ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიქრებს
2 May 2015ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიქრებს. თქვენი ყურადღება ძირითადად თავმდაბლობისკენ უნდა იყოს მიმართული, ვინაიდან იგი აცხოვნებს ადამიანს. თავმდაბლობა, ეს არის უმთავრესი ყველა სულიერი მისწრაფების მიზანი.
ჩვენ ბევრი რამ გვამწუხრებს, მაგრამ ამასთან ნეტარია ის ვინც მოთმინებითა და მადლიერებით განვლის ხანმოკლე ცხოვრების მწუხარებებს.
ყურადღებით იყავი, შვილო, რომ არ განიკითხო არავინ, ვინაიდან მოყვასის განმკითხველს უფალი სამაგიეროს მიაგებს და დაუშვებს მის დაცემას, რათა ისწავლოს თანაგრძნობა ცოდვილი ძმის მიმართ.
ჩვენ ყველას ღმრთის მოწყალება გვასულდგმულებს და როცა ამპარტავნობა გვიპყრობს, ღმრთის მადლი გვშორდება და ყველაზე უარესად ვცოდავთ.
სხვა არის განიკითხავდე და სხვა არის ებრძოდე განკითხვას, რადგან სხვისი განკითხვა საშინელი ვნებაა, ხოლო განკითხვასთან ბრძოლა და შეწინააღმდეგება ღმრთისგან გვირგვინით ჯილდოვდება.
ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგანაც ამით არღვევთ სახარებისეულ კანონს, ვინაიდან „ყოველმან შჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო საშჯელი კუალად-გებისა“. „შენ ვინ ხარ, რომ განიკითხავ სხვისა მონასა?“ ვერ ხედავთ, რომ სხვისი განმკითხველი ამპარტავნობს? „ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი დამდაბლდეს“ უფლისა მიერ, როცა იგი ცდუნდება.
ადამიანმა სხვისი სისუსტეები უნდა მოითმინოს. ვინ არის სრულყოფილი? ვის შეუძლია დაიქადნოს, რომ გული სიწმინდით შეუნახავს? ჩვენ ყველანი სნეულნი ვართ და თუ ვინმე მოყვასს განიკითხავს, მაშასადამე ვერ გრძნობს საკუთარ სნეულებას, ვინაიდან სნეული სნეულს არასოდეს განიკითხავს.
განკითხვა დიდი ცოდვაა, ისევე როგორც მოყვასის სისუსტეების მოუთმენლობა.
გიყვარდეთ, იყავით მომთმენნი, ამტანნი, ნუ გაბრაზდებით, ნუ განრისხდებით, მიუტევეთ ერთმანეთს, რათა მიემსგავსოთ ქრისტეს და ღირსი გახდეთ ღმრთის სასუფეველში მის სიახლოვეს დამკვიდრებისა.
ფილოთეოსის წმიდა მონასტრის ბერი ეფრემი
სანუგეშო სწავლებები წმინდა მამათა მიხედვით.
გამომცემლობა „სკა მართლმადიდებლობისა“
წყარო: იმპანტოკრატოროს