ერთი რამ ბერ იოსებზე

22 February 2016

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ წმიდა ადამიანების ცხოვრების სრულყოფილი სურათის შესაქმნელად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა მონათხრობი, რომელნიც ამ წმიდანებთან ახლოს ცხოვრობდნენ და მათი თანამებრძოლნი იყვნენ ასკეტურ ცხოვრებაში.

ბერ იოსებთან ახლოს განისვენებდა და თავის სათნოებაში მტკიცდებოდა მრავალი სულიერი მამა, მათგან ორი ამჟამადაც ცოცხალია. (ჩანაწერი გაკეთებულია 2009 წლამდე) ესენი არიან:

elder-joseph-of-vatopaidi-1 s

  1. ბერი იოსებ ვატოპედელი, წარმოშობით კვიპროსელი მამა, რომელიც იღწვის ათონის წმიდა მთაზე და ხელმძღვანელობს ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის ხალხმრავალ ძმობას, როგორც მეტად ძვირფასი მოკავშირე და მარჯვენა ხელი ამავე მონასტრის იღუმენის – არქიმანდრიტ ეფრემისა.

Gerontas Efraim Filotheitis (Arizona) sml

 

2. ათონის მთის ფილოთეოსის წმინდა მონასტრის ყოფილი იღუმენი – არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეოსელი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივად იმყოფება ამერიკის კონტინენტზე. სწორედ იქ, უფლის ნებით, მამა ეფრემს პატივი ერგო, რომ დაეარსებინა დედათა და მამათა თვრამეტი მონასტერი. ბერმა ეფრემმა ამ მონასტრებში დააწესა ათონის წმიდა მთის ასკეტური ცხოვრების გამოცდილება, ზუსტად იმ ფორმით, როგორც ეს ჰქონდა ნასწავლი თავისი სულიერი მოძღვრის იოსებ ისიქასტისაგან.

მამა ეფრემმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი არიზონაში არსებული წმიდა ანტონის მონასტრიდან, რომელიც წარმოადგენს მისი სასულიერო მოღვაწეობის საყრდენს, გაგზავნა გულში ჩამწვდომი სიტყვა ორდღიან კონფერენციაზე წასაკითხავად. კონფერენცია ჩატარდა 2006 წლის 27-28 მაისს, “ჰეკატონტაპილიანის (ასკარიბჭიანი) ღვთისმშობლის“ წმინდა ადგილას, კუნძულ პაროსზე და მიეძღვნა ბერ იოსებ ისიქასტის ხსოვნას. იმისათვის რომ ჩვენმა მკითხველმა მიიღოს სულიერი სარგებელი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ სიტყვას და გულწრფელად გვწამს, რომ უფალი ღირსი იოსების შუამავლობით დაიფარავს და უგულშემატკივრებს ჭაღარა ბერს – მამა ეფრემს, რათა მან განაგრძოს თავისი მოღვაწეობა და თანამედროვე სამყაროს ხშირად მიაწვდინოს მართლმადიდებლური სიტყვა:

„ძვირფასო მამებო და ძმებო,

ქრისტე აღდგა!

თავმდაბლად ვუსურვებ ყოველ თქვენგანს ყველა კურთხევასა და ყველა სიკეთეს, მკვდრეთით აღმდგარი ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს, ჩვენი  ცხოველმყოფელი იმედისა და ჩვენი სულების მაცხოვრის შემწეობით.

თქვენო უწმინდესობავ იღუმენო, ყოვლად პატივსაცემო ბერო ქრისოსტომოს,

უმორჩილესად გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულითადი მადლობა იმისათვის, რომ პატივი დამდეთ და მომიწვიეთ მონაწილეობის მისაღებად ორდღიან კონფერენციაში, რომლის ორგანიზებაც ითავეთ პარონაქსოსის წმიდა ეპარქიის ეგიდით, მისი მაღალყოვლადღირსება მიტროპოლიტი ამბროსის ლოცვა-კურთხევითა და იმ წმიდა მონასტრის მეშვეობით, რომელსაც, როგორც გამოცდილი საჭთმპყრობელი, ისე მართავთ,  ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და შემწე.

