პაპა-ხარალამბ დიონისელი, „ახალი მოწყალე“

7 November 2015

იმ მრავალ სათნოებათაგან, რომლითაც უხვად იყო შემკული იღუმენ პაპა-ხარალამბ დიონისელის უბრალო და უმწიკვლო სული, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოწყალება. მოწყალების გაღებისას მას არ გააჩნდა საზღვარი. იგი ყველაფერს გასცემდა. მისგან არავინ წასულა ხელცარიელი. წმიდა იოანე ოქროპირის მიხედვით, არც ერთი სხვა სათნოება ისე არ აახლოებს ადამიანს ღმერთთან, როგორც მოწყალება. და ბერ პაპა-ხარალამბსაც, რომელსაც გააჩნდა წყალობის გაცემის  სათნოება,  ყველა ის ადამიანი შეუნდობს, ვისთვისაც კი მას სიკეთე გაუკეთებია და ბუნებრივია, თავად მასაც შეიწყნარებს ღმერთი. საუკუნოდ იყოს ხსენება პაპა-ხარალამბე მოწყალისა. მისი გულმოწყალების სიდიდეზე უამრავი ფაქტი მეტყველებს. პაპა-ხარალამბის მოწყალებას იმ ეპოქაში, როდესაც ბერი ცხოვრობდა, ბადალი არ ჰყოლია.  სწორედ ამიტომაც ეწოდა მას „ახალი მოწყალე“, მსგავსად წმინდა იოანე მოწყალისა.

Gerondas charalambos-ka Gerondas iiosif-vatopedinos

როდესაც ბერი პაპა-ხარალამბი თავის თანმხლებ მონაზვნებთან ერთად ბურაზერის კელიაში დასახლდა, მისმა წინამორბედმა რუსებმა მას მემკვიდრეობით საკმაოდ დიდი რაოდენობით ლირა დაუტოვეს. თუმცა პაპა-ხარალამბიმ იმის გამო, რომ ეს ფული თავისი ოფლით არ ჰქონდა მოპოვებული, თანხა სხვადასხვა მონასტრებს გაუნაწილა.

ხშირად, როდესაც ბერს დახმარებას ვინმე ღატაკი შესთხოვდა, იგი უპოვარს კელიის სალაროში, რაც კი თანხა ინახებოდა, ყველაფერს აძლევდა. ისე რომ ამის შემდეგ, საკვების შესაძენი ფულიც კი აღარ რჩებოდათ.

მამები ბოსტანს ამუშავებდნენ. ღობის გარეთ, პირდაპირ ქუჩაში ტოვებდნენ ბოსტნეულით სავსე კალათებს (გოდრებს), ისე რომ გამვლელებს საშუალება ჰქონდათ იმდენი ბოსტნეული წაეღოთ, რამდენიც მოესურვებოდათ.

პაპა-ხარალამბი როდესაც ბურაზერიში ცხოვრობდა, კაფსალადან ბევრ მამას ჰქონდა მისი იმედი. თუკი რაიმე დასჭირდებოდათ, მაშინვე მასთან მიდიოდნენ და დახმარებას სთხოვდნენ. პაპა-ხარალამბი კი სიხარულით აძლევდა მათ იმაზე გაცილებით მეტს, რასაც ისინი მისგან თხოულობდნენ. ზოგჯერ მას პირუტყვსაც სთხოვდნენ ხოლმე სხვადასხვა ბარგის გადასაზიზად, ამ დროს ბერი თავად გაეშურებოდა ხოლმე პირუტყვის შესაკაზმად. როდესაც მასთან მამები მოდიოდნენ  საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად, მსახურების დასრულებისთანავე პაპა-ხარალამბი გასასვლელისკენ მიეშურებოდა და ტაძრის კარში დგებოდა, რათა მამებს ტაძრიდან გასვლა ვერ მოესწროთ. შემდეგ კი სატრაპეზოში მიიპატიჟებდა მათ და დააპურებდა, ანდა სურსათ-სანოვაგის მარაგს გაატანდა თან. ერთხელ, ერთი განდეგილისთვის ისეთი დიდი საზამთრო მიუცია, რომ მას მისი აწევაც კი ვერ მოუხერხებია.

