Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ოქროს შუალედი თანამედროვე ეპოქაში (I ნაწილი) | PEMPTOUSIA

ოქროს შუალედი თანამედროვე ეპოქაში (I ნაწილი)

27 October 2015

ძვირფასო მკითხველო, გთავაზობთ ლიმასოლის მიტროპოლიტის მეუფე ათანასეს საუბრების შემოთავაზებას. მეუფეს ლოცვა-კურთხევით მისი მრავალმხრივ საინტერესო საუბრებს წარმოგვიდგენს მღვდელი გიორგი ხარებაშვილი, რომელიც მოღვაწეობს ლიმასოლის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში.

თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს. მაგალითისათვის მოვიყვანოთ: ძველად არ არსებობდა: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირი, გლობალიზაცია და ასე შემდეგ, საკითხები, რომლებიც ალბათ შეუძლებელი იყო არსებულიყო იმდროინდელ რეალობაში. მიუხედავად ამისა არსებობდნენ ერესები, ეკლესიის მტრები, მაგრამ ისინი წარმოჩნდებოდნენ სრულიად სხვა ფორმით. დღეს ვხვდებით ისეთ მოვლენებს, რომლებიც აიძულებენ ადამიანს დაიკავოს გარკვეული პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად გვეკითხებიან თუ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს ამ მოვლენებთან მაშინ, როდესაც გვასწავლიან და ჩვენც მოგვიწოდებენ ვასწავლოთ მომავალ თაობებს, რომ ყოველი ერი პატივს უნდა სცემდეს სხვა ერების რწმენას და რომ ადამიანები არ უნდა განირჩეოდნენ და განისჯებოდნენ რელიგიური შეხედებულებების გამო, და რომ არ უნდა მოხდეს ამ ყოველივეს დოგმატიზება, რადგანაც თითეული ადამიანი თავად წარმოადგენს ღირებულებას.

Kimisi tis Theotokou I.M.M.Vatopaidiou 2014 09

ვფიქრობ, რომ პრობლემა თავად ჩვენშია. ადამიანი რომელიც ხმაურს ტეხს და არეულობას იწვევს, თავად წარმოადგენს პრობლემას. როდესაც მტკიცედ გწამს და დარწმუნებული ხარ რომ შენი რწმენა არის ჭეშმარიტი და მთელი არსებით შეიგრძნობ ამას, მაშინ არ განიცდი არც შიშს, არც რაიმე საფრთხეს და თუ საჭირო გახდება, შეძლებ შენი სათქმელი წარმოთქვა სრული სიმშვიდით, ყოველგვარი შინაგანი პანიკისა და შფოთის გარეშე. წმიდა მამები მუდამ მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში რაც სწამდათ. ამიტომ არ ეშინოდათ და არ სჭირდებოდათ სხვა ადამიანის დამცირება, დაკნინება. აქ არის ერთი ფაქიზი დეტალი თუ, როგორ უნდა შეძლო, რომ გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვა ადამიანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სრულიად არ იზიარებდე მის რწმენას. როგორ დავიცვათ ის “ოქროს შუალედი“, რომ არ უარვყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენა და ამავე დროს არ დავაკნინოთ სხვა ადამიანი. ვფიქრობ, ამისთვის კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული ქრისტეს სარწმუნოება. ის ადამიანი, რომელმაც კარგად გააცნობიერა ქრისტიანობა და შეითვისა სახარების სული, განუსვენებს, შეეწევა და ნუგეშს სცემს სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება სრულიად არ ეთანხმებოდეს მის რწმენასა და შეხედულებებს. ეს შეუთანხმებლობა არ ნიშნავს მისდამი მტრულ განწყობას.

