ერთი წმინდა ოჯახის შესახებ – ღირსი ქსენოფონტი და მისი სინოდია
12 February 2016მართლმადიდებელი ეკლესია 26 იანვარს/8 თებერვალს ზეიმობს და პატივს მიაგებს ღირსი ქსენოფონტისა და მისი ოჯახის წმიდა სახელს. ღირსი ქსენოფონტი, მისი მეუღლე მარიამი და მათი ორი შვილი – არკადი და იოანე წმიდა ოჯახის მაგალითს წარმოადგენენ, მათი ამბავი მეტად ჭკუის სასწავლებელია ჩვენს ეპოქაშიც კი. არსებობს საერთო აზრი და წუხილი იმის შესახებ, რომ ჩვენს თანამედროვეობაში ოჯახის ინსტიტუტი დიდ კრიზისს განიცდის და ყველა ის ადამიანი, ვინც კი სწორად აზროვნებს, ეძებს საყრდენ წერტილს, იმისათვის რომ გააძლიეროს საზოგადოებრივი ცხოვრების ის უჯრედი, რომელსაც ოჯახი წარმოადგენს. იმ წმიდანთა ცხოვრების მაგალითი, რომელთა ხსენების დღესაც აღნიშნავს ჩვენი დედა ეკლესია, მეტად ყურადსაღები და ჭკუის სასწავლებელია ქრისტიანთათვის. ეკლესია ხომ სწორედ ამ მიზეზით წარმოაჩენს წმიდანთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
წმიდა ქსენოფონტი და მისი მეუღლე მარიამი იუსტინიანეს მეფობის დროს ცხოვრობდნენ. ისინი კონსტანტინოპოლის მდიდარ და წარჩინებულთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ. ხშირად არ ხდება ხოლმე ისე, რომ ღმრთისმოსაობას თან სიმდიდრეც ახლავდეს, მაგრამ ქსენოფონტი და მარიამი როგორც კარგი ქრისტიანებიც იყვნენ და ასევე – ყაირათიანებიც. მათ ორი შვილი ჰყავდათ – არკადი და იოანე, მშობლებიც გამუდმებით მათ გზაზე დაყენებასა და მომავალზე ზრუნავდნენ. ეს ხომ ყველა კარგი მშობლის ზრუნვის საგანსა და ოცნებას წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, ქსენოფონტმა და მარიამმა თავიანთი ვაჟები აღზარდეს და უფლის გზაზე დააყენეს, შემდგომ კი, უკვე იზრუნეს, რომ შვილები ცხოვრებისათვის აუცილებელი მატერიალური საშუალებებითაც უზრუნველეყოთ. შესაძლოა, დღეს ამ ქმედებას უფრო უკეთესად აღვიქვამთ, ვიდრე ეს სხვა ნებისმიერ ეპოქაში იყო, რადგან სწორედ ჩვენს თანამედროვეობაში, მშობლებს ძალიან აწუხებთ თავიანთი შვილების ამა თუ იმ პროფესიით უზრუნველყოფა.
არკადიმ და იოანემ კონსტანტინოპოლში დაწყებითი განათლება მიიღეს, რადგანაც მშობლებს ამის საშუალება ჰქონდათ გადაწყვიტეს, რომ ისინი სასწავლებლად ბეირუთში გაეგზავნათ. მათი სურვილი იყო, რომ იქ მათ ვაჟებს სამართალი შეესწავლათ. მაშინ, ბეირუთი უმაღლესი განათლების ცენტრად იყო მიჩნეული. ასე რომ, ბიჭებმა მიიღეს თავიანთი მშობლების ლოცვა-კურთხევა და გაემართნენ იმ ქალაქში, სადაც უნდა მოეძებნათ უმაღლესი სკოლები და მასწავლებლები, რათა შეესწავლათ ის მეცნიერება, რომელიც მაშინ დიდად მოთხოვნადი იყო და რომელიც შემდგომში, უზრუნველყოფდა მათ წარმატებულ კარიერას ბიზანტიის დიდი იმპერიის საჯარო სამსახურებში. ისინი ზღვით მოგზაურობდნენ, მაგრამ აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში, თუ როგორი გემები იყო მაშინ და აქედან გამომდინარე აღარ გაგვიკვირდება, რომ გემმა აიღო თუ არა უცხო მხარისკენ გეზი, დაიღუპა და ქსენოფონტმა და მარიამმა დაკარგეს თავიანთი შვილების კვალი.
