Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ოქროს შუალედი თანამედროვე ეპოქაში (II ნაწილი) | PEMPTOUSIA

ოქროს შუალედი თანამედროვე ეპოქაში (II ნაწილი)

11 November 2015

ძვირფასო მკითხველო, ვაგრძელებთ ლიმასოლის მიტროპოლიტის მეუფე ათანასეს საუბრების შემოთავაზებას. მეუფეს ლოცვა-კურთხევით მისი მრავალმხრივ საინტერესო საუბრებს წარმოგვიდგენს მღვდელი გიორგი ხარებაშვილი, რომელიც მოღვაწეობს ლიმასოლის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში. (პირველი ნაწილი იხილეთ: http://www.pemptousia.ge/?p=48523)

მაშასადამე, ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები უარვყოფთ ორივე უკიდურესობას: “ეკუმენიზმსაც“ და “ზილოტიზმსაც“. ჩვენ არც ფუნდამენტალისტები და ფანატიკოსები ვართ და არც “ეკუმენისტები“. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, გვიყვარს ყველა ადამიანი, ვლოცულობთ მთელი სამყაროსთვის, ჩვენი საქმე არ არის სხვისი განსჯა. უფალია მსაჯული ყოველთა. ჩვენთვის ერთი არსების წარწყმედაც კი დიდი ტკივილია. დაე არც ერთი ადამიანი არ განვარდეს ღმრთის პირისგან, ამის მეტი ჩვენ არც არაფრის თქმა და არც არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენი საქმეა გვიყვარდეს ყველა. იცით ეს ყველაფერი მე ათონის წმიდა მთაზე ვიხილე და შევითვისე, ადგილზე, სადაც განსაკუთრებულად მკაცრნი არიან სარწმუნოების საკითხებში, ათონელები ხომ წმიდა დოგმატებისა და წმიდა გადმოცემებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიმნიჭებელ ადამიანებად არიან მიჩნეულნი. მართლაც, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებშიც შეუძლებელია მათ რაიმე დათმონ. ესაა: მართლმადიდებლობა, ღმრთისმშობლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და ათონის წმიდა მთის ავატობა (ანუ ის, რომ მთაწმიდაზე ქალის შესვლა ოდითგანვე აკრალულია (მთარგმნელი)), რომლის მოშლასაც ასე გულმოდგინედ ცდილობს ევროკავშირი.

