Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღმრთისმშობელი და მთაწმიდის თანამედროვე ბერმონაზვნობა | PEMPTOUSIA

ღმრთისმშობელი და მთაწმიდის თანამედროვე ბერმონაზვნობა

16 June 2015

დედა ღმრთისმშობელი ჭეშმარიტად ყველაზე თავმდაბალი, უსპეტაკესი, ყოვლად მოკრძალებული, ყოვლად მშვიდი, უმშვენიერესი და უწმიდესი იყო დედამიწაზე. იგი იყო დედა ღმრთისა და ყოველი ადამიანისა. მისი სიმდაბლე ნამდვილი იყო, მისი სისპეტაკე – რჩეული, მისი მოკრძალება – მისი სამკაული, მისი მდუმარება – ყველაზე დიდ ქადაგებაზე მჭექარე. მისი სიწმინდე ყოვლად საჩინო და რეალური. მისი შეუბღალავი სიმდაბლე, მისი მთელი არსებით მარადქალწულობა, მისთვის დამახიასიათებელი მოკრძალება და მთელი ცხოვრება მისი უკიდეგანო მდუმარება ყველა ჩვენთაგანისთვის სამაგალითოა.

NEWICON resize _6[1]

ღმრთისმშობლის ღმრთის ნებისადმი სიხარულით მორჩილება სიყვარულსა და სიმდაბლეზე, შთაგონებასა და გამბედაობაზე მიგვანიშნებს. ეს არის ძალდაუტანებელი მოქმედება, ნებაყოფლობითი, ვინაიდან მას არ ძალუძს სხვანაირად იმოქმედოს.

დიდებულება სისუსტისა და მისი თავშეკავებულობა მას ხდიან დიდს, შესანიშნავს, ბრწყინვალესა და ერთადერთს. უქორწინებელი დედა წესისამებრ მხოლოდ ქვით ჩაქოლვას იმსახურებდა. იგი კი გულითადად ამბობს: დაე აღსრულდეს ნება არა ჩემი, არამედ ღვთისა („აჰა მხევალისა უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“).

ნაზარეთის ასულის უკიდურესი ნდობა ღმრთის ნებისადმი, რომელიც მას მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ემცნო, ბევრ რამეს გვეუბნება ჩვენ, ადამიანებს, რომლებიც არ მივენდობით უფალს და გვაქვს უამრავი ეჭვი მის მიმართ და მას პირობებს ვუყენებთ და ველით რაღაც სანაცვლოს. ასე არ არის?

ამაღელვებელია ღმრთისმშობლის პოზიცია ქორწილში გალილეის კანაში. იგი ჩვეულებისამებრ მდუმარებაშია. მაგრამ ერთ მომენტში, როცა იგი დაინახავს რომ ქორწილის სუფრაზე ღვინო აღარ არის, არღვევს ამ მდუმარებას და სთხოვს მის საყვარელ ძეს, წყალი ღვინოდ აკურთხოს, რათა მიწვეული სტუმრების სიხარული ნაკლულევან არ იქმნეს. უფალი იესო ქრისტე თავიდან თითქოსდა არ ისმენს მის სიტყვებს, ჩანს რომ ზღვარს ავლებს საკუთარ თავსა და დედა ღმრთისმშობელს შორის. საბოლოოდ უფალი ამ თხოვნას ასრულებს. მთაწმიდის სულიერი მამები ამბობენ, რომ რასაც დედა ღმრთისმშობელი თხოვს უფალს, იგი მას უსრულებს, ვინაიდან განსაკუთრებულად უყვარს იგი. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ღმრთისმშობელმა გალილეის კანაში მდუმარება დაარღვია. პირველად მან მდუმარება როგორც ცნობილია ხარების დროს დაარღვია და კიდევ მაშინ როცა თორმეტი წლის იესოს ტაძარში ეძებდა. მაშასადამე, კანაში იგი არღვევს მდუმარებას, რათა თავის ძეს სასწაულის მოხდენა სთხოვოს მოწვეული სტუმრების სიხარული რომ ნაკლულევანი არ იყოს. ამდაგვარად, იგი ადამიანთა სიხარულის მიზეზი ხდება, აკავშირებს რა იგი ადამიანებს მოწყალე, სასწაულთმოქმედ და მადლისმომცემელ უფალთან.