ერთ დღეს, პაპა-ხარალამბს იპიროსის რომელიღაც დედათა მონასტერში გაუვლია. დედებისთვის უთხოვია, რომ ცოტა ხნით მარტო დაეტოვებინათ, რათა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან ელოცა. შემდეგ კი იქვე, საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულით სავსე კონვერტი დაუტოვებია. დედები ძალიან აღელვებულან, თუმცა გაოცებულან კიდეც, რადგან სწორედ მაშინ მათ ამ თანხის დიდი საჭიროება გააჩნდათ.

როდესაც დიონისეს წმიდა მონასტრის წინამძღვარი გამხდარა, მოწყალება ყველასთვის გაუცია. მონასტრის კარიბჭესთან ნახავდი რიგში ჩაწყობილ ბოთლებს, ბიდონებს, შემოწნულ ბოცებს, რომელნიც მამებს უდაბნოდან ჩამოეტანათ, ახლა კი წინამძღვრის კურთხევით, ღვინით, რაკითა და ზეთით აევსოთ და ბოსტნეულთან, პურთან და სხვადასხვა სურსათ-სანოვაგესთან ერთად მეუდაბნოებს ურიგებდნენ.

დიონისეს მონასტერს ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე დიდი მეტოქი აქვს, რომელიც ათასობით ჰექტარ ტყის მასივს მოიცავს. როდესაც წინამძღვარს მისმა ერთ-ერთმა ნაცნობმა თავისი დასაყუდებელისათვის მიწის პატარა ნაკვეთი სთხოვა, პაპა-ხარალამბს მისთვის ნახევარი მიწის მიცემა მოუსურვებია.

პაპა-ხარალამბი, როგორც წინამძღვარი, ყოველ დღე აღავლენდა წირვა-ლოცვას. იმ ფულს, რომელსაც მას ზოგიერთები მსახურებისთვის აძლევდნენ, მონასტრის სალაროში კი არ ინახავდა, არამედ მოწყალებისთვის გაცემდა.

როდესაც ყველგან მოსიარულე უპოვარი ჩამოივლიდა, ეკითხებოდა მას, თუ რომელმა ზედამხედველმა (იგულისხმება მონასტრის უფლებამოსილი წარმომადგენელი) რამდენი მისცა. შემდეგ კი შეაჯამებდა ყველა ზედამხედველის მიერ მისთვის მიცემულ თანხას და დაამატებდა: „ერთი მაგდენი კი ჩემგან“.

ერთხელ, ერთ ახალგაზრდას კანონად რამდენიმე მეტანიის აღსრულება დაუწესა. ახალგაზრდას ძალიან ბევრი მოეჩვენა. „დაანებე თავი“, უთხრა მას პაპა-ხარალამბმა, „მე აღვასრულებ“. ახალგაზრდას შერცხვა და ამის შემდეგ უსიტყვოდ დაიწყო მეტანიების შესრულება.

როდესაც პაპა-ხარალამბს აღსარების ჩაბარება სთხოვა დიაკონმა დიონისე ფირფირისმა, მას შემდეგი სიტყვები უთხრა: „თუ გსურს ჩემთან მოსვლა, მაშინ ჯერ მაღაზია უნდა დაკეტო“. ბერმა დიონისემ ისმინა მისი და დაკეტა საეკლესიო ნივთების მაღაზია, რომელიც კარიესში ჰქონდა.

ოდესღაც პაპა-ხარალამბს ვიღაცამ ასეთი რამ აუწყა:  ერთი ცნობილი მღვდელი ამბობს, რომ ივერთა მონასტერში ღმრთისმშობლის კანდელი თავისით კი არ ირხევა, არამედ მას მონაზვნები არხევენო. მაშინ პაპა-ხარალამბს ასეთი პასუხი გაუცია მისთვის: „გადაეცი იმ მღვდელს, რომ  ანაფორა გაიხადოს“.

ერთხელ, მას ერთმა ნაცნობმა უთხრა, რომ პატრიარქი შენგან თხოულობს, რომ მისთვის ილოცოო.  პაპა-ხარალამბს გაუკვირდა, პირჯვარი გადაიწერა და იკითხა: „და მე საიდან მიცნობს?“. შემდეგ კი დამწუხრებულმა დაამატა: „ვაი, იმ მონაზონს, ვისაც სახელი აქვს, მაგრამ არა აქვს მადლი“.