თითქოს ეუბნება: მისმინე, საერთოდ არ ვეთანხმები შენს რწმენსა და შეხედულებებს, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ მტრები ვართ და უნდა გვძულდეს ერთმანეთი. მიყვარხარ, პატივს გცემ, მინდა რომ თავისუფლად გრძნობდე ჩემთან თავს, მაგრამ აბსოლუტურად არ გეთანხმები, რადგანაც ადამიანი, რომელშიც ქრისტეს სულია დავანებული, ვნებათაგან თავისუფალია, არ გააჩნია არანაირი ბოროტება და სიძულვილი სხვათა მიმართ. რასაკვირველია, არც საკუთარ თავზე აქვს დიდი წარმოდგენა, არამედ კაცთმოყვარეობით მოქმედი შეურყეველი რჩება თავის პოზიციაზე. მაგალითად: ვინმე რომ მოვიდეს და გითხრას: “კარგი რა, რა ქრისტიანი, რა მუსლიმანი. ყველას ერთი და იგივე ღმერთი გვწამს, დანარჩენი წვრილმანია ყველაფერი.” შენ თუ ამას დაეთანხმები, დიდი შეცდომა იქნება. მაგრამ მეორე მხრივ არც იმის თქმა იქნება მართებული რომ: “არა, განსხვავება ისაა, რომ მე სამოთხეში მოვხვდები, შენ კი – ჯოჯოხეთში.” არ შეიძლება ამის თქმა, ვინაიდან ადამიანს, რომელშიც ქრისტეს სულია დავანებული არ სურს და არ შეუძლია ვინმეს წარმოდგენა ჯოჯოხეთში, რადგან მისი აზრით მხოლოდ ის ერთადერთია რომელიც ჯოჯოხეთში მოხვდება. წმიდა სილუან ათონელი ამბობდა: “ყველა ცხონდება, მხოლოდ მე წავრწყმდები.“ წმიდა მამებს იმის წარმოდგენაც კი უჭირდათ, რომ ეშმაკიც კი, რომელიც არის სახე უფლისაგან განდგომისა მოვა დრო და საუკუნოდ განვარდება უფლისგან, საუკუნოდ წარწყმდება. წმიდა ისააკ ასური ამბობს: „ყოველი ქმნილების მიმართ სიყვარული ისაა, რომ ვლოცულობდეთ ყოველთათვის: ადამიანთათვის, ცხოველთათვის, ფრინველთათვის და თვით ეშმაკთათვისაც.“ წმიდანს გულში არსებული ჭეშმარიტი სიყვარული იმის უფლებასაც კი არ აძლევდა რომ ეთქვა,– ეშმაკი საუკუნოდ წარწყმდება. წმ. სილუანე ათონელის ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ: ერთხელ შეკრებილა რამდენიმე ასკეტი მამა, მათთან იყო წმ. სილუანეც. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც დიდი მოღვაწე ყოფილა, მაგრამ ჯერ არ ჰქონდა მიღწეული მაღალი სულიერი საზომისათვის, საუბარში უთქვამს: როდის იქნება საშინელი სამსჯავრო, რომ ეშმაკი, უღმერთოები და ყოველი მწვალებელი მასთან ერთად დაისაჯოს საუკუნო ცეცხლშიო“. სილუან ათონელმა ეს რომ მოისმინა თავი მწუხარებით გადააქნია და უთხრა: “მამაო, არ შეიძლება ასე ფიქრი, არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ადამიანიც იარსებებს, რომელიც ღმრთისგან განვარდება. ძალიან გთხოვ, მიპასუხე, შენ რომ სამოთხეში მოხვდე და იქიდან ხედავდე, რომ ადამიანი ჯოჯოხეთის ჩაუქრობელ ცეცხლში იტანჯება, განა შეძლებ შენ იქ განსვენებულად ყოფნას? – რას ვიზამთ, მიუგო ბერმა, ისენი თვითონ არიან დამნაშავენი. ჭეშმარიტი სიყვარული ასე ვერ მოიქცევა, ჩვენ ყველას ცხონებისთვის უნდა ვილოცოთ,”- მიუგო წმ. სილუანემ. სწორედ ამიტომ იგი ხშირად ლოცულობდა ღმრთის მიმართ სიტყვებით: “უფალო, გევედრები, რათა სულიწმიდის მადლით ყოველმა ერმა შეგიცნოს.”ეკლესიის ლოცვაც სწორედ ეგ არის, რომ სულიწმიდის მიერ ყოველმა ადამიანმა შეიცნოს ჭეშმარიტი ღმერთი, სწორედ ამას ვითხოვთ ღმრთისგან. ვინმეს გასამართლება და ჯოჯოხეთის მისჯა არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ მხოლოდ იმის შეგნება უნდა გვქონდეს, რომ თუ ვინმე მოხვდება ჯოჯოხეთში ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. შეუძლებელია ადამიანს, რომელიც არის მაცხოვრის მიმბაძველი, ჰქონდეს გულში ზრახვა, რომ მის გარდა იარსებებს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც განვარდება ღმრთისგან. თუნდაც ის ადამიანი იყოს ყველაზე საშინელი მწვალებელი, საშინელი მკრეხელი ვინც კი ოდესმე არსებულა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველასთვის ვილოცოთ, რომ ღმრთის მადლით ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტი ღმერთი და ყოველნი მოვიდნენ “ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისასა.” რასაკვირველია მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში…

