როდესაც მამა პაისს ესაუბრებოდი, ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოსდა ღმერთთან იყავი ჩახუტებული

31 March 2016

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წინასწარმეტყველური ნიჭი იშვიათად მჟღავნდება ხოლმე და ისიც, არა რაიმეს დასამტკიცებლად, არამედ – სულთა საკეთილდღეოდ. ერთხელ, ბერი პაისი მოინახულა ახალგაზრდა ძმამ, რომელიც გულში კიცხავდა  იღუმენს იმისათვის, რომ მან არ მისცა მოკლე გარედან მოსაცმელი. მანამ სანამ ძმა ბერს გაუმჟღავნებდა თავის გულისთქმას, ღერონდამ მას ასე მიუგო: „შე დალოცვილო, რატომ ფიქრობ იმაზე, რომ შენმა მოძღვარმა არ მოგცა გარედან მოსაცმელი?“.

მამა პაისი ხშირად ამხნევებდა ახალგაზრდა მონაზვნებს, როდესაც ისინი თავიანთი სისუსტეების გამო წუხდნენ, მაგალითად ისეთ ადამიანურ უძლურებაზე, როგორიცაა ეჭვიანობა, შური. ამგვარ სისუსტეებს ბერი ბავშვურ შეცდომებს უწოდებდა. ბუნებრივია, ასევე ურჩევდა მონაზვნებს, რომ მართებდათ მომწიფება და ამგვარი სისუსტეების დაძლევა.

Geronda Paisios agioritis 12

ღირსი პაისი ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტრის საძმოსთან ერთად (1978). ეს ფოტო მოგვაწოდა ნავპაკტოსის მაღალყოვლადუსამღველოესმა მიტროპოლიტმა იეროთეოსმა.

ბერ პაისს უამრავ სხვა სათნოებასთან ერთად, ახასიათებდა ასევე გამოცნობა-გარჩევის უნარი. იგი ეხმარებოდა ყოველ სულს თავისი მისწრაფებისა და ღმრთის მიერ ბოძებული მოწოდების აღმოჩენაში, იმისათვის, რომ მას მოეპოვებინა ჭეშმარიტი ნეტარება.

მისი სიყვარული მთელ სამყაროს სწვდებოდა. მამა პაისი უამრავ ადამიანს და განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს დაეხმარა იმაში, რომ მათ ერში ქრისტიანულად, ოჯახური ცხოვრებით ეცხოვრათ.

როდესაც ღერონდას ესაუბრებოდი, ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოსდა ღმერთთან იყავი ჩახუტებული.

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ მამა პაისი დოგმატური მოთხოვნების მიმართ ძალიან მგრძნობიარე იყო. ერთხელ, მან ასეთი რამ მომწერა: „დოგმები არ შედიან ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში“. ამ საკითხშიც იგი მიჰყვებოდა ათონის წმიდა მთის წმიდა მამათა გზას, რომლებსაც სწამდათ და რომლებიც ღაღადებდნენ იმას, რომ ადამიანის გადასარჩენად არა მარტო სათნოება, არამედ რწმენის ორთოდოქსიაც აუცილებელია.

თავისი წმიდა ცხოვრება ბერმა პაისმა საკუთარი წმიდა სიკვდილით აღბეჭდა. მან მეტად მტკივნეული ავადმყოფობა ისე მიიღო, როგორც უფლის საჩუქარი. ახარებდა ის აზრი, რომ ერში მცხოვრები ქრისტიანები, რომელთაც ამ ავადმყოფობის გაგონებისთანავე ტანზე ჟრუანტელი უვლიდათ, გამხნევდებოდნენ, როდესაც შეიტყობდნენ, რომ იგივე სენით მონაზვნებიც იტანჯებოდნენ.

მამა პაისს უკვე დამარცხებული ჰქონდა ეგოიზმის გრძნობა. ამიტომაც გაუსაძლისი ტკივილებით საწოლს მიჯაჭვული საკუთარი სენის გამო კი არა, თავის მოყვასთა ტანჯვათა გამო წუხდა.  იგი სიცოცხლის უკანასკნელი დღეების განმავლობაშიც კი, სხვა ადამიანთა პრობლემებით იყო დაინტერესებული. ერთ ღმრთისმოსავ ცოლ-ქმარს, რომელმაც ბერი სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე მოინახულა და რომელსაც გასათხოვარი ქალიშვილები ჰყავდა, ასე უთხრა: „გიბრძანებთ, რომ თქვენი ქალიშვილების გათხოვებით დაინტერესდეთ“. მისი ლოცვით, მისი ეს ბრძანება და სურვილი შესრულდა.

საუკუნო ხსენება გქონოდეს ყოვლად პატივსაცემო ღერონდა. მადლობას გიხდით ყოველივე იმისათვის, რაც კი გვიწყალობე. მადლობას გიხდით, რომ გვამხნევებდი, მხარში გვედექი, შუაგვმდგომლობდი შენი სიტყვებითა და შენი ცხოვებით. ვინატრებდი, რომ ჩვენც ისე გამოვყოლოდეთ შენს კვალს, როგორც შენ მიჰყვებოდი ჩვენი მხსნელისა და უფლის – იესო ქრისტეს ნაკვალევს.

ათონის წმიდა მთა, 25 მარტი, 2004 წელი

შინაარსი
სანიშნეები