Geron Paisios 80

ამ სამ საკითხში შეუძლებელია უკან დაიხიონ ათონელებმა, მზად არიან ერთად შეეწირონ, მაგრამ არ დათმობენ. ათონზე შეიძლება ვინმე დაუდევარი იყოს სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ რწმენის საკითხებში უზუსტესნი არიან. მიუხედავად ამისა, გვიმასპინძლია იუდეველებისთვის, რომეოკათოლიკებისთვის, მუსლიმანებისთვის, ყველასთვის განურჩევლად რწმენისა და რელიგიური შეხედულებებისა. ვინმეს შეიძლება ეფიქრა, რომ ამ სიმკაცრით განთქმული მონაზვნებით დასახლებულ ადგილას სხვა რწმენის ადამიანი რაიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა, მაგრამ პირიქით, სტუმრად მოსულნი იქ ისეთ სიყვარულს იღებდნენ, რომ ხშირად ეს მათთვის ნამდვილად გამაოგნებელი იყო. ერთხელ მონასტერში ვმასპინძლობდით გერმანელ რომეოკათოლიკ მღვდელს, რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ჩვენთან. იცით რომ წმიდა მთაზე ვატიკანისა და პაპისტების მიმართ საკმაოდ დიდი არაკეთილი განწყობაა. ადამიანი შემთხვევით მოხვდა ჩვენთან, ჩვენც რას ვიზამდით, რაც შეგვეძლო დიდი სიყვარულით მივიღეთ. ერთ-ერთმა ჩვენგანმა კითხა: – გაქვს წაკითხული მართლმადიდებლობის შესახებ რაიმე? არცთუ ისე ბევრი,- უპასუხა მან. მას ურჩიეს სხვადასხვა წიგნის წაკითხვა. გერმანელმა მიუგო: “იცით რა? ჩემთვის მართლმადიდებლობა არის ის, რასაც მე აქ ვხედავ ამ ადამიანებში, რომლებიც არიან უზუსტესნი სარწმუნოებაში და არაფერს დათმობენ, მაგრამ ამსთანავე უზუსტესნი სიყვარულში. სწამთ სრულიად და უყვართ სრულიად და ამით ეხმარებიან სხვებსაც ჭეშმარიტების შეცნობაში.” ჩვენ მართლმადიდებლები თუ ჭეშმარიტების მთქმელნი არ ვიქნებით, მაშინ დავემსგავსებით იმ ექიმს, რომელიც პაციენტის მიმართ დიდი სიყვარულის გამო, მიუხედავად იმისა რომ მას დიაბეტი აქვს მაინც არ უკრძალავს ტკბილის ჭამას, რადგან არ უნდა რომ გული ატკინოს და დაამწუხროს იგი. შეიძლება მას ექიმი ეწოდოს? რასაკვირველია არა! ნამდვილი ექიმი დიდი სიყვარულით ეტყვის ავადმყოფს: მისმინე, ისევ შენს სასიკეთოდ გეუბნები, თუ გააგრძელებ ტკბილის ჭამას, მოკვდები! მამებსაც ზუსტად ამის თქმა შეუძლიათ ადამიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტებას ეძიებს: მისმინე, თუ მართლა ჭეშმარიტებას ეძებ, ეს არის გამოცდილება და ტრადიცია მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელშიც დავანებულია სულიწმიდის მადლი. შენ თავისუფალი პიროვნება ხარ, შეგიძლია მოიქცე ისე,როგორც გსურს, ჩვენ შენ ნებისმიერ შემთხვევაში გვეყვარები, რადგანაც შეუძლებელია ჩვენს გულში ვინმეს მიმართ რაიმე სიძულვილი არსებობდეს.” იმის იქით უკვე მისი საქმეა თუ როგორ წარმართავს ურთიერთობას ღმერთთან. ეს არის სწორი ტრადიციული მიდგომა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ჩვენ არ შეგვიძლია ვაჭრობა ჩვენი სარწმუნოებით, მაგრამ მეორე მხრივ არც სხვა ადამიანის ჯოჯოხეთში განწესება შეგვიძლია. უნდა გვქონდეს მტკიცე რწმენა,მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გამოვხატოთ სიყვარულით, ღმრთის სულით. გახსოვთ, როდესაც მაცხოვარი და მოციქულები არ შეუშვეს ერთ ქალაქში საქადაგებლად, მოციქულებმა ჰკითხეს უფალს: “გინდა ვთქვათ,რომ ზეციდან ცეცხლი ჩამოვიდეს და დასწვას ისინი?” გარკვეულწილად ჰქონდათ ამის თქმის უფლება, ისინი ხომ ქალაქიდან გამოაგდეს, მაგრამ უფალი განურისხდა მათ და უთხრა: “არა უწყით ვისი სულისანი ხართ“. ჯერ კიდევ ვერ შეგიცნიათ ვისი სულისანი ხართ, რადგან მე არ მოვსულვარ სოფელში მის წარსაწყმედად, არამედ რათა ვაცხონო იგი. სწორედ ეს არის ჩვენი საქმე. ზოგიერთი სულიერი მოძღვარი, მართალია მოშურნე, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუცდელი და უმწიფარი, როდესაც ათონის მთაზე მოდიოდა მოსალოცად, საუბარში ტრაბახით ამბობდა: თუ რომელიმე გოგონა შარვლით მოვა ეკლესიაში ან აღსარებაზე, მაშინვე ვტუქსავ და გარეთ ვუშვებო. ერთხელ ბერმა პაისმა ეს რომ მოისმინა უთხრა: “მამაო, ვინმეს ეკლესიიდან გარეთ გაგდება ძალზე ადვილია, მისი იქ მოყვანაა ძნელი…” სწორედ იქ სჭირდები შენ ეკლესიას თუ ჭეშმარიტი მოძღვარი ხარ, სწორედ იქ სჭირდები, რომ ადამიანები მოიყვანო და შეინარჩუნო ტაძარში. ვინმეს გაგდებას რა უნდა, ეტყვი: ახლავე გადი აქედან! და გავა… რომ მოიკვეთო და გადააგდო ძალიან ადვილია, მაგრამ ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება სწორედ ის არის, რომ წარწყმედილი ცხოვარნი ისევ მათ კეთილ მწყემსთან მივიყვანოთ. შეიძლება ადამიანი იყოს ტყვე ცოდვისა და ეშმაკისა, მაგრამ როგორც მოვა აღსარებაზე ისე უნდა მივიღოთ, შეიძლება არც კი იცოდეს რა უნდა და რას ითხოვს, მაგრამ თუ ღმრთის კაცი ხარ და თუ ჭეშმარიტი მოძღვარი ხარ, უნდა მიიღო და კეთილ გზაზე დააყენო. სწორედ ამას აკეთებს ეკლესია. იგი არის მოსიყვარულე დედა, როგორც უნდა მიხვიდე მასთან მაინც მთელი სიყვარულით მიგიღებს და გულში ჩაგიკრავს. მას არ შეუძლია ხელი გკრას და მოგიშოროს. სწორედ ეს სჭირდება ჩვენგან თანამედროვე  ადამიანს.

