Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მონაზონი აბიმელექ მცირეწმიდაანელი (1872 – 18 ოქტომბერი, 1966) | PEMPTOUSIA

მონაზონი აბიმელექ მცირეწმიდაანელი (1872 – 18 ოქტომბერი, 1966)

16 November 2015
Monahos Avimelex Mikragiannanitis 18.10.1966

მონაზონი აბიმელექ მცირეწმიდაანელი – სერიოზული, როგორც წინასწარმეტყველი და ტკბილი, როგორც მოციქული

ერისკაცობაში გერასიმე ბონაკისი, იოანესა და დესპინას ვაჟი, დაიბადა კუნძული კრეტის ქალაქ ხანიის აპოკორონუს ეპარქიის სოფელ ემბროსნეროსში. მისი მხურვალე რწმენა და  ადრეული ასაკიდან გამჟღავნებული ჭეშმარიტი სულიერი მოთხოვნილებანი კარგად ჩანდა იქიდან, რომ ჯერ კიდევ სულ პატარა ბავშვი, წყნარსა და უკაცრიელ ადგილებს ეძებდა, რათა იქ გულმხურვალედ ლოცვა შესძლებოდა. 1890 წელს, იგი, როგორც მოწყურებული ირემი, ისე დაეწაფა მრავალნაკადიან მთაწმინდურ წყაროს. მომდევნო წელს მონაზვნად აღიკვეცა პატიოსანი ჯვრის კელიაში, რომელიც კერასიისა და კავსოკალივის შორის მდებარეობს. იქ იგი მორჩილებდა მეტად მკაცრ ბერს – ღერონდა პახუმს. ამის შემდეგ, დაახლოებით თორმეტი წლის განმავლობაში, როგორც დაყუდებული მონაზონი იღწვოდა კარაკალის მონასტერში, წმიდა ანას სკიტის სანაპიროზე, სადაც მან ააგო ღირსი იოანე მეუდაბნოის ტაძარი, ასევე – წმიდა ბასილის სკიტში, სადაც ააგო  წმიდა ნეტართა ტაძარი. 1935 წლიდან იგი სამუდამოდ დასახლდა მცირე წმიდა ანას სკიტის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის კალივაში, რომელიც ღირსი დიონისესა და მიტროფანეს გამოქვაბულის ზემოთ მდებარეობს.

გამუდმებით ეძებდა რა სულიერ სარგებელს, მამა აბიმელექმა შემოიარა საბერძნეთის, კონსტანტინოპოლის, პონტოს, მცირე აზიისა და წმინდა ადგილების მრავალი მონასტერი. ამასობაში იგი არა მხოლოდ იღებდა, არამედ გასცემდა კიდეც სულიერ სარგებელს. აბიმელექი ჭეშმარიტი მონაზონის მაგალითი იყო. მკაცრი საკუთარი თავის მიმართ, თავშეკავებული, არაფრის მქონე, უბოროტო, არავის დამძრახავი. მას ჰქონდა აზრთა სიმწიფე და სიღრმე, არაპატივმოყვარე განათლება, მართლმადიდებლური სულიერება. ყველა ადამიანი, ვინც კი მას იცნობდა, მამა აბიმელექს ახასიათებს, როგორც ზრდილობიანს, ტკბილად მოსაუბრეს, დალოცვილს, ბრძენს, კეთილსა და გულში ჩამწვდომს. მიუხედავად სიბერისა, მან შეინარჩუნა გონების დაუზიანებლობა და სიწმინდე. იგი გახლდათ მღვიძარე მამების თანამედროვე წარმოადგენელი. გარდა ამისა, მამა აბიმელექი  წმიდა ნექტარიოსის მეგობარი და მისი პირველი ბიოგრაფი იყო. იგი ასევე მგობრობდა ა. პაპადიამანდისთან და ა. მორაიტიდისთან. როდესაც ამ უკანასკნელთ მისთვის უკითხავთ, თუ რას აკეთებდა უკაცრიელ ადგილას, მას უპასუხნია: „გონებას ვიცავ“. ხოლო როდესაც უთქვამთ მისთვის, თუ რატომ არ გამოდიოდა გარეთ, რათა სარგებელი მოეტანა ქვეყნისთვის, მას მიუგია: „ამგვარი რამ არ უთქვამს ჩემთვის ღმერთს“. როგორც ხედავთ, ეს პასუხები საკმაოდ ღრმა შინაარსის მატარებელია. მამა აბიმელექზე კრეტის ნეტარი ეპისკოპოსი ტიმოთე შემდეგს ამბობდა: „სერიოზული, როგორც წინასწარმეტყველი, ტკბილი, როგორც მოციქული, დიდი გაძვალტყავებული ასკეტი, თავისი არსებობით მან გამახსენა უდაბნოს დიდი მამები, როდესაც ისინი ღმრთიური მადლით დატვირთულნი ჩამოდიოდნენ ხოლმე…“.