ოდესღაც თესალონიკში, მონასტრის კონაკში (მონაზონთა ერში საცხოვრებელი სახლი) იმყოფებოდა. იმ დროს, კონაკთან ახლოს ბაზარი ყოფილა. პაპა-ხარალამბიც თავის თანმხლებ მონაზონთან ერთად ბაზარში წასულა, ყოველ წვრილ მოვაჭრესთან მიდიოდა და თავისი მოწყალე ბუნებიდან გამომდინარე, რაიმეს ყიდულობდა, რათა ამ გზით მათთვის დახმარება გაეწია. როდესაც იმ დახლის წინ ჩაუვლია, სადაც ქალის კოსმეტიკას ჰყიდდნენ, თავისი დიდი უბრალოებიდან გამომდინარე, იქაც შეჩერებულა და, თუმცა არც კი სცოდნია, თუ რა იყიდებოდა, რაღაც მაინც შეუძენია, მაშინ როცა მისი თანმხლები მონაზონი ურჩევდა არაფერი ეყიდათ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ.

პაპა-ხარალამბი შემდეგს მოგვითხრობს: „პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში, როდესაც ბერი იოსებ ისიქასტის ასკეტურ საცხოვრებელში მივედი და იქ, როგორც ერის კაცმა,  ისე დავიწყე ცხოვრება, ეშმაკი იმდენად იყო გაცოფებული, რომ დაძინებისა და ლოცვის  საშუალებას არ მაძლევდა. წავალ დასაძინებლად და აი, ეშმაკი მადგას თავზე: ზოგჯერ – როგორც ძაღლი, ზოგჯერ – როგორც ადამიანი, ზოგჯერ კი – როგორც ლომი. შიშისაგან შეძრული ფეხზე წამოვხტებოდი და ვლოცულობდი. თითქმის საერთოდ არ მეძინა, რის გამოც, ვერც დღისით ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, ვერ ვლოცულობდი. როდესაც სულიერმა მოძღვარმა მკითხა, როგორ ხარო, მას გავუმხილე, თუ რა ხდებოდა ჩემ თავს. მან კი ასეთი რჩევა მომცა: როდესაც გძინავს და შენთან ერთი მხრიდან ეშმაკი მოდის, მაშინვე მეორე მხარეს გადატრიალდი. პირჯვარი გადაიწერე, ზურგი შეაქციე და ისიც მაშინვე გაგშორდება, ყურადღებას ნუ მიაქცევ. თანდათანობით ისწავლი მასთან ბრძოლას და შემდეგ კი, საერთოდ ვერ შეამჩნევ მას. და მართლაც,ზუსტად ასეც მოხდა“.

„მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ჩემი სურვილის მიზეზით ვიწვნიე და ვნახე, რომ სულიერი მოძღვარი მართალი იყო, ჭკუა ვისწავლე. იქიდან მოყოლებული აღარც კი ვფიქრობდი იმაზე, თუ რა გამეკეთებინა. ვასრულებდი მხოლოდ იმას, რასაც ბერი მეუბნებოდა. არაფერზე ვფიქრობდი. „პაპა, ეს გააკეთე“, მეტყოდა სულიერი მოძღვარი, „დალოცვილი იყავ“, „პაპა, იქით წადი“, „დალოცვილი იყავ“. ვიყავი მორჩილი, თითქოს პირი საერთოდ არ მქონდა. მქონდა მხოლოდ ყურები. სულიერი მოძღვარი რაიმეს მეტყოდა თუ არა, მაშინვე მივრბოდი მისი სიტყვის შესასრულებლად. მას შემდეგ, დიდი მადლი მივიღე. იქიდან მოყოლებული, რაც დავიწყე სულიერი მოძღვრისთვის და ასევე ძმებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ცხოვრება, ხშირად მეუფლებოდა მადლი. სწორედ მორჩილების გამო ავივსე მადლით“.

პაპა-ხარალამბი ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებისამებრ ძალიან ბევრს შრომობდა, აღსარებას აბარებდა, ღამეს ათევდა და უამრავ მეტანიას ასრულებდა, არაფერს ჭამდა. როდესაც პირი უშრებოდა, მხოლოდ მცირეოდენ წყალს სვამდა.