თუმცა, ისევე როგორც წინა კონფერენციებისას, მინდა ახლაც ბოდიში მოგიხადოთ, რომ ვერ შევძელი პირადად მიმეღო კონფერენციაში მონაწილეობა. ასაკი, ავადმყოფობა და ასევე ჩემი სულიერი მოვალეობა არ მაძლევს ამგვარი გადაადგილების საშუალებას.

ახლა კი, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ მიზნად დაისახეთ, იზრუნეთ და ორგანიზება გაუკეთეთ ამ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ყოვლად თაყვანსაცემ ჩემს წმიდა ბერს – იოსებ ისიქასტს, სწორედ იმ ადგილას, სადაც წმიდა მამა დაიბადა – კიკლადების „ათონის მთაზე“, კუნძულ პაროსზე. მადლობას ვუხდი ასევე მიტროპოლიტ ამბროსის იმ სიყვარულისათვის, რომელიც მას გააჩნია ბერ-მონაზვნობის მიმართ და გულწრფელად ვასხამ ქება-დიდებას იმ დაუღალავ ზრუნვასა და ღელვას, რომელსაც ის ამჟღავნებს თავისი სამწყსოს ლოგიკური სულიერი მომზადებისათვის. დაე, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა, რომელსაც განსაკუთრებით მიაგებენ პატივს თქვენს კუნძულზე, წყალობით გადმოგვხედონ არა მარტო ჩვენ – სულიერ მამებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც კი ფხიზლად არის დღევანდელ აგრერიგად რთულ ეპოქაში, ვისაც გულში ღმრთის შიში არ განელებია, რათა მისი სული უკვდავებით ცხონდეს.

ნება მიბოძეთ ორი სიტყვა გითხრათ და მაპატიეთ, თუკი მრავალსიტყვაობით მოგაბეზრეთ თავი და დრო წაგართვით.

ჩემი სულიერი მოძღვარი – ბერი იოსები მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლობდა და იესო ქრისტეს ლოცვას იმეორებდა გონებაში (გონებრივი ლოცვა). და ჩვენც – მისი მორჩილები ამასვე ვაკეთებდით. მე, სხვებთან შედარებით, ყველაზე პატარა და შესაბამისად, უჭკუოც ვიყავი. ჩემი ქოხი (კალივა) კი ბერ იოსებთან ყველაზე ახლოს იდგა, ამიტომაც ღამით, როდესაც წმიდა მამა ფხიზლობდა, მასთან მივდიოდი, რომ ჩემი გულისთქმების შესახებ მომეთხრო და აბა, როგორღა ვიფხიზლებდი. მაშინ ღერონდა იოსები მამობრივად მარიგებდა ხოლმე, მოჰყავდა მაგალითები, როგორც საკუთარი პირადი გამოცდილებიდან, ისე – ათონელი წმიდა ასკეტების – როგორც ძველების, ისე ახლების ცხოვრებიდან, მათ შორის მრავალს პირადად იცნობდა და იზიარებდა მათ სულის საცხონებელ სწავლებას.

ღერონდა იოსები შემდეგს მეუბნებოდა: უნდა იყო ქერუბიმთა და სერაფიმთა მსგავსი მრავალთვალიანი, რათა გაფრთხილდე დემონური გულისთქმებისა და ფანტაზიებისაგან. როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე უნდა შეეწინააღმდეგო მათ ლოცვით: „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“, შეპასუხებითა და თვითსაყვედურით. რათა დასაწყისიდანვე თავიდან ავიცილოთ ბოროტება  გულმოდგინეობითა და მზადყოფნით. არ უნდა მივცეთ ეშმაკს იმის უფლება, რომ დაგვაბას და  ჭუჭყიანი შეგრძნებებითა და ფანტაზიებით გაგვიტაცოს.

