უფლის ამაღლების შესახებ

21 May 2015

როგორ ამაღლდა უფალი მიწიდან ზეცად? ეს კითხვა გაწუხებს? ასე თქვი: უფალი თავისი მიწიერი სამეფოდან ზეციურ სამეფოში ღმრთიური ძალით ამაღლდა და ამით დამშვიდდი. რადგანაც, თუკი შენ უფლის ყველა საიდუმლოს განცდას დაიწყებ, სხვა მრავალი კითხვა შეგაწუხებს: როგორ იშვა იგი? როგორ დადიოდა წყლის ზედაპირზე? როგორ განდევნიდა ეშმაკეულს და ჰკურნავდა ადამიანებს? როგორ იცვალა ფერი, როგორ აღადგენდა მკვდრებს? როგორ აღსდგა თვით? პასუხი ყველა ამ კითხვაზე ერთია: ეს ყოველივე მისი საღმრთო ძალით იყო შესაძლებელი. მშვიდობა შენ და სიხარული!

ჩვენ არ ძალგვიძს, ჩავწვდეთ საიდუმლოებებს უფლისა, მაგრამ განსაკუთრებით ამისაკენ სწრაფვას არ ვურჩევთ მათ, ვისაც უფლის ნებისადმი სრულყოფილი ერთგულების, სიყვარულის, სიწმინდისა და მორჩილების სიმაღლემდე არ მიუღწევია. ორიგენე თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი იყო. ყოველგვარი საერო, თუ საღმრთისმეტყველო, ცოდნით აღჭურვილმა, მან გაბედა გამოეცადა უნატიფესი სულიერი საიდუმლოებანი და – ცდომილებაში ჩავარდა. ეკლესიამ კი განსაჯა მისი ცრუ სწავლება, წმიდა სვიმეონ სალოსმა მის შესახებ თქვა: „ორიგენე… ზღვაში შევიდა, იქიდან გასვლა ვერ შესძლო და ჩაიძირა“.

საკმარისია, ამაღლების შესახებ ვიცოდეთ ის, რაც სახარებაში წერია. იქ კი წერია: „და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათ მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად“ (ლუკ. 24,15). ასე რომ, როდესაც ლოცავდა ადამიანებს, იგი ზეცად მაღლდებოდა. ამგვარად, უფალმა ჩვენ უდიდესი პრაქტიკული სიბრძნე განგვიცხადა: მხოლოდ ლოცვით შევძლებთ ზეცად ამაღლებას. ლოცვით საკუთარ თავს ვამაღლებთ, ხოლო წყევლით კი ძირს ვანარცხებთ. რასაც გავცემთ, იმასვე ვიმკით. თუკი ვლოცავთ – ლოცვას, ხოლო თუკი ვწყევლით – წყევლას. ასე რომ კურთხევა ჩვენი სულიერი ამაღლების პირობაა.

ქრისტეს ამაღლებას გილოცავთ!

Agios Nikolaos Episkopos Achridos (Velimirovits)

წყარო: წმიდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) „მისიონერული წერილები“ (წერილი 125), თბილისი, 2005 წ

შინაარსი
სანიშნეები