ცხოვრების უკანასკნელ წუთამდე მამა აბიმელექი საკუთარი თავის მკაცრი მოძალადე და თავმდაბალი განდეგილი იყო. ბევრი რამ იცოდა, მაგრამ ცოტას ლაპარაკობდა. ჭეშმარიტი მონაზვნის ტიპი გახლდათ.  მრავალწლიანმა ასკეტურმა სიცოცხლემ მას მისცა სიმშვიდე, გამჭრიახობა და სიკეთე. წლების განმავლობაში ერთი გაყინული გამოქვაბული იყო მისი საცხოვრებელი ადგილი. მისი ჰიმნოგრაფია წარმოაჩენს მის ღმრთისადმი და სიკეთისადმი სიყვარულს. ცხოვრების ბოლო წლებში, თავის ერთ-ერთ წერილში იგი შემდეგს წერდა: „მინდა გაუწყო, რომ მე უკვე სიბერისა და მრავალი სნეულების გამო, რომელთაც უფალი მიგზავნის (ათასი დიდება ჰქონდეს მის სახელს) იმისათვის რომ განმწმინდოს… მრავალი ავადმყოფობით ვარ დამძიმებული, მაგრამ მადლობას ვუხდი ყველაზე მოწყალე ბატონსა და ჩემს შემოქმედს, რადგან იგი მე მასაჩუქრებს მოთმინებით, რათა დავითმინო ყოველივე ეს, როგორც ჩემი სულის წამალი. ძალა აღარ შემწევს იმისა, რომ ჩემი მოვალეობისამებრ ფეხზე ვიდგე, თუმცა ვგულისხმობ იმას, რომ მაინც არ ვჩერდები, დღე-ღამის მსახურების განმავლობაში, თუმცაღა მეტწილად დამჯდარ მდგომარეობაში ხელში ჩემი სკვნილი მიჭირავს და თავმდაბლად ვლოცულობ, შეძლებისამებრ ვცდილობ რომ ჩემი გონება უფალთან იყოს, ვლოცულობ არა როგორც მართალი, არამედ როგორც ცოდვილი, შეუჩერებლად ვეძებ ღმრთის მოწყალებას. შენც ასე გააკეთე, თუკი გსურს სამოთხეში დაიმკვიდრო ადგილი…“.

მამა აბიმელექმა სული უფალს მიაბარა 1966 წლის 18 ოქტომბერს და დატოვა ღირსეული ასკეტის სახელი. მისი შთაგონებით აღსავსე სიცოცხლე მის ჭეშმარიტ სულიერ მეგობრებს დიდ სარგებელს აძლევს.

ბიბლიოგრაფია:

1, მცირეწმიდაანელი მონაზონი გერასიმე, აბიმელექ ბონაკისი. მთაწმიდელი მონაზონი, სარწმუნოებრივი და ზნეობრივი ენციკლოპედია, ათენი 1968, ტომი მე-12, გვ. 805-806;

2, არქიმანდრიტი ქერუბიმი, ნოსტალგიური მოგონებანი ღმრთისმშობლის ბაღიდან, ატიკის ოროპოსი 1981, გვ. 178-179;

3, ანტონიო სტივაკტაკი, გერონდა აბიმელექ მონაზონი, ათონის მთის უდაბნოს ერთი ალმასი, სიტია 2000; ამავე ავტორის, კრეტელი მთაწმიდელი მონაზვნები, იერაპეტრა 2007, გვ. 33-37;

4, მღვდელმონაზონი ანტიპა მთაწმინდელი, კრეტელი მონაზონის – ბერი აბიმელექის ღმრვთისმოსაობის წყარო, ათონის მთა 2006.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, მეოცე საუკუნის მთაწმიდელი სათნო მამების დიდი ღერონდიკონი, მე-2 ტომი, 1956-1983. გვ. 761-764, მიღდონიის გამომცემლობა, პირველი გამოცემა, სექტემბერი 2011 წელი.

შინაარსი
სანიშნეები