როდესაც ადამიანში ღმრთის სულია დავანებული, მას შეუძლია წარემართოს ჭეშმარიტების ამ ვიწრო გზაზე ისე, რომ არც ერთ უკიდურესობაში ჩავარდეს და არც მეორეში. ის არც იმას იტყვის: “რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ხარ თუ არა, ყველას ერთი ღმერთი გვწამსო“ და არც იმას: ”ვინც ჩვენ არ მოგვყვება საუკუნოდ დაისჯება“. ერთი უკიდურესობა “ეკუმენიზმია“ და მეორე “ზილოტიზმი“. “ეკუმენიზმი“ არის თეორია, სადაც ფიქრობენ, რომ: “ყველა: მართლმადიდებელი, პროტესტანტი, კათოლიკე და სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები არიან ერთი ხის ტოტები. თითქოს ეს ხე არის ეკლესია და ჩვენ კი წარმოვადგენთ ამ ხის ტოტებს და უნდა ვეცადოთ, რომ გავერთიანდეთ.” ეს ყველაფერი არის უდიდესი მწვალებლობა და სიცრუე! რადგან უარყოფს ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ან უნდა გვწამდეს რომ ვართ წევრნი ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისა, ან უნდა ვთქვათ რომ ეს ეკლესია დაიყო მრავალ სხვა ეკლესიად. მაშინ სად არის ის ჭეშმარიტი ეკლესია, რომელიც უფალმა დააარსა? განა აღერია და გაითქვიფა იმ უცხო სწავლებებში, რომლებიც ადამიანის დაბნელებული და შემცდარი გონებიდან გამოვიდა? განა აღარ არსებობს ის ეკლესია, რომელიც დააარსა ქრისტემ და მისმა მოციქულებმა? ეკუმენიზმი და მისი თეორია არის უდიდესი მწვალებლობა და სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სწავლებას.