მართლმადიდებელი ქრისტიანი არის მხნე, თავისი თავის უფალი. იგი მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ სწამს და არაფერს დათმობს, არასდროს არის შოვინისტი. ის უშიშარია, სადაც უნდა მოხვდეს და მოუწიოს თავისი რწმენის აღიარება, იგი ყოველგვარი შიშის გარეშე მტკიცედ აღიარებს და დაიცავს მას. მაგრამ ამასთანავე მისი გული იმდენად ვრცელი და სიყვარულით აღსავსეა, რომ შეუძლია დაიტიოს და განუსვენოს ყოველ ადამიანს რომელიც მას მიუახლივდება.

მაშასადამე, შეკითხვაზე: როდესაც ადამიანს პატივს ვცემთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვეთანხმებით მის შეხედულებებს? პასუხია, რასაკვირველია – არა. შეიძლება ვინმე რაღაც ხეს სცემდეს თაყვანს, მე არ წავალ და არ დავუმტვრევ იმ ხეს არა იმიტომ, რომ მეც თაყვანს ვცემ მას, არამედ იმიტომ, რომ პატივს ვცემ ამ ადამიანს და მის თავისუფლებას, რომელიც უფალმა უბოძა. მოციქული პავლე როცა ათენში ჩავიდა, როგორც მოციქულთა საქმეებშია აღწერილი, იქ მრავალი კერპი იხილა და მათ შორის ერთი კერპი რომელსა უცხო ღმერთი ერქვა. ქადაგება რომ იწყო წმ. პავლემ უთხრა ათენელებს: “მე თქვენ გიცნობთ როგორც ძალზედ მორწმუნე და მოსავ ხალხს.” არ უთქვამს მათთვის: არ გრცხვენიათ მთელი ქალაქი კერპებით რომ გაგივსიათ და გგონიათ ამით ცხონდებითო. არმედ უთხრა: თქვენ ძალიან კარგი ხალხი ხართ და მთელი გულით ეძიებთ უფალს, ამის დადასტურება ეს კერპია რომელსაც უცხო ღმერთი უწოდეთ და თაყვანს სცემთ. მე სწორედ ამ უცხო ღმერთზე სასაუბროდ მოვედი თქვენთან, რომელსაც მიუხედავად იმისა რომ არ იცნობთ – ეძიებთ და თაყვანს ცემთო. სწორედ ეს არის ქრისტეს მოციქულობა, რომელიც სიყვარულით მივიდა მათთან. არ მისულა რათა განესაჯა, გაენადგურებინა და განედევნა, არამედ მივიდა რათა ჭეშმარიტება ეხარებია მათთვის… როდესაც მიყვარს და პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც თუნდაც ხეს ეთაყვანებოდეს, არ შევურაცხყოფ მის რწმენას, არამედ მივალ და ვეტყვი: მისმინე ძმაო, გხედავ, რომ თაყვანს სცემ ამ ხეს, ეს ნიშნავს რომ ეძიებ უფალს და რადგანაც მეტი არ იცი ასე რომ იქცევი. თუ გინდა მე მოგითხრობ ჭეშმარიტ ღმერთზე, რომელსაც შენ გულის სიღრმეში ეძიებ. ძალზე მნიშვნელოვანია თუ როგორ ვუდგებით ამ ყოველივეს.