იმ ეპოქაში, ზღვის ღელვისას ხშირად იღუპებოდნენ გემები, გარდა ამისა, არ არსებობდა არც ის საშუალებები, რაც კი დღეს გაგვაჩნია, ამიტომ ვერავინ იგებდა გემის დაღუპვის შესახებ და ვერც იმას, თუ რა მოჰყვებოდა ამ ტრაგედიას. სწორედ ამ მიზეზით, მშობლებს თავიანთი შვილების კვალი სრულიად დაეკარგათ და არც იმის შესაძლებლობა გააჩნდათ, რომ რაიმე გზით მიეკვლიათ მათთვის ან გაეგოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ამიტომაც ძებნა დაიწყეს და კონსტანტინოპოლიდან გაეშურნენ ჯერ სირიის მხარეში, შემდეგ კი – პალესტინაში. იმედი ჰქონდათ, რომ თავიანთ შვილებს სადმე მიაგნებდნენ. ეს ძალიან თამამი გადაწყვეტილება იყო და თავიდანვე წარუმატებლობისთვის განწირული. თუმცა, ორმა ქრისტიანმა მშობელმა მოგზაურობა დაიწყო თავიანთი შვილების სიყვარულითა და უფლის იმედით. და არც მოტყუებულან, რადგან ის, რაც არ შეუძლიათ ადამიანებს, შეუძლია უფალს, „ხოლო სასოებამან არა არცხვინის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა“.
და ასე, შვილების საძებნელად წამოწყებული ხეტიალისას, ქსენოფონტი და მარიამი იერუსალიმში მივიდნენ. იმ დროს, წმიდა ქალაქი საეკლესიო და სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა. წმიდა ელენეს თაოსნობით იქ უამრავი უმშვენიერესი ეკლესია აეშენებინათ, ასევე იყო მრავალი მცირე თუ დიდი მონასტერი, რომლებშიც ღვაწლმოსილი მონაზვნები და მამები ეწეოდნენ ასკეტურ ცხოვრებას. სწორედ იერუსალიმში, სადაც ქრისტიანი მეუღლეები უფლის მიერ იყვნენ წარგზავნილები, ქსენოფონმა და მარიამმა იპოვნეს თავიანთი შვილები – არკადი და იოანე. მაგრამ საინტერესოა, თუ როგორ იპოვნეს ისინი და რა მდგომარეობაში? არკადი და იოანე, როგორც მოსალოდნელი იყო, არ იყვნენ გემის დაღუპვას გადარჩენილი გაღატაკებული, ქუჩებში მოხეტიალე ახალგაზრდები, არამედ, მონაზვნის სამოსში ტგამოწყობილი ორი ახალგაზრდა გახლდათ. როგორც ჩანს, ზღვაზე ატეხილი ღელვა ამ ქვეყანაზე ორი ძმისათვის მომხდარი ხელსაყრელი შემთხვევა იყო – ბეირუთში სწავლის მაგიერ, ისინი მონაზვნებად აღკვეცილიყვნენ იერუსალიმში. შესაძლოა, სწორედ განსაცდელის ჟამს აღუთქვეს მათ უფალს, რომ გადარჩენის შემთხვევაში მონაზვნებად აღიკვეცებოდნენ.
საოცარია ასევე ისიც, თუ როგორ შეხვდნენ და იდღესასწაულეს მშობლებმა თავიანთი შვილების პოვნა. განა, დამწუხრებულან, როდესაც ისინი მონაზვნების ტანისამოსით შემოსილნი უხილავთ? ანდა, განა მოუსურვებიათ, ვაჟების მონასტრიდან წამოყვანა და მათი სახლში დაბრუნება? ასე მრავალი მშობელი იქცევა, როდესაც თავიანთ შვილებს მონაზვნებად ხედავს. ქსენოფონი და მარია კი, როგორც სათნო და ღმრთისმოშიში ქრისტიანები, სულ სხვაგვარად მოიქცნენ. თავიანთი შვილების პოვნით უზომოდ გახარებულნი და უფლისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღვსილნი თავადაც მონაზვნებად აღიკვეცნენ. ასე რომ, ქსენოფონტმა და მარიამმა, არკადიმ და იოანემ ახალი ოჯახი შექმნეს, ანდა უფრო უკეთესად რომ ვთქვათ, ისინი მონასტრული ერთიანობის მაგალითად იქცნენ. გონიერება და სიწმინდე მართლმადიდებლობის კანონი და სამოთხეა. ამინ.
(Μητροπ. Σερβίων και Κοζάνης Διονυσίου +, Εικόνες Έμψυχοι , εκδ. Αποστ. Διακονία, σ.182-184