდვანი (ლუკ. 6.37) – ამბობს უფალი.

21. არაბოროტმეხსიერება ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია. ხოლო, ვის სულშიც ავმეხსიერება იმალება და ჰგონია, რომ სინანულის სათნოებას აღასრულებს, ის იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც სიზმრად ეჩვენება, რომ გარბის.

22. მე მინახავს ავმეხსიერნი, სხვებს წყენის დავიწყებას რომ უქადაგებდნენ, მერე საკუთარი სიტყვისა შერცხვათ და ამ ვნებისგან გათავისუფლდნენ.

23. არავინ იფიქროს, რომ ეს ბნელი ვნება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ის ხშირად სულიერ მამათა შორისაც მალავს თავს.

წყარო: ღირსი იოანე სინელი ”კიბე ანუ კლემაქსი” სიტყვა 9 მოშურნეობისა და ავმეხსიერების შესახებ

შინაარსი
სანიშნეები