ერთ ისტორიას მოგიყვებით: როდესაც უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მყავდა ერთი სერბი მეგობარი, რომელიც იმ დროისათვის მღვდელმონაზონი იყო, ახლა კი სერბეთის ერთ-ერთი ეპარქიის მღვდელმთავარია, მეუფე ქრიზოსტომე. ჩემზე ცოტა უფროსი იყო, მაგრამ მთელი ოთხი წელი ერთად გავატარეთ. ეს ადამიანი გაიზარდა სერბეთში, ათეისტურ ეპოქაში. სწავლობდა სკოლაში, სადაც პირდაპირ ათეიზმს უქადაგებდნენ და 14-15 წლის ისე გახდა, რომ გაგონილიც არ ჰქონდა ქრისტიანობის შესახებ. მისი მშობლები მიწათმოქმედნი იყვნენ და ზაფხულის ერთ დღეს მთელი ოჯახი ყანაში წავიდა სამუშაოდ.  მოსაღამოვდა.  მამა ვარსკვლავების შესახებ უყვებოდა ბავშვებს. პატარა რაიკომ (მეუფეს რაიკო ერქვა ერისკაცობაში) იკითხა: მამა ეს ყველაფერი ვინ შექმნა? მამამისი ერთი უბრალო ადამიანი იყო, ამ კითხვისთვის გაუწყრა შვილს და უთხრა: გაჩუმდი და მეორედ აღარ იკითხო ასეთი რამო. ისეთი წყობა იყო, რომ ღმერთზე საუბარიც კი იკრძალებოდა. ეს საუბარი ბებიამ მოისმინა, მაშინ არაფერი უთქვამს, მაგრამ საღამოს ცალკე უხმო შვილიშვილს: რაიკო, ვიცი გიყვარვარ და არ გამცემ, რაღაცას გეტყვი, მაგრამ ამას თუ სადმე იტყვი, შეიძლება ვეღარ ნახო ბებიაშენიო. ბავშვმა აღუთქვა, რომ არსად იტყოდა. ბებიამ უთხრა: “შვილო, ცა, ვარსკვლავები, დედამიწა და მთელი სამყარო ღმერთმა შექმნაო” და  ბებიამ ყოველ საღამოს იწყო შვილიშვილის განსწავლა სარწმუნოებაში. იგი უყვებოდა მაცხოვარზე, ღმრთისმშობელსა და წმიდანებზე. უთხრა, რომ: ის კლუბი, სოფლის ცენტრში რომ დგას, ადრე ეკლესია იყოო. როდესაც რაიკო 17 წლის გახდა, ბებიამ იგი ღამით წაიყვანა შორს მდებარე მონასტერში და იქ მონათლა ყველასგან ფარულად. ასე გაქრისტიანდა პატარა რაიკო, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ წავიდა მონასტერში, აღიკვეცა ბერად და წარემართა სულიერ ცხოვრებაში. ხედავთ? ბებიამ თავისი უბრალოებითა და მცირე ცოდნით ისე კარგად და ნათლად მიაწოდა სარწმუნოებრივი ცოდნა შვილიშვილს, რომ არ განუკითხავს არავინ, არც მისი მშობლები და არც სახელმწიფო წყობილება. არ უთქვამს: შენი მშობლები იმიტომ არ გესაუბრებიან ღმერთზე, რომ ათეისტური მთავრობის ეშინიათო. არც მთავრობის განკითხვას და ლანძღვას მოჰყოლია. არამედ უბრალოებით ესაუბრა ღმერთზე, დაანახა ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა და ეს საკმარისი აღმოჩნდა ამ ყმაწვილის უფალთან მისაახლოებლად. დღეს ეს ადამიანი ეპისკოპოსია.

