ღირსი პაისი მთაწმინდელის ორი სასწაული
18 September 2015ღირსი პაისი მთაწმიდელის ხსოვნისადმი დაკავშირებით, ვაქვეყნებთ 2006 წლის 4 ივლისს, თორმეტ მოციქულთა სახელობის წმინდა ეკლესიაში, არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტს.
„მინდა ვთქვა, რომ ის წმიდანები, რომლებიც დღევანდელ დღეს იქცნენ წმიდანებად, განსაკუთრებულ დიდებასა და გულღია დამოკიდებულებაში არიან ღმერთთან და ჩვენც ძალიან, ძალიან გვეხმარებიან. სამი თვის წინ ასეთი ამბავი მოხდა: ერთი მძღოლი თერმის რეგიონიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა. გზაში იგი ერთმა ბერმა გააჩერა და ჰკითხა: „ყმაწვილო, თესალონიკამდე თუ წამიყვან“? „რა თქმა უნდა, ამობრძანდით“. მძღოლი მარტო იყო. ბერი მის გვერდით დაჯდა და ეუბნება: „კოსტა, – ისე რომ მისთვის სახელი არც უკითხავს, -შენ ფილტვებზე სიმსივნის საწყისი სტადია გაქვს. საავადმყოფოში წადი და თავს უშველე“. და მაშინვე გაუჩინარდა. მძღოლი ამ ამბავმა გააოგნა. ტელეფონით ახლობლებს დაუკავშირდა და უამბო, თუ რა შეემთხვა. მას რამდენიმე ფოტო მოუტანეს. ეკითხებოდნენ ხომ არ ამსგავსებდა რომელიმეს იმ ბერს. მან კი მამა პაისი ამოიცნო. მართლაც, წავიდა საავადმყოფოში. ექიმებმა გამოიკვლიეს და აღმოუჩინეს ფილტვებზე კიბოს საწყისი სტადია, თუმცა, თავად მას არანაირი ჩივილი არ ჰქონია. ხედავთ თუ არა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც თაყვანი სცეს უფალს, თავიანთი სიკვდილის შემდეგ ჩნდებიან და ადასტურებენ სახარების ჭეშმარიტებას.
ერთი სხვა ქალბატონი, რომელიც კვიპროსიდან იყო, გაემგზავრა მამა პაისის საფლავზე მის მოსალოცად. როდესაც მუხლი მოიყარა საფლავის თაყვანსაცემად, ფეხი გაუსრიალდა. ხელი ძირს დაადო, რათა თავი შეემაგრებინა. სასტუმროში რომ მივიდა, რას ხედავს, იდაყვზე მიწა აქვს მიკრული. ქალს ძალიან გაუხარდა, რადგან ეს მამა პაისის საფლავიდან წამოყოლილ კურთხევად მიიჩნია. მიწა მოაგროვა და ერთ პატარა ყუთში მოათავსა, რომელიც თან ჰქონდა. ამის შემდეგ, დაიძინა. დილით იღვიძებს და რას ხედავს, მიწაზე შროშანი ამოსულა. ვინ დარგო ის, ან ვინ მორწყა?
ამ ყოველივეს ჩვენ უფალი გვიგზავნის, რათა დაეჭვებისა და ურწმუნოების ხანაში ჩვენ შევძლოთ მისი მადლის პოვნა. სწორედ ამის გამო, გევედრებით, სერიოზულად მოეკიდეთ სულის ხსნის საკითხს. ჩვენი ცხოვრება გადის, ის ერთი სიზმარია. ჩვენ მივდივართ. ამ წუთისოფელში მხოლოდ და მხოლოდ სტუმრები ვართ. ისევე როგორც მივდივართ, მაგალითად ბანაკში. დავრჩებით იქ თხუთმეტიოდე დღე, მერე კი იქიდან მოვდივართ. სწორედ ასევეა ეს ცხოვრებაც. ადამიანი ტოვებს ამ სამყაროს. ნეტარი, სამგზის ნეტარი და სამგზის დალოცვილია ის კაცი, რომელიც ფიქრობს უხილავზე, თავისი სწორი ცხოვრებით იღწვის და ზრუნავს მასზე, რაც უხილავია“. ამინ!