ღმრთისმშობლის სულიერი სილამაზე შესანიშნავად ჩანს მისი ძის ჯვარცმის დროსაც. მას სტკივა, მაგრამ სევდას არ მიეცემა, დამწუხრებულია, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ მოუცავს. საოცარი დედა – ისტერიების, წამოძახილების, გულის შეწუხების, ქალური ქმედებების გარეშე, რომელსაც არ სჭირდება ნუგეშინისცემა. მან კარგად იცის, რომ მისი ძე ნებაყოფლობით ეცმის ჯვარს, შეგნებულად ემორჩილება მისი ზეციერი მამის ნებას. იგი ტკვილის მისტერიას მის მეგობარ მდუმარებაში განიცდის. წინ არ აღუდგება მკაცრ ჯვარმცემელებს, არ ეძებს სამართალს ხელისუფალთაგან, ითმენს მომავლის იმედით და საკუთარ თავზე მაღლა დგება. რამდენ რამეს გვასწავლის იგი ტკივილის, უბედურების, უარყოფისა და დევნის დროს ჩვენს მოუთმენლობაში… სუსტი დედა ღმრთისმშობელი ხდება ძლიერი, უბრალო – გმირობის   სიმბოლო, სულმდაბლობასა და ანგარებაში მყოფთა გონებისათვის მიუწვდომელი დიდებულება.

Stavrosis 10

წმიდა იოანე დამასკელი, ჩვენი ეკლესიის უდიდესი დოგმატიკოსი ღმრთისმეტყველი ამბობს, რომ ღმრთისმშობელს ყოვლაწმიდა სამების თაყვანისცემის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ეს სიტყვები საკმარისია იმის წარმოსაჩენად, თუ რაოდენ დიდ პატივს მიაგებს ღმრთისმშობელს მართლმადიდებელი ეკლესია. რამდენად დიდ ნაკლულევანებაში არიან სინამდვილეში პროტესტანტები, რომლებიც მას საერთოდ არ სცემენ თაყვანს. დედა ღმრთისმშობელს ჩვენ ყოველთვის ქრისტესთან მივყავართ. უფალ იესო ქტისტეს შემდეგ დედა ღმრთისმშობელი ყველაზე მეტად უყვართ ჩვენს ეკლესიაში.  ათონის წმიდა მთაზე (მთაწმიდა) ღმრთისმშობლის თაყვანისცემა უმაღლეს საფეხურზეა.

წმიდა ათონი, წმიდა მთა, ღმრთისმშობლის ბაღი, როგორც მას საბედნიეროდ პირველად გამოჩენილი ბერის კესარიოს დაპონტეს ქსეროპოტამელის მიერ ეწოდა, ძველი ტრადიციის თანახმად ღმრთისმშობლის წილხვედრია. იგი ყველაზე მეტად პატივცემულია მთაწმიდაზე.  ბრძენი მთაწმიდელი მამის და ჩვენი ეკლესიის დიდი მამის გრიგოლ პალამას მშვენიერი სადიდებლის თანახმად, მასსავით მთაწმიდელად წოდებულ ღირს მამას, პეტრე მთაწმიდელს, როგორც დედა ღმრთისმშობელი დაპირდა, რომ იგი წმიდა მთის ბერების მფარველი, მცველი, მკურნალი, მზრუნველი და მეოხი იქნებოდა მისი ძის წინაშე. ეს დაპირებები დღევნდელმა მონაზვნებმაც უწყიან და რომლებიც შესაძლოა ძველი დროის მონაზვნებს რამოდენიმე წილად ჩამორჩებიან უბრალოებაში, მაგრამ მათ მუდამჟამ აქვთ სულიერი კეთილგანწყობა და ღმრთისმოსავნი არიან.

ჩვენი დედა ღმრთისმშობელი, როგორც უკვე ვთქვით, არ არის უბრალოდ ერთი კარგი, უბრალო, მოკრძალებული და მშვენიერი ქალი. იგი მხოლოდ განსაკურებულად მორწმუნე და ზნეობრივი პიროვნება კი არ არის, არამედ სურლყოფილი, ერთადერთი და ყოვლადწმიდაა. პირველმა ევამ ედემის საუცხოო ბაღში მორჩილების არ შესრულებით დაახშო სასუფევლის კარი. მეორე ევამ კი, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა, მორჩილების გზით გახსნა სასუფევლის კარი. და  ყოვლადქებული მახარობელი გახდა ჩვენი ცხოვნების თავი. ამიტომაც გულკეთილი ათონელი “კოლივადელი” ბერები, ღირსი ნიკოდიმოს მთაწმიდელით დაწყებული, აქებენ და ადიდებენ მას მშვენიერი სადიდებლებით და როგორც თვითდევნილნი მონასტრებს ღმრთისმშობლის ხარების სახელზე აშენებენ.