მაშ ასე, აქედან უნდა მივხვდეთ, რომ უმთავრესი პრობლემა არის არა ის თუ რა ხდება ჩვენს გარშემო: მწვალებლობანი, გლობალიზაცია და ასე შემდეგ… რა თქმა უნდა, ესეც თავისთავად პრობლემებია, მაგრამ უმთავრესი პრობლემა ჩვენშია. ჩვენ უნდა გავხდეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, უნდა შევიძინოთ სული ქრისტესი, შევიძინოთ მხნეობა, მთელი ჩვენი არსებით შევიყვაროთ უფალი და მაშინ ვნახავთ, რომ მთელი სამყარო მოთავსდება ჩვენს გულში. ვერავინ ვერასდროს შეძლებს ჩვენს რთულ მდგომარეობაში ჩაგდებას. არასდროს გვექნება იმის განცდა, რომ თითქოს ჩვენი რწმენა საფრთხეშია. უფალი ნათელია, შეგიძლია მზის დაბნელება? შეეცადე ჩამოაფარე რაც გინდა, მაინც არ დაბნელდება, არ ჩაქრება. ასეთია მზის ბუნება. აქედან გამომდინარე, ისღა გვრჩება, რომ თვით ჩვენ მოვიპოვოთ ეს ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან, თვით ჩვენ გავხდეთ მადლმოსილნი, გავხდეთ ჭეშმარიტად თავისუფალნი. ვისურვოთ რომ ყველამ შეიყვაროს უფალი და არავინ განეშოროს მას. ასე თუ მოვიქცევით გავხდებით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები და ჩვენი ცხოვრებით განვადიდებთ უფალს. ეს სულიერი სიჯანსაღე ნათლად ჩანს ადამიანში და არა თუ სხვა ადამიანები, არამედ თვით ცხოველებიც კი გრძნობენ ამას. წმ. ისააკ ასური ამბობს: ცხოველებსაც კი აქვთ უნარი რომ შეიცნონ ღმრთის კაცი, ამიტომ წმიდანებს ცხოველები ხშირად არც კი ერჩოდნენ. აბბა გერასიმე ლომთან ერთად ცხოვრობდა მღვიმეში და ცხოველი ემსახურებოდა მას. მოწამეებს გამძვინვარებულ მხეცებთან აგდებდნენ, მაგრამ არც კი ეკარებოდნენ მათ. წარმოიდგინეთ თუ ეს ველური მხეცები შეიცნობენ ღმრთის კაცს, მაშინ სხვა ადამიანები რამდენად უფრო მეტად გრძნობენ ამას. ავიღოთ ერთი ღმრთის რჩეული ადამიანი, რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეს და სადაც არ უნდა იყოს ნათელს მოჰფენს იქაურობას. გვყავდნენ წმიდანები, რომლებიც ხალხს თავს გიჟად აჩვენებდნენ და სისულელეებს სჩადიოდნენ, ქრისტესთვის სულელნი, მაგრამ მიუხედავად ასეთი ქცევისა, მათში არსებული სულიწმიდის მადლით საოცარ ნათელს ფენდნენ მთელ ქვეყანას. თუ ადამიანი გახდება ჭურჭელი სულისაწმიდისა, მაშინ მას ვერც მწვალებლები, ვერც გლობალიზაცია და ვერანაირი გარე ძალები ვერ შეაშინებენ და ზიანს ვერ მიაყენებენ. ამინ!

შინაარსი
სანიშნეები