მეორე მხრივ არსებობს “ზილოტიზმი“, რომელიც მოიცავს “ეკუმენიზმის“ საპირისპირო უკიდურესობას. რომელიც ამბობს: “მოვკვეთავთ ეკლესიიდან ყველას, ვინც კი გამართავს რაიმე სახის დიალოგს არამართლმადიდებლებთან“. ეს ადამიანები ამოფარებულნი არიან კანონთა და მამათა ზოგიერთ გამონათქვამს, რათა დაიკმაყოფილონ საკუთარი მცდარი განწყობა და მდგომარეობა. არც ერთი და არც მეორე უკიდურესობა, ეკლესია უნდა მიემართებოდეს ჭეშმარიტების გზაზე, მან არ უნდა უღალატოს მის წმიდა დოგმატებსა და სწავლებებს, მაგრამ მეორე მხრივ იმ მახვილადაც არ უნდა იქცეს, რომელიც შუაზე კვეთს და გარესკნელის ჩაუქრობელ ცეცხლში უშვებს ადამიანს. მართლმადიდებელი ეკლესია დღითიდღე ახარებს ღმრთის სიტყვას და ყოველგან მოჰფენს მის ნათელს. მას არავისთან დიალოგის არ ეშინია, იგი სრულიად არ განიცდის რაიმე საფრთხის შიშს მისი რწმენის წარმოჩენისას. ჩვენ არავისთან დიალოგის არ გვეშინია, მუდამ მზად ვართ, დიდი სიხარულით, ნებისმიერ ადამიანს გავცეთ პასუხი ჩვენი რწმენის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. არა იმისთვის, რომ ვინმე განვსაჯოთ, დავამციროთ ან გავანადგუროთ, არამედ რათა გადმოვცეთ ის, რითაც ვცოცხლობთ და რასაც განვიცდით მართლმადიდებელ ეკლესიაში: ღმრთის არსებობას, სულიწმიდის მადლს, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილებას.