მთაწმიდის დიდი ლავრის, ვატოპედის და ფილოთეოსის მონასტრები ხარების სახელზეა აგებული, ისევე როგორც ქსენოფონტეს სკიტი და სხვა კელიები. ღმრთისმშობლის შობის სახელზეა ახალი სკიტის კირიაკონი (სკიტის მთავარი ტაძარი) და სხვა მრავალი კელიები, ისევე როგორც ნეტარი ბერი პაისის კელია, რომელსაც ღმრთისმშობელი განსაკუთრებულად უყვარდა. ღმრთისმშობლის მიძინების სახელობისაა ივერთა მონასტერი, სადაც ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება, ასევე პროტატის ყოვლადპატივცემული წმინდა ტაძარი და სხვა კელიები. ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზეა აგებული ხილანდარის წმიდა მონასტრის კათოლიკონი (მთავარი, საკრებულო ტაძარი).

Oigoumenia tou athos

წმიდა მთაზე ღმრთისმშობლის დაახლოებით 60 ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატია, მათ შორის ბიზანტიური ეპოქის, ახალი შექმნილებიც, ძვირფასი პერანგებით შემოსილი, მრავალი შემოწირულობებით, მოოქროვილ-მოვერცხლილი კანდელებით შემკული, რომლებსაც მუდმივად ეამბორებიან ღმრთისმოშიში მონაზვნები თუ ღმრთისმოსავი მომლოცველები. მათ წინაშე მუდამ იკითხება ბრწყინვალე დაუჯდომლები, პარაკლისები, შუაღამიანი ლოცვები ღმრთისმშობლის მიმართ, ნამდვილი თაფლის  კელაპტრები ანთია და კეთილსურნელოვანი საკმეველი იკმევა. მათ წინაშე აღევლინება ლოცვა-ვედრებანი, თაყვანს სცემენ მათ და მრავალგზის იდრეკენ მუხლს მეტანიებით. ამ ხატებს საოცარი ისტორიები აქვთ, ჩაწერილია მათთან დაკავშირებული სასწაულები, გარდამოცემები და მოწმობანი. მათ წინაშე ხან ფსალმუნები იკითხება, ხან კი სასულიერო საგალობლები იგალობება, სულიერი, გულის გასახარნი. მათ შორის აღსანიშნავია ღირსი ათანასე მთაწმინდელის დიდი ლავრის „იკონომისას“ და ღირსი იოანე კუკუზელისის „კუკუზელისას“ სახელით ცნობილი საგალობლები. ეს უკანასკნელი ის ცნობილი მგალობელი იყო, რომელსაც თავად დედა ღმრთისმშობელმა მისცა საზღაური მისი შესანიშნავი გალობისათვის. ვატოპედის სავანის „საკურთხევლისა“ (იგივე „ვიმატარისა“), ივერონის მონასტრის „კარიბჭის“ (იგივე „პორტაიტისა“),  ხილანდარის მონასტრის „სამხელას“ („ტრიხერუსა“), დიონისეს მონასტრის „დაუჯდომლის“, ყუთლუმუშის მონასტრის „ყოვლადმოწყალე მეოხი“, პანტოკრატორის მონასტრის მფარველის „გერონტისას“, დოქიარის მონასტრის „მსწრაფლშემსმენლის“, ფილოთეოსის მონასტრის „ტკბილი ამბორის“, წმინდა პავლეს მონასტრის „მირონმდინარის“, ქსენოფონტეს მონასტრის „ოდიგიტრიას“, კონსტამონიტის მონასტრის „ანტიფონიტრიას“, პროტატის „ღირს არსის“ და სხვა მრავალი ხატების საგალობლები… ათონელი ღირსი მამების ღმრთივსათნო ცხოვრებებში, რომლებსაც ერთ ტომში მოვუყარეთ თავი, ვხედავთ მუდმივ და ცოცხალ ურთიერთობას ღმრთისმშობელთან: ბერი გაბრიელ კარიესელი, რომელმაც პირველმა მოისმინა მთავარანგელოზის გალობა „ღირს არსი“, გაბრიელ ბერი ივერთა მონასტრიდან, რომელმაც გამოასვენა ზღვიდან კარიბჭის – პორტაიტისას მრავალ სასწაულთმოქმედი ხატი.

