Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სულიერი ცხოვრების სიხარული ღირსი მამის, პორფირი კავსოკალიველის სწავლების მიხედვით | PEMPTOUSIA

სულიერი ცხოვრების სიხარული ღირსი მამის, პორფირი კავსოკალიველის სწავლების მიხედვით

2 July 2015

გთავაზობთ არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორ ბ-ნ ანესტი კესელოპულოსის რამდენიმე სტატიას სულიერი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ, რომელიც აღირსი პორფირი კავსოკალიველის სწავლებებიდან გამომდინარეობს. ვინაიდან ეს სტატია დაწერილია მის წმიდანად შერაცხვამდე, ღირსი პორფირი მოიხსენება როგორც „მამა პორფირი“ ან „ბერი პორფირი“.

Osios porfirios 01

სულიერი ცხოვრება მამა პორფირის სწავლების მიხედვით

როდესაც საუბარია ხოლმე – თუნდაც ჟურნალისტიკაში – სულიერი ცხოვრებისა და სულიერი ადამიანების შესახებ, ჩვეულებისამებრ, მრავალი ადამიანის ფიქრი უმაღლეს საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებამდე მიდის და მათ იმ პიროვნებებს უკავშირებს, რომლებმაც წარმატებით უნდა წარმოაჩინონ საკუთარი თავი პროფესიულ სფეროში, მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში. ამ შემთხვევაში საუბარია ხოლმე „სულიერებაზე“ და ამ აბსტრაქტული ცნების მიღმა განსაზღვრული გონებრივი შესაძლებლობები ან იდეოლოგიებისა და მსოფლაღქმის სისტემების მიმართ ზოგიერთი ადამიანის ლტოლვა მოიაზრება.

ამ სტატიის სათაურმა, საკითხისადმი ამდაგვარი მიდგომით, შესაძლოა გაგაკვირვოთ, რადგან იგი ისეთ ადამიანს ეძღვნება, რომელსაც დაწყებითი სკოლის მხოლოდ პირველი კლასი აქვს დამთავრებული და რომელიც არასდროს არ დაკავებულა იდეოლოგიებით, გონებრივი საქმიანობით, არც კულტურითა თუ მწერლობით. მეორეს მხრივ, ეკლესიის მამები სულიერ ადამიანს ისეთ ადამიანად მოიაზრებენ, რომელიც  „სულის ენერგიას“ ფლობს [1], მაშინ, როცა აღნიშნავენ, რომ სულიერი ადამიანი „სამი ელემენტისგან: ზეცათა სულიწმიდის მადლის, ლოგიკის მქონე სულისა და მიწიერი სხეულისგან შეიქმნა“ [2], რომელიც ასევე სულიერი ხდება, როდესაც სულიწმიდის მადლში მონაწილეობს.

თუკი ვინმე პირადად არ იცნობდა მამა პორფირის, მაგრამ წაიკითხავდა წიგნს მის შესახებ, სახელწოდებით: „მამა პორფირი კავსოკალიველი “ცხოვრება და ქადაგებები“ [3], ადვილად დაასკვნიდა, რომ იგი წმიდა მამათა დარი სულიერების მქონე ადამიანი იყო და რომ მისი სწავლება საიმედო წინამძღოლია ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებაში. თუმცა ვერც ამ წიგნის შინაარსი და ვერც თავად სულიერი ცხოვრება უბრალო თხრობის ჩარჩოებში ვერ მოექცევა. ამიტომ, ჩვენ ამ საკითხის შესახებ რამდენიმე უბრალო შენიშვნასა თუ მინიშნებას წარმოგიდგენთ. ვითვალისწინებთ რა გამოთქმას, რომ „ჰომეროსი ჰომეროსის მიერვე განიმარტება“, შევეცდებით, გადმოგცეთ მამა პორფირის სიტყვის არა მხოლოდ ავთენტურობა, არამედ მისი სულიც.