47c629a4f6076e499d018d8ee19bbf41_XL

ეს ყოველივე არის ნათელი და “ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.” ნათელს არ სჭირდება აფიშირება, შელამაზება. იგი თავისთავად ანათებს და განსდევნის ბნელს და ვისაც თვალნი აქვს ახელილნი დაინახავს და შეიცნობს ჭეშმარიტ ნათელს. გერონდიკონში აღწერილია, რომ: “ერთხელ წმ. მაკარი უდაბნოში მიდიოდა, შეხვდა კერპთაყვანისმცემელ მღვდელს, რომელიც, თავის მხრივ, სადღაც მიიჩქაროდა. წმ. მაკარი მიესალმა მას: “მშვიდობა შენდა მგზავრობისაგან დამაშვრალო ადამიანო.” წარმართი არ ელოდა ასეთ გულითად მისალმებას და ჰკითხა: “შენ მაკარი ხარ?” დიახ,- უპასუხა წმინდანმა. ის მონაზვნები, ცოტა ხნის წინ ამ გზაზე რომ გამოიარეს, შენი მოსწავლეები იყვნენ? დიახ,- უპასუხა მაკარმა. ჰოდა, საშინლად ვგვემე. უთხრა წარმართმა. რატომ? შეეკითხა წმინდანი. იმიტომ რომ, როგორც კი დამინახეს მომაძახეს: “სად მიდიხარ სატანის მსახუროო. შენ კი, პირიქით, ასე თბილად და გულიანად მომიკითხე…” ისე იმოქმედა წმიდა მაკარის ასეთმა საქციელმა წარმართზე, რომ გაჰყვა მას, მოინათლა და ქრისტიანი გახდა. ამ ისტორიაში ვხედავთ ორგვარ სულიერ მდგომარეობას. სულიერად არასრულყოფილ, ჯერ კიდევ ვნებებით მოცულ ადამიანს, რომელიც ხშირად გამოხატავს აგრესიას, რადგან დაუზღვევლობის განცდა აქვს, თითქოს მის რწმენას რაიმე საფრთხე ემუქრება. დალოცვილო, სად ხედავ საფრთხეს? განა უფალს ადვოკატი და დამცველი სჭირდება? როდესაც ადამიანში არსებობს ამ სახის აგრესია, ეს მიგვანიშნებს, რომ სწორედ პირადად მას აქვს რწმენის პრობლემები. ჩანს, რომ მას ჯერ კიდევ არ შეუცნია სრულყოფილება ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტებისა. მან არ იცის, რომ არ არსებობს მისხალიც კი იმის შესაძლებლობისა, რომ რაიმე სიცრუე ერიოს მასში, რადგან როგორ შეიძლება სიცრუე იყოს ის, რასაც ცოცხლად განიცდის და რაშიც ცხოვრობს მთელი არსებით ადამიანი. ამას არ განიცდის მხოლოდ ერთი ან ორი პიროვნება, რომ ვიფიქროთ ხიბლში და რაღაც ილუზიებში არიან, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ გამოცდილებას ვხედავთ 2000 წელია უკვე, მთელი სიცხადით ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს ღმრთის წმიდა სული ეკლესიაში და აღასრულებს სასწაულებსა და მასში ქრისტეს მყოფობის ნიშნებს. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი ეჭვი და შიში ჩვენს სარწმუნოებასთან დაკავშირებით. მაშასადამე, ის, ვინც გამოხატავს აგრესიას, ლანძღავს და გარესკნელის ცეცხლში უშვებს სხვებს, ჩანს, რომ აქვს სულიერი პრობლემები, რომლებიც ჰქონდათ აბბა მაკარის მოსწავლეებს. ისინი ჯერ კიდევ არასრულყოფილნი იყვნენ სულიერად და როგორც კი დაინახეს წარმართი, იმის ნაცვლად, რომ ერთი თბილი სიტყვა ეთქვათ და მისალმებოდნენ, როგორც მათი მოძღვარი მოიქცა, გალანძღეს და შეურაცხყვეს კერპმსახური. იკითხავთ: რა არ იყვნენ მართალნი ეშმაკის მსახური რომ უწოდეს წარმართ მღვდელს? -კი ბატონო, აბა სხვას ვის ემსახურებოდა ის კერპმსახური თუ არა ეშმაკს, მაგრამ არ შეიძლება ადამიანთან ამ ფორმით საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც წმიდანებს უწევდათ ყოფილიყვნენ მკაცრნი სხვა ადამიანების მიმართ, ამას ისინი აკეთებდნენ უვნებოდ, მათ მიმართ სრული სიყვარულით. მაგალითად, როდესაც ვინმეს უეცრად გული წაუვა, მას მოფერებით გრძნობაზე ვერ მოიყვან. იძულებელია ადამიანი ერთი-ორი შემოულაწუნოს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სძულს და ამიტომ სცემს მას, უბრალოდ სხვანაირად ვერ გამოაფხიზლებს გულწასულს. ან ვინმეს აუცილებელად სჭირდება სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ექიმი მას პირდაპირ საოპერაციოში უშვებს: ჭრის, კვეთავს, კერავს. ამას იმიტომ კი არ აკეთებს რომ ანგარიშები აქვს მასთან გასასწორებელი, არამედ თუ ასე არ მოიქცევა ვერ გადაარჩენს