როდესაც ბრაზი მოგერევა, პირი ძლიერად მოკუმე

1 February 2016

Gerondas IOsif Isixastis 03

წერ გულში არსებულ შეუცნობელ ბრაზზე. ბრაზი, თავისთავად, ბუნებრივია, როგორც ნერვები სხეულში. ისიც ასევე სულის ნერვს წარმოადგენს. ყოველი ჩვენგანი ვალდებულია ის დემონების, ერეტიკოსი ადამიანებისა და ყოველივე იმის წინააღმდეგ გამოიყენოს, რაც მას ღმრთისკენ მიმავალ გზაზე სიარულში შეუშლის ხელს. და თუკი, ჩვენი ერთსულოვანი ძმების სწავლების მიხედვით, მაინც მოგერევა ბრაზი, ან მდგომარეობიდან გამოდიხარ, შენივე ხელით შექმნილ საქმეებს აფუჭებ. გააცნობიერე, რომ ამ დროს პატივმოყვარეობის სენით ხარ შეპყრობილი და სულის ნერვსაც ზიანს აყენებ. თავი ყველას წინაშე სიყვარულითა და ჭეშმარიტი თავმდაბლობით გადაირჩინე.

სწორედ ამის გამო, როდესაც ბრაზი მოგერევა, პირი მაგრად მოკუმე და არ დაელაპარაკო მას, ვინც შენ გაგინებს ან შეურაცხყოფას გაყენებს, ან გცდის, ან კიდევ, მიზეზის გარეშე, მრავალი ხერხით გვნებს.

იგი (ბრაზი) შენს გულში გველის მსგავსად დაიგორგლება, ყელამდე მიაღწევს და თუკი მას გასასვლელს არ მისცემ, გაიგუდება და დაიტანჯება. და მას შემდეგ, რაც ეს ყოველივე რამდენჯერმე განმეორდება, ნელ-ნელა შემცირებას დაიწყებს, ბოლოს კი სრულად შეწყდება.

ყოველივე ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანი გონიერ და თვინიერ არსებადაა შექმნილი. მისი გარდაქმნა გაცილებით უკეთესად სიყვარულითა და მშვიდი გზითთაა შესაძლებელი, ვიდრე ბრაზითა და ველურობით.

ამ ჭეშმარიტებას მეც მრავალი და დიდი გამოცდის შემდეგ მივაგენი. სიკეთითა და სიყვარულით მრავალი ადამიანის დამშვიდებას შეძლებ, და თუკი ეს ადამიანი კეთილის მოსურნეა, მას სწრაფად დაითანხმებ, რომ ღმერთის ანგელოზად იქცეს.

ამრიგად, ამას შენსა და ყველას გასაგებად ვამბობ. ნურასოდეს მოითხოვთ ვინმეს ბრაზით გამოსწორებას, რადგან საცდურით საცდური არ გაქარწყლდება, არამედ – თავდაბლობითა და გულწრფელი სიყვარულით. როდესაც, ხედავ, რომ ბრაზი არსებობს, წამით თავი მიანებე მას, რათა შეიცვალოს. და, სწორედ მაშინ, როდესაც იხილავ, რომ ბრაზმა გაიარა, მის ნაცვლად კი სიმშვიდე დაგეუფლა, ხოლო შენი ცნობიერება პათოსის (სიძულვილის) გარეშე მოქმედებს, თქვი ის, რაც სარგებელს მოიტანს.

მე არასდროს მინახავს, რომ ბრაზით უკეთესისკენ გარდაქმნა ყოფილიყო შესაძლებელი, არამედ ყოველთვის – სიყვარულით. ასეთ დროს ისიც კი მსხვერპლად ეწირება, ვინც ზეწოლას ახდენს. შენი საკუთარი თავიდან აიღე მაგალითი. როდის მშვიდდები? როდესაც გლანძღავენ თუ როდესაც სიყვარულით გექცევიან?

ნუთუ არა ხარ აღფრთოვანებული იმ სიტყვებით, რომელსაც ერთი წმინდანი პატერიკის წიგნში ამბობს, „რომ ბრაზიანი და შმაგი ადამიანი მაინც ვერ შევა უფლის საბრძანებელში, თუნდაც მკვდარი  გააცოცხლოს “!

ამბობ, რომ პატივს მიაგებ ჩემს სიტყვებს. მაშ, თუკი მართალს ამბობ, შეეცადე ისე მოიქცე, როგორც მე გწერ. ჩაახრჩე ბრაზი, როდესაც ის შენს დასახრჩობად მოვა. ერთხელ, ორჯერ და მრავალ ჯერზე, გველი დამწყვდეული გყავდეს და მაშინვე იპოვნი სიხარულისა და გამარჯვების გზას. სწორედ მაშინ, მყისვე ამოქმედდებიან ის ლოცვებიც, რომელთაც შენთვის წარმოვთქვამ. ხოლო როდესაც დედას, რომელიც ბრაზს შობს, დაამარცხებ, მისი ქალიშვილების სიმრავლეც მაშინვე დაგნებდება.

იმიტომ, რომ, ბრაზი და სურვილი ის ძირითადი ვნებანია, რომელიც სხვა დანარჩენს წარმოშობს.

მაშასადამე, ყოველ ჯერზე, მთელი შენი ძალით გულში ჩაიკალი ბრაზი, როგორც კი ის ადგილიდან დაიძვრება და ყოველ მომავალ ჯერზე, მას უფრო დასუსტებულს შეიგრძნობ. გამუდმებით მისდიე მას, ურტყი და თავი წააწყვიტე, როდესაც ნახავ, რომ ზევით წამოწია. ძალიან მალე შენში სიმშვიდე დაისადგურებს, რაც ბრაზისგან შორს ყოფნის შედეგია. შემდეგ კი სიმშვიდეს, მადლიერებასა და სხვა მრავალ სიკეთეს მიჰყევი.

ასე რომ, წინააღმდეგობა გაუწიე. გონებას ნუ მიუშვებ თავის ნებაზე, არამედ ლოცვით შეეწინააღმდეგე. ვაჟკაცურად შეებრძოლე და არა დუნედ. ხოლო ისინი კი მაშინვე დაუძლურდებიან. თუკი ამგვარად მოიქცევი, შენში სიწმინდისა და უმწიკვლობის ყვავილი გაიფურჩქნება, შენს სულს კი აღუწერელი სიხარული მოიცავს, და გეცოდინება, რომ აქედანვე შენთვის მომზადებულია ნეტარების ადგილი.

*გერონდა – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

(„მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა“, ფილოთეოსის წმინდა მონასტრის გამოცემა, მთაწმინდა,  ნაწყვეტები  ახალ ბერძნულ ენაზე დაწერილი  პასუხებიდან)

შინაარსი
სანიშნეები