და თუკი ჩვენ ეშმაკის თავდასხმას ამგვარად მოვიგერიებთ, ანუ მტრის პირველი შემოტევისთანავე, მაშინ ჩვენ უვნებელნი, დაუზიანებელნი და დაუმარცხებელნი დავრჩებით. სწორედ ასეთი მიდგომით მებრძოლი დაიდგამს გვირგვინს და მოიპოვებს ეშმაკზე გამარჯვებას.

გარდა ამისა, მამა იოსები ამას მეუბნებოდა: ჩემო შვილო, უნდა ვილოცოთ ჩვენი მიცვალებულებისათვის, რადგან იქ, სადაც ისინი იმყოფებიან და თუკი იტანჯებიან კიდეც, მოუთმენლად ელოდებიან ჩვენგან თუნდაც ერთ პატარა სკვნილს, ერთ მცირე ლოცვას, რათა გაიგრილონ ბაგენი სულიერი ტანჯვისაგან. ისინი ღმერთს ევედრებიან, რომ ვინმე მათი შთამომავლებიდან სასულიერო პირი გახდეს და ისინი თავის ლოცვებში მოიხსენიოს. მათ ლოცვასა და ოხვრას მათთვის სარგებელი უკვე აღარ მოაქვს, რადგან „საიქიოში არ არსებობს მონანიება“. დაე, ნუ უგულებელვყობთ მათ საშინელ ტკივილს.

დაე, ისინი მოვიხსენიოთ ჩვენს საკუთარ ლოცვებში. მოვიგონოთ მათი სახელები საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისას. შევევედროთ უფალს, რომ გაუგრილოს მათ გულები, და თუკი შესაძლებელია, გაათავისუფლოს ისინი ამ საშინელი ტანჯვისაგან მისი მეორედ მოსვლის ჟამს. უნდა იცოდე, რომ იესო ქრისტე ჩვენს ლოცვებს ელოდება, რათა იპოვნოს მიზეზი მათ შესაწყალებლად. და რა თქმა უნდა, ეს სულიერი წყალობა შეუდარებლად აღემატება იმ წყალობას, რასაც უფალი ჩვენ მიმართ, ანუ ცოცხალი ადამიანების მიმართ ამჟღავნებს. უნდა გახსოვდეს, თუ როგორ ელოდებიან მას საბრალო სულები!!!

აი, ამას და სხვა უამრავ სულისათვის სასარგებლო რამეს გვასწავლიდა ჩვენ ეს წმიდა ადამიანი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან მათგან მხოლოდ მცირე რამის გამოყენება შევძელი ჩემს ცხოვრებაში, სწორედ ამის გამო, გულითადად გთხოვთ, გადარჩენის პოვნა მისურვოთ. მაშ, მინდა რომ იესო ქრისტემ წარმატებით წარმართოს ამ ორდღიანი კონფერენციის მუშაობა და უხვად დააჯილდოვოს ყოველი თქვენგანი თავისი წყალობით  იმ სიყვარულისა და  თაყვანისცემისთვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ ჩემი წმინდა სულიერი მოძღვრის – ბერი იოსებ ისიქასტის მიმართ, რომლის სახელსაც პატივს მივაგებთ დღეს.

პატივისცემით, დაუღალავი ლოცვა-კურთხევითა და ქრისტესმიერი სიყვარულით“.

გაგრძელდება…

წყარო: გეორგიოს ტრიანდაფილუ, წმიდა ბერი იოსებ ისიქასტი, მღვიძარე მამა და მოძღვარი (თავმდაბალი მიმოხილვა მისი ცხოვრებისა და საქმიანობის), პაროსის თაფსანონის „მირტიდიოტისის ღმრთისმშობლის“ სახელობის წმინდა ისიქასტირიონის გამოცემა. 

Σχετικά άρθρα ბერი იოსებ ისიქასტი
შინაარსი
სანიშნეები