მამა პორფირი არ განარჩევს ადამიანის სულიერ ცხოვრებას ზოგადად ადამიანის ცხოვრებისგან, იგი არ ავლებს ზღვარს მათ შორის, ისე როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას. იგი თავად ზნეობრივად უნაკლო ადამიანია, ამიტომაც იგი უარყოფს ადამიანის ცხოვრების ნებისმიერი სახის ურთიერთგამიჯვნას. ამგავრად, იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლოცვისა და წმიდა წერილისადმი, ჰიმნოგრაფიული კანონებისა და საეკლესიო ტროპარების კითხვისადმი ინტერესს, ამავდროულად ყურადღებას გვიმახვილებს ქალაქგარეთ გასვლასა და ღია ცის ქვეშ სეირნობაზე, ბაღის დამუშავებასა, მცენარეების, ყვავილებისა და ხეების მოვლაზე. მას ასევე მიაჩნია, რომ „ხელოვნებითა და მუსიკით და ა.შ. დაკავება ძალიან სასარგებლოა“. მისი აზრით, ეს ყოველივე ზემოთქმული „წამალივით“ მოქმედებს და ადამიანის გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს [4].

იგი სულიერად უნაკლო და უმწიკვლო ადამიანია და ამიტომაც სურს, რომ სხვებიც სულიერად უნაკლო და ბედნიერები იყვნენ. ამიტომაც იგი ყველაფერს და მთელს სამყაროს უდიდესი სიყვარულისკენ მავალ, ქრისტესთან მიმყვან გზად მიიჩნევდა „ყველაფერი წმიდაა, ზღვაც, მასში ბანაობაც და საჭმელიც. ყველაფერი გიხაროდეთ. ჩვენ ყველაფერი გვამდიდრებს, ყველაფერს დიდი სიყვარულისკენ მივყავართ, ყველაფერს ქრისტესთან მივყავართ“ [5].

როდესაც მამა პორფირი სულიერი ცხოვრების შესახებ საუბრობდა, მაგალითად არ მოჰყავდა ის, რაც საიდანმე ამოეკითხა, არამედ ის, რაც მას პირადად ჰქონდა გამოცდილი. ამიტომაც მისი სიტყვები დამაჯერებელი იყო, ვინაიდან ისინი მის ცხოვრებისუელ გამოცდილებასა და ამ ქვეყნად ყველაზე დიდ და უმნიშვნელოვანეს ფიგურასთან, რომელიც უზენაესია, იესო ქრისტესთან მის პირად ურთიერთობას ემყარებოდა. იგი ყოველთვის ამბობდა: „როდესაც ქრისტეს იპოვი, ეს საკმარისია შენთვის, სხვა არაფერი გსურს, წყნარდები, სხვა ადამიანი ხდები. ცხოვრობ ყველგან, სადაც ქრისტეა. ცხოვრობ ვარსკვლავებზე, უსასრულობაში, ზეცაში ანგელოზებთან, წმიდანებთან ერთად, მიწაზე ადამიანებთან ერთად, მცენარეებთან, ცხოველებთან, ყველასთან და ყველაფერთან ერთად.

სადაც ქრისტესადმი სიყვარულია, იქ მარტოობა არ არსებობს. ხდები მშვიდი, სიხარულით აღსავსე, სრული. არც დარდი, არც ავადმყოფობა, არც წნევა, არც სტრესი, არც მოწყენილობა, არც ჯოჯოხეთი. ქრისტე შენს ყველა ფიქრშია, შენს ყველა საქმეშია. მადლი გაქვს და ყველაფერი ძალგიძს მოითმინო ქრისტესთვის. ასევე შენ უსამართლობის დათმენაც შეგიძლია. უფრო მეტიც, შენ შეგიძლია ქრისტეს სახელისთვის უსამართლობის სიხარულით ატანა… როდესაც იესო ქრისტე გულში შემოვა, მაშინ ცხოვრება იცვლება. იესო ქრისტე ყველაფერია“ [6].

