მღვდელმონაზონი სიმონ სიმონოპეტრელი (1913 – 14 ივლისი, 1998)
23 September 2015მღვდელმონაზონი სიმონი მცირე აზიაში მდებარე კრინის ცესმეში 1913 წელს დაიბადა, საიდანაც მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ კუნძულ ქიოსზე გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ აქედან სიღატაკეს, ღმრთისმოშიშობას, ღმრთისმოსაობასა და ცოდვების შეცნობით გამოწვეულ ხსნას იგი სიმონოპეტრაზე მიჰყავს. გახლდათ 1933 წელი. იმ დროისათვის წმიდა მთაზე საკმაოდ ბევრი მისი თანამემამულე მონაზონი ცხოვრობდა.
იგი 1934 წელს ბერად აღიკვეცა. 1939 წელს დიაკვნად იქნა ხელდასხმული, ხოლო 1945 წელს კი – მღვდლად. თუმცა, სიმონმა მალევე მიატოვა სამღვდელო ხარისხი, რათა უბრალო მონაზონივით ეცხოვრა. ამბობენ, თითქოს მას გაახსენდაო რომ ახალგაზრდობაში რაღაც უმნიშვნელო ნივთი ჰქონდა მოპარული სწორედ იმ მონასტრიდან, სადაც ის სინანულით იღვწოდა. მღვდელმონაზონი სიმონი 1998 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა.
აი, ეს არის კეთილმოსურნე მამა სიმონის მთელი ცხოვრება. იმ ათწლეულის მანძილზე, რაც ერთად გავატარეთ, აღმოვაჩინე მისი სიდიადე მის სიმცირეში, მისი უპირატესობა მის განზრახ შეუმჩნევლობაში და მისი სრულყოფილება მის ჭეშმარიტ (ნამდვილ) თავმდაბლობაში. იგი მანამ გავიცანი, სანამ მეტეორის ძმობაში მოვიდოდი. მაშინ იგი გულმხურვალედ ლოცულობდა თავისი მფარველი წმიდანის – სიმონ მირონმდინარის მიმართ, რათა ის მონასტერი, რომელშიც სინანულით ცხოვრობდა, მონაზვნებით დაკომპლექტებულიყო. ფსალმუნს კითხულობდა, მარჯვენა ხელში ფარანი ეჭირა, სათვალეები ქვემოთ ჰქონდა ჩამოწეული, მოხრილი იყო და ისე ხშირად ახველებდა მშრალად, თითქოსდა პირველად და უკანასკნელად კითხულობდა. ეკლესია მისი კელია იყო. თავისი ფლოსტებით რა ნეტარებით იჯდა ხოლმე ეკლესიის მარცხენა სტასიდზე, ხელში თავისი სკვნილითა და თავისი ჯვრებით, რათა არ გამორჩენოდა არც ერთი „უფალო შემიწყალე“ და არც ერთი „ამინ“. ტაძარში წარმოუდგენლად ხარობდა მისი სული.
მამა სიმონი ცოტას ლაპარაკობდა, ნებაყოფლობით პირველი ასრულებდა მეტანიას, არ მრისხანებდა, არაფერს ითხოვდა დაჟინებით და არც არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო. იგი ერთი დიდი ბავშვი იყო. მას ძალიან დიდი გული ჰქონდა, სადაც ყველას იტევდა. მრავალი სიძნელე გადაიტანა, თუმცა ყოველთვის უკეთესი მომავლის იმედით დაითმენდა გაჭირვებას და არასდროს განსჯიდა. არ იყო გულგრილი, არ წარმოქმნიდა წინააღმდეგობასა და სირთულეებს.
მას საერთოდ არაფერი გაეგებოდა ამქვეყნიური კეთილშობილების შესახებ, მიუხედავად იმისა რომ თავად მეტად აღმატებული და წარჩინებული წარმომავლობა ჰქონდა. ძალიან გულწრფელი და ნამდვილი იყო, სწორედ ამიტომაც ყველა ჩვენგანს უყვარდა და პატივს სცემდა მას. იგი ერთი ჭეშმარიტი მონაზონი გახლდათ.
მღვდელმონაზონი სიმონი ძველი სიმონოპეტრელი მამების მშვენიერი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. ჩვენ დაახლოებით ოც მათგანს ვიცნობდით. მცირედ განათლებული მამა სიმონი მრავალი განათლებულის მასწავლებლად იქცა თავისი ხელშეუხებელი ზნეობით, ბერმონაზვნური მედგრობით და თავისი მთაწმიდური სტილით. ცდუნებებმა და განსაცდელებმა იგი გამოწრთვნეს, სრულჰყვეს და მოამწიფეს. მან იცოდა მდუმარედ ყოფნა, ლოცვა, ღმერთს მინდობა და მისი იმედით ყოფნა. იგი ბრწყინავდა და ადიდებდა რა ყოვლად მოწყალე ღმერთს მისთვის უხვად მინიჭებული წყალობის გამო. მას თავისი ცოდვების შეგრძნების, ცხოვრების ამაოების და მისი დროებითობის განცდის უნარი გააჩნდა. სინანულით ცხოვრობდა. მხოლოდ ერთხელ მახსოვს, რომ მკაცრად მელაპარაკა – ერთი მამაოს სიკვდილზე…
მონასტრიდან ჩემი წასვლის შემდეგ ყოველთვის ისე მხვდებოდა, თითქოსდა არც არასდროს არსად წავსულიყავი. როგორც მაშინ, როდესაც საავადმყოფოებიდან დავბრუნდი. მაშინვე მოხალული თხილი შემომთავაზა, გულმხურვალედ და გულწრფელად დამლოცა და მთხოვა, რომ მელოცა. უკვე ათი წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ ის სრულიადაც არ დამვიწყებია. მამა სიმონი მშვენიერი ნათელი წერტილი იყო მრავალი ცრემლით…
წყარო-ბიბლიოგრაფია:
მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ათონის მთის წმიდა სახენი, კატერინი 2006, გვ. 426-430.
წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, მეოცე საუკუნის სათნო მთაწმიდელ მამათა დიდი ღერონდიკონი, ტომი მე-3 – 1956-1983 წწ., გვ. 1449-1452, გამომცემლობა მიღდონია, პირველი გამოცემა, სექტემბერი, 2011 წელი.