სნეულს. ასევე, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, წმიდა მამები, წმ. იოანე ნათლისმცემელი და თვით მაცხოვარიც მკაცრად საუბრობდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მოქმედებდნენ ვნებისმიერ აღძრულნი, რომ დაემცირებინათ და გაეკრიტიკებინათ ვინმე. არამედ კაცთმოყვარეობის სულით მოქმედებდნენ ადმიანის საცხონებლად. არ შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ფორმულა თუ როგორ უნდა ვესაუბროთ სხვა ადამიანს. უბრალოდ, ჩვენ უნდა გავხდეთ ქრისტესმიერ თავისუფალი ადამიანები, უნდა გვქონდეს სულიერი სიმტკიცე და არ უნდა გვეშინოდეს. მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს ეშინოდა. დასავლეთში პაპისტები ცეცხლზე სწვავდნენ მეცნიერებს, რადგან შიში ჰქონდათ, რომ ვინმეს შეიძლებოდა რაიმე საპირისპირო ეთქვა და უარეყო ღმერთი. ჰქონდათ ეს უნდობლობა და დაუცველობის განცდა, რადგან მათი რწმენა დაფუძნებულია არა სულიერ გამოცდილებაზე, არამედ ლოგიკაზე. და იქ, სადაც რწმენა დაფუძნებულია ლოგიკაზე, მუდამ არსებობს შიში, რომ შეიძლება მოვიდეს ვინმე უფრო გონიერი, უფრო ბრძენი, უფრო მეტად ლოგიკური არგუმენტებით და დაგამარცხოს და შეგმუსროს. მაგრამ იქ, სადაც რწმენა დაფუძნებულია არა ლიგიკაზე, არამედ გამოცდილებაზე, მაშინ რა შეიძლება გითხრას სხვა ადამიანმა ისეთი, რომ წაგართვას და დაგაკარგვინოს ეს სულიერი გამოცდილება ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობისა? მოციქული პავლე ამბობს: “ვინ განგვაშოროს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა?“ რას შეუძლია განგვაშოროს ქრისტეს სიყვარულს? განა არსებობს ასეთი რამ? ხედავთ? აქ პავლე მოციქული საუბრობს არა ქრისტეს რწმენაზე, არამედ სიყვარულზე. რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულყოფილი ურთიერთობა ღმერთთან არ არის რწმენითი ურთიერთობა. რწმენა დაიტევება, იგი არის რაღაც ეტაპამდე, ისევე, როგორც სასოება ღმრთისა და ის, რაც რჩება საუკუნოდ არის სიყვარული. ეკლესია გვკურნავს და შეგვეწევა არა იმაში, რომ ვირწმუნოთ ღმერთი, არამედ რომ შევიყვაროთ იგი. ადამიანს თუ უყვარს ღმერთი და ცოცხლობს და საზრდოობს მით, მაშინ რა განაშორებს მას ამ სიყვარულისაგან? ვერაფერი! ვერც წარსული, ვერც მომავალი, ვერც ანგელოზნი, ვერც მთავარავგელოზნი, სრულიად ვერაფერი. ერთი მოღვაწე ამბობდა: “თვით ქრისტეც რომ მოვიდეს და მითხრას: იცი შვილო, მაპატიე მაგრამ შეცდომაში ხარ – არ ვარსებობ ან ღმერთი არ ვარო, თვით ქრისტემაც რომ მითხრას ეს, შეუძლებელია ჩემი გულიდან ამ სიყვარულის ამოფხვრაო“. უცნაურ რამეს ამბობს, მაგრამ ამით იმის თქმა უნდა, რომ უფალთან ურთიერთობის ეს გამოცდილება იმდენად ძლიერია ადამიანში, რომ შეუძლებელია მისი წართმევა. რადგანაც ეს არის ყველაზე ძლიერი გამოცდილება რასაც ადამიანი განიცდის ცხოვრებაში, ეს გამოცდილებაა არა რწმენისმიერი, არა ლოგიკაზე დამყარებული, არამედ არის გამოცდილება სიყვარულისა. სიყვარულის, რომლის ჩაქრობას და შეზღუდვას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეძლებს. ვერც ვერანაირი ეჭვი ვერ შეეხება მას, რადგან სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. მას ვისაც ღმერთი უყვარს რით დააკავებ? რით შეზღუდავ? როცა მისი გული გავარვარებულ სახმილად (ღუმლად) ქცეულა და რაც კი მას მიუახლოვდება ყველაფერი ფერფლად იქცევა. მიდი და უთხარი შეყვარებულ ადამიანს რომ – მისი შეყვარებული საფრთხობელაა. დაგიჯერებს? თვალებს გამოგთხრის. ჰგონია რომ სამყაროში ყველაზე ლამაზი ადამიანი უყვარს. რადგან შეყვარებულია და ამ სიყვარულმა სრულად წარიტაცა მისი გონება. გარწმუნებთ, ვინც სრულად შეიყვარა უფალი, ის ბევრად უფრო მეტად არის მოცული ამ სიყვარულით, ვიდრე ის შეყვარებულები ჩვენს გარშემო რომ არიან და ლექსებს უძღვნიან თავიანთ რჩეულს. თუმცა ეს ადრე იყო, ახლა კი ელექტრო წერილებს სწერენ ერთმანეთს…

[გაგრძელება]
შინაარსი
სანიშნეები