წმიდა გერმანე მარულისი
7 September 2015წმიდა გერმანეს ღმრთის და სიწმინდის მოყვარე ბიოგრაფის, წმიდა ფილოთეოს კოკინოსის თანახმად, მისი სამშობლო „მაკედონიის სახელგანთქმული დედაქალაქი, ჭეშმარიტად ჩვენი მეგობარი და ყველასათვის საამო მიწა, ბრწყინვალე და დიდი თესალონიკი“ იყო. წმიდანები თანამემამულეები იყვნენ. წმიდა გერმანე 1252 წელს დაიბადა. მისი მშობლები კაცთმოყვარე, შეძლებული და ღმრთისმოშიში ადამიანები იყვნენ. იგი რვაშვილიანი ოჯახის რიგით მესამე შვილი იყო. ერისკაცობაში სახელად გიორგი ერქვა. ის პატარაობიდანვე გამოირჩეოდა „წესრიგის სიყვარულით, საოცრად ღრმა აზროვნებითა და უბრალოებით. მდუმარების მოყვარული იყო, სულით მშვიდი და ზნეობრივი მაგალითის მიმცემი, ზომიერი. ყველაფერი, რასაც ამბობდა სიმშვიდის, სირძნისა და თავმდაბლობის ნიშანს ატარებდა“.
ბავშვობიდან უზომოდ შეიყვარა სიმშვიდე, ლოცვა, ღვაწლი, მარხვა, მღვიძარება, ღვრთისმოშიშება, კაცთმოყვარეობა, ძმური სიყვარული და უპოვარება. იგი ღმრთისნიერად და პატიოსნად ცხოვრობდა და ცხოვრებაში ვნებებისგან თავის შორს დაჭერითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა, სკოლაში ცელქი მოსწავლეების მისდამი მკაცრი და უღირსი დამოკიდებულებისას კი მოთმინებას იჩენდა.
იგი თავის მამულებში გატანჯულ მომუშავე ადამიანებს განსაკუთრებული მზრუნველობით ექცეოდა. ერთელ, როდესაც ისინი შრომისაგან ძალზე დაღლილ-დაქანცულები ნახა, სთხოვა მუშაობა შეეწყვიტათ და შეესვენათ. ამის გამო მამამისმა იგი დასაჯა, თუმცა გულის სიღრმეში გაუხარდა მის სათნო შვილში ამ კაცთმოყვარეობით განმსჭვალული გრძნობის აღმოჩენის გამო.
მშობლები მის დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ მას არ სურდა არანაირი კავშირი ამაო სამყაროსთან, რადგან სამუდამოდ მის დასატოვებლად ემზადებოდა. ამ დროს, ათონის წმიდა მთიდან ქალაქ თესალონიკში ერთი პატიოსანი მთაწმიდელი ბერი იოანე ჩამოვიდა, რომელიც დოქიარის კელიაში ცხოვრობდა…
სავარაუდოდ 1270 წელი იქნებოდა. გიორგის ის-ის იყო წვერ-ულვაში ამოსვლოდა. იგი ბერ იოანეს ათონის წმიდა მთაზე გაჰყვა… მცირე დროის გასვლის შემდეგ მისმა მოძღვარმა იოანემ იგი ბერად აღკვეცა და გიორგის ნაცვლად სახელად გერმანე უწოდა. გერმანე ზეადამიანური ღვაწლითა და ნებაყოფლობითი მორჩილებით გამოირჩეოდა. მისი ხელსაქმე კალიგრაფია იყო. ისინი ხშირად სტუმრობდნენ ვატოპედის დიდ სავანეს ღმრთისმსახურებაში მონაწილეობის მისაღებად და იქაური ძმების ღმრთივსათნო ქადაგეგებების მოსასმენად.