ერთ დღეს ორი მონაზონი ეწვია დიონისეს მონასტერს და თავიანთი ნაცნობი წინამძღვრის პაპა-ხარალამბის ნახვა მოითხოვა. მათ მოახსენეს, რომ წინამძღვარი თავის სამუშაო ოთახში იმყოფებოდა. როდესაც ახლადმოსულებმა მისი ოთახის კარზე დააკაკუნეს, კარი ოდნავ გაიღო, ყოვლადღირსმა წინამძღვარმა მხოლოდ თავი გამოყო, რათა დაენახა, თუ ვინ იყო მოსული და მეტად უბრალოდ და ბუნებრივად მოახსენა მათ: „კანონის დასასრულებლად ოცდახუთი მეტანიის გაკეთებაღა დამრჩა“. დაკეტა კარი, დაასრულა მეტანიები და მხოლოდ ამის შემდეგ უბრალოდ და გულითადად უხმო სტუმრებს წინამძღვრის სამუშაო ოთახში. მამები განაცვიფრა წმიდა ბერის ასკეტურმა სიზუსტემ და უბრალოებამ.

ერთხელ, პაპა-ხარალამბმა ერთ ახალგაზრდა მონაზონ-მორჩილთან ერთად წითელი თიხა მოზილა, ამ დროს ერთმა მხედარმა გამოიარა. ცხენი დაფრთხა და მხედარი მიწაზე გადმოაგდო. ძირს დაცემულმა უშვერი სიტყვებით დაუწყო გინება პაპა-ხარალამბს. თუმცა, ბერი ხმის ამოუღებლად, მშვიდად უსმენდა მის ლანძღვას.

იგი ასე ამბობდა: „პატარა გულგრილობას დიდი გულგრილობა მოაქვს, რასაც შემდეგ დაცემა მოჰყვება. მცირე ძალას კი თან სდევს დიდი ძალა, რასაც შემდეგ სიწმიდე მოაქვს“.

„ჩვენ სასულიერო პირნი, ჯოჯოხეთში მოვხვდებით იმ უამრავი ეკონომიის გამო, რასაც ვიქმთ“.

განსაკუთრებით უყვარდა ის მონაზვნები, რომლებიც ბევრ სკვნილს აკეთებდნენ. რომელიღაც მონაზონი ექვსი საათის განმავლობაში ფხიზლად მყოფობის დროს 120-ჯერ სამასს ასწრებდა.

პაპა-ხარალამბი იმდენად უმწიკვლო იყო და ცდუნებისგან ისე შორს იმყოფებოდა, რომ ასე ამბობდა: „თუნდაც ქალების გროვაში ჩამსვან დასაძინებლად, მაინც ვერაფერს ვიგრძნობ“. მას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა პოლუცია.

მისი თქმით, ხორციელი ცოდვები მას სრულიად დავიწყებული ჰქონდა. და მართლაც, იმდენად უმწიკვლო იყო, რომ როგორც სულიერმა მოძღვარმა მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ ხორციელი ცოდვებიც ხდებოდა.

როდესაც ახსარებებში მძიმე ცოდვების შესახებ ისმენდა, ჩვეული გულუბრყვილობითა და გაოცებით ამბობდა: „ეს მართალია? ყოველივე ამას სჩადიან?“.

მონასტერში ერთ-ერთი მონაზონი ხშირად იყო ხოლმე განაწყენებული წინამძღვარზე. პაპა-ხარალამბი დილაობით მივიდოდა ხოლმე მის კართან, აკაკუნებდა, მაგრამ ის თავისი სიჯიუტის გამო არ პასუხობდა. მას ვედრებით და თავმდაბლად ეუბნებოდა: „მამაო… გამიღე კარი, რათა პატიება გთხოვო, მსახურება უნდა აღვასრულო“, ამ გზით სურდა მასში სინანულის გრძნობა გაეღვივებინა.

ამგვარად ამბობდა: „ვისაც სურს უდაბნოში წასვლა, მას ცრემლები უნდა ჰქონდეს. და თუ ცრემლები არა აქვს, მაშინ ნუ წავა მარტო“.

ასევე ამბობდა: „გონება ღმრთისმსახურებისას ლოცვაზე უნდა გქონდეს მიმართული და  არა – ბგერაზე“.

პაპა-ხარალამბს ძალიან ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, იგი საათობით ლოცულობდა ფეხზე მდგარი. საღმრთო მსახურებების დროს გამუდმებით ტიროდა, მისი სახე კი იმდენად იცვლებოდა და ანგელოზურ იერს იძენდა, რომ ვერც კი იცნობდი. მსახურების დამთავრების შემდეგ კი მისი სახე ისევ ბუნებრივ გამომეტყველებას იღებდა.

(„ასკეტური და ისიქასტური მთაწმინდური მემკვიდრეობიდან“, ათონის წმიდა მთა 2011, გვ. 655-662)

წყარო: fdathanasiou.wordpress.com

შინაარსი
სანიშნეები