საბა ხილანდარის მონასტრიდან, რომელსაც იერუსალიმიდან ჩამოაქვს ღმრთისმშობელის ხატი „სამხელა“, დიონისე თავისივე სახელობის მონასტრის ამშენებელი, რომელსაც მოაქვს „დაუჯდმლის“ ხატი, ანტონი რუსის, ესფიგმენის მონასტრიდან ღმრთისმშობლის ბრძანებით რომ ჩადის თავის სამშობლოში რათა დარგოს ბერმონაზვნობის ხე და გაახაროს იგი, სიმონ მირონმდინარე, რომელსაც დედა ღმრთისმშობელი მიანიშნებს მისი დიდებული ტაძრის ასაშენებლ ადგილს, გრიგოლ პალამა, რომელიც ღმრთისმშობლის შუამდგომლობით ღმრთისგან  მრავალი ნიჭით დაჯილდოვდება, მათ შორის ღმრთისმეტყველების ნიჭით, რომლის საშუალებითაც იბრძოლა ღმრთისადმი მართლმადიდებლური რწმენისათვის“, მაქსიმე კავსოკალიველი, რომელსაც თავად დედა ღმრთისმშობელმა გზა გაუკვლია საოცარი მოღვაწეობისკენ. წმიდა ანას სკიტის ბერი გერონტი, რომელმაც ღმრთისმშობლის მინიშნებით სასმელი წყალი გადმოადინა იქ მოღვაწე მამებისათვის.

ღმრთისმშობლის თანამყოფობა მთაწმინდაზე თანამედროვე სათნო მამების ცხოვრებაშიც შეიგრძნობა. ახალსკიტელი ბერი იოაკიმე სპეციერისი ღმრთისმშობლის დაუჯდომლის კითხვისას მიიცვალა. რუს მოღვაწე პაპა-ტიხონს ღმრთისმშობლისგან საკუთარი გარდაცვალების დრო ეუწყა. კარულიზე მცხოვრები ბერი ფილარეტი კი ხშირად ამბობდა რომ იმ ხრიოკ ადგილას თავად დედა ღმრთისმშობელი აძლებინებდა მას. გამოცხადების (ფანერომენოდ წოდებული) კელიის მკვიდრის ბერ ევლოგის თქმით, ღმრთისმშობელმა იგი წმინდა მთაზე თავად მოიყვანა თავისი სოფლიდან. წმიდა ანას სკიტის ბერის მამა იოაკიმეს თქმით კი (რომელსაც პაპა-იოაკიმეს ეძახდნენ)  მას ღმრთისმშობლის კალთის მფარველობით მალული ნუგეში მიეცა იმდენად გრძელი წვერის სახით, რომ იგი მიწას სწვდებოდა. წმიდა გრიგოლის მონასტრის იღუმენმა ათანასემ თავისი კელიის დედა ღმრთისმშობლის ხატი მრვალგზის ამბორისყოფით ლამის „შეჭამა“. ნეტარ ბერ იერონიმეს სიმონოპეტრას მონასტრიდან დედა ღმრთისმშობლის სახელის ხსენებისას და გაგებისას თვალს ცრემლი მოადგებოდა. ყველასთვის ცნობილი ბერი პაისი მთაწმინდელის თქმით კი დედა ღმრთისმშობელი ზუსტად ისეთია, როგორიც არის იგი იერუსალიმის ხატზე გამოსახული. მამა ეფრემ კატუნაკელმა ერთ-ერთი შეხვედრისას ასეთი რამ თქვა: „მოვიდა დედა ღმრთისმშობელი და მეამბორა“. მამა ეფრემს მისი ბაგეებიცა და ხმაც შეუგრძვნია. აი ეს არის ჩვენი რწმენა. ცოცხალი რწმენა. ასეთია ჩვენი ღმრთისმშობელი. და ამის შემდეგ კიდევ არის საჭირო დიდაქტიკური ეპილოგი ან სულიერი დასკვნის გაკეთება? მხოლოდ ერთი რამ მინდა დავამატო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ შესაძლებლობის მოცემისათვის, ჩემო საყვარელნო, რომ კვლავ დავკავებულიყავი დედა ღმრთისმშობლის უწმიდესი პიროვნებით. თანამედროვე მთაწმიდის მონაზვნობა ნამდვილად, ჭეშმარიტად, მუდმივად და უსასყიდლოდ ღმრთისმშობლის მოთაყვანეა.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ჟურნალი „საკურთხევლის კარი“, ტომ.1, 49-52 გვ.

შინაარსი
სანიშნეები