ვატოპედელი მამები მათ დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ხვდებობდნენ. ახლაგაზრდა გერმანეთი აღფრთოვანებული იყო მისი მოხუცი მოძღვარიც, რადგან მიუხედავად იმ მძიმე ტვირთისა, რომელსაც ზურგით ატარებდა, იგი უდრტვინველად და სიამოვნებით ირჩევდა კელიიდან ვატოპედის მონასტერში მიმავალ უფრო შორ და რთულ გზას. წმიდა გერმანემ, ამ ახალგაზრდა პატიოსანმა ბერმა, რომელიც ნებაყოფლობით ეძებდა საკუთარი თავის დამდაბლების გზას და მორჩილებაში ცხოვრობდა, ვატოპედელი მამების წინაშე გამოცდის მამაცურად და მოთმინებით გავლის შემდეგ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
თავისი საყვარელი სულიერი მოძღვრის იოანეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდგომ, დაახლოებით 1215[1] წელს იგი თავის მორჩილ გრიგოლთან ერთად (რომელიც პროლათინ მამათა შეხედულებებს იზიარებდა), რადგან მისი აღსასრული განჭვრიტა და იწინასწარმეტყველა მისი საყვარელი მორჩილის ასკეტური წინსვლა, გაემგზავრა კარიესში, შემდეგ კი დიდ ლავრას მიაშურა. იგი ბერ-მონაზონ იობის სულიერი შვილი
გახდა, რომელიც დიდი ლავრის მახლობლად ღმრთისმშობლოს გამოქვაბულში მოღვაწეობდა და მოგვიანებით ლავრის იღუმენი გახდა.
ლავრის მამები იობს არ დაემორჩილნენ, ამიტომ იგი კვლავ თავის გამოქვაბულში დაბრუნდება სამოღვაწეოდ გერმანესთან ერთად. იობის განდევნის შემდეგ კი წმიდა გერმანე ბერ-მონაზონ მირონის, მალაქიას, ათანასესა და თეოდორიტეს სულიერი შვილი გახდა, რათა მთელი მისი ცხოვრება განევლო ნეტარ მორჩილებაში, როგორც „ბავშვსა და შეგირდს“…
ცხოვრების ბოლოს მან მორჩილებად მიიღო – ინვალიდი იოანიკე, რომელიც თავისი ლოცვით აშკარა სიკვდილისგან იხსნა, საკუთარი ძმისშვილი იოანე, რომელმაც იგი უდაბნოში მოინახულა და ძლიერ ავადმყოფი ნათესავი იაკობი. წმიდა გერმანე მცირე ხნის ავადმყოფობის შემდეგ 84 წლის ასაკში უფლის წინაშე ლოცვის დროს მიიცვალა. მან საკუთარი ცხოვრების მხოლოდ 18 წელი გაატარა ერში. ცხოვრების შემდგომი წლები კი ათონის წმიდა მთის უდაბნოში მოთმინებით, მარხვითა და დიდ ლოცვით ღვაწლში გაატარა, რის გამოც ულევი მადლი მიენიჭა უფლისგან.
წმიდა საბა ვატოპედელი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ღირს გერმანესთან, შემდგომში მის ბიოგრაფს, წმიდა ფილოთეოს კოკინოსს უთხრობდა წმიდა გერმანეს ღვაწლის შესახებ და მას ცათა სასუფევლის დიდ მოქალაქედ მიიჩნევდა…
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი ცხოვრების აღმწერი იყო მისი თანამემამულე წმიდა ფილოთეოს კოკინოსი, რომელიც განსაკუთრებული მადლიერებით, ცოდნითა და მისთვის დამახასიათებელი უშუალობით, ყოველგვარი გადაჭარბებისა და გადამეტების გარეშე წმიდა გერმანეს ყველასათვის და განსაკუთრებით მთაწმიდელ ბერ-მონაზონთათვის, სამაგალითო პიროვნებად წარმოაჩენს…
სვინაქსარისტებისთვის უცნობია მისი ხსენების დღე, ამიტომ მის ხსენებას 10 ივლისს, ვატოპედელ წმინდანებთან ერთად აღნიშნავენ.
წყარო: ბერ-მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ვატოპედელ წმიდათა ცხოვრებანი, ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის გამომცემლობა, მთაწმიდა, 2007 წელი.