ქრისტესთან ამდაგვარი ურთიერთობა მისტიური და სიყვარულით განმსჭვალულია. ქრისტიანის ცხოვრება „დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა“ [7] (კოლ. 3,3). პავლე მოციქულის მსგავს გამოცდილებასა და რჩევა-დარიგებას ვხვდებით მამა პორფირისთანაც: „ნურავინ ნუ დაგინახავთ, ნურავინ მიხვდება ღმრთიურისადმი თაყვანისცემის თქვენს ნურცერთ მოძრაობას. ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს დაფარულად,  მისტიურად, ასკეტი ბერების დარად. გახსოვთ, ბულბულის შესახებ რომ გიამბეთ? იგი ტყეში გალობს, სიჩუმეში. შეიძლება ითქვას, რომ მას ვინმე უსმენს? რომ მას ვინმე აქებს? – არა, არავინ. ასევე ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანი ქრისტეს შეიყვარებს. თუ შეუყვარდება, ყელში ბურთი გაეჩხირება. განცდებშია, ენით განუწყვეტლივ ადიდებს მას’“ [8].

სულიერი ცხოვრება მამა პორფირის სწავლების მიხედვით არ ატარებს იძულებითი შრომის ხასიათს, არამედ იგი უფლისადმი სიყვარულით არის ნაკარნახევი. ამ ჭეშმარიტების დასადასტურებლად და დასამტკიცებლად პარალელს ავლებს რა ადამიანურ სიყვარულთან მას მაგალითად მოჰყავს შემდეგი რამ: „მოდით მოვიყვანოთ მაგალითი ადამიანის ცხოვრებიდან. შეყვარებულ ადამიანს არ შეუძლია თავისი სატრფოსგან შორს ცხოვრება, მას არ სჭირდება საყვარელი ადამიანის ხატება გონებიდან გულში ჩაიტანოს, დაინახავს რა თავის სატრფოს, მისი გული ცემას იწყებს, ხოლო როცა იგი მისგან შორსაა და მასზე ფიქრს იწყებს, გული მაშინაც გამალებით უცემს. ამისათვის არ არის საჭირო არანაირი ძალდატანება. ასევეა ქრისტესთანაც. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ღმრთიურია: ღმრთიური სიყვარული, ღმრთიური ტრფობა, არა ხორციელი. ეს სიყვარული უფრო მშვიდია, მაგრამ უფრო მძაფრი, უფრო ღრმა. და როგორც ფიზიკური სიყვარულის დროს, როდესაც ვერ ხედავ სატრფოს, ამ შემთხვევაშიც იტანჯები. მაგრამ, როცა ახლოს ხარ საყვარელ არსებასთან, სიყვარულისგან იტანჯები და ცრემლი გდის, ასევეა ღმრთიური სიყვარულის შემთხვევაშიც – იტანჯები სიყვარულისგან, და ისე რომ ვერც გებულობ, სიყვარულის, ღმრთისმოსაობისა და სიხარულის ცრემლებად იღვრები. ეს არის ღმრთისმოშიშება“ [9].

გამოყენებული მასალა:

1. Ιωάννου του Χρυσοστόμου, Περί του χρησίμως τας προφητείας ασαφείς είναι 2,5, PG56, 182

2. Γρηγορίου του Παλαμά, Υπέρ των ιερώς ησυχαζόντων 1,3,43, στα Συγγράμματα, εκδ. Π. Χρήστου, τομ. Α´, Θεσσαλονίκη 1962, σ. 454.

3. Το βιβλίο πρωτοεκδόθηκε τον Μάρτιο του 2003 από την Ιερά Μονή Χρυσοπηγής στα Χανιά. Σήμερα έχουμε ήδη την 7η έκδοσή του, ενώ παράλληλα σε μεταφράσεις κυκλοφορείται στην αγγλική, αραβική, ρουμανική, ρωσική, γερμανική, βουλγαρική, ιταλική και άλλες γλώσσες. Στις σελίδες του βιβλίου αυτού παραπέμπουν οι αριθμοί των υποσημειώσεων της εισηγήσεως αυτής.

4. Γέροντος Πορφυρίου, Βίος και Λόγοι, σ. 379.

5. Ό.π., σ. 462.

6. Ό.π., σ. 219.

7. Κολ. 3,3.

8. Βίος και Λόγοι, σ. 238.

9. Ό.π., σ. 260.

შინაარსი
სანიშნეები