უფლისადმი სიყვარული და ადამიანის თავისუფალი არჩევანი

4 April 2016

„ღმერთი სიყვარულისაჲ არს“ გვეუბნება იოანე მახარებელი (იოანე I ეპისტოლე. 4:8). მართლაც, რომ ეს უფლის საუკეთესო დახასიათებაა იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა არის ღმერთი.

წმიდა დიონისე არეოპაგელის და ეკლესიის აპოფატიკური ღმრთისმეტყველების თანახმად, ღმერთი ადამიანის მიერ შექმნილ ყველა ცნებაზე მაღლა დგას. იგი არც სულია, არც სიტყვა, არც ძალა, არც სინათლე, არც სიცოცხლე, არც არსი, არც დრო, არც მეცნიერება, არც ჭეშმარიტება, არც მეუფება, არც სიბრძნე, არც სიკეთე… (იხ. მისტიკური თეოლოგიის შესახებ, თავი V).

თუმცა, ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ შესაძლებელია, გამონაკლისი გავაკეთოთ სიტყვა „სიყვარულის“  შესახებ. ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა სიყვარული.

Agapi tou Theou 100

და მართლაც, ღმერთი, ჩვენი მამების ღმერთი, ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და თუნდაც „სამართლიანად“ ადამიანური განსჯის მიხედვით არ არის დამსჯელი. იგი იმ სამართლიან მილიციელს არ ჰგავს, რომელმაც წესრიგი უნდა დაამყაროს და დაწყვრილებით უნდა აღნუსხოს ჩვენი შეცოდებანი. იგი არც სამართლიანი მოსამართლეა, რომელმაც მიუკერძოებლად უნდა განსაჯოს, რათა სიმართლე წარმოაჩინოს და სამაგალითოდ დასაჯოს დამნაშავე და აღადგინოს სამართლიანობა და დააკმაყოფილოს სამართლებრივი ნორმები.

მაგრამ ჩვენი უფალი არ არის ამდაგვარი „სამართლიანი“. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი იყოს! უფალი არის ჩვენი მამა. ღმერთი „სიყვრული არს“.

ადამიანური უძლურებიდან გამომდინარე მრავალი ამ შეკითხვას შეცბუნებით სვამს:

„და რატომ არსებობს ამდენი მწუხარება, ამდენი უსამართლობა და უბედურება ამ ქვეყანაზე, თუ ღმერთი სიყვარულია?“

ამის პასუხად შეგვიძლია მოვიხმოთ ნეტარი მამის ეპიფანე თეოდოროპულუს სიტყვები:

“… ქრისტეს გარეშე სამყარო აბსურდის თეატრის მსგავსია. ქრისტეს გარეშე  არაფრის ახსნა არ შეგვიძლია: რატომ არსებობს მწუხარებანი, უსამართლობა, წარუმატებლობა, ავადმყოფობა? რატომ? რატომ? უზომოდ დიდი შეკითხვაა „რატომ“. ამის გაგება ძნელია. ადამიანს თავისი შეზღუდული ლოგიკით არ შეუძლია, ამოიცნოს პასუხი შეკითხვაზე „რატომ“. მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით ხდება ყველაფერი ახსნადი. ჩვენ გვამზადებენ საუკუნო ცხოვრებისათვის. იქნებ იქ მაინც გავხდეთ ღირსნი მივიღოთ პასუხი ზოგიერთ შეკითხვაზე „რატომ“…“ (მამა ეპიფანე თეოდოროპულუ, დიალოგი ერთ მარქსისტთან, კალამატა, 1989 წ., გვ.20).

მაშასადამე, ღმერთი არის სიყვარული და მას უყვარს ადამიანი, მისი ქმნილება. მას მუდამ სურს მასთან ერთობა: სიყვარულებრივი ერთობა საყვარელ ადამიანებთან. ადამიანსაც, როგორც პიროვნებას, შეუძლია უფლის პიროვნულად შეყვარება, ვინაიდან ჭეშმარიტი სიყვარული პიროვნებისადმი შეიძლება არსებობდეს. ცხოველები, საგნები, იდეები თუ ფილოსოფიები შეიძლება და საჭიროა ნაწილობრივ და არა სრულ ინტერესს იწვევდეს ადამიანში. და ამიტომ, თუ ამდაგვარ საკითხთა მიმართ ჩვენი უბრალო მოწონება და ინტერესი ზღვარს გადასცდება, ამ გრძნობის გადაგვარება მოხდება და იგი არავითარ შემთხვევაში ჭეშმარიტ სიყვარულში კი არა, არამედ პირიქით – ვნებასა და სულიერ უძლურებაში გადაიზრდება. ჭეშმარიტი და პიროვნული სიყვარული ღრმად შეძრავს ადამიანის გულს და მას საყვარელი ადამიანისკენ იზიდავს.

ჩვენი პიროვნული ღმერთი ფილოსოფოსთა და სკეპტიკოსთა ღმერთი კი არ არის, არმედ იგი მამათა ჩვენთა ღმერთია, რომელიც პიროვნებაა და არა იდეა.

უფალი თავისი განუზომლად დიდი სიყვარულით მისი პირადი ქმნილებისადმი, ადამიანისადმი, მის ხელთუქმნელ ქმედებებში გამოვლინდება და შედის მასთან ერთობაში, ქრისტეში სიყვარულის ერთობაში, მის ეკლესიაში.

ჭეშმარიტი და უსაზღვრო სიყვარულის წინაპირობა კი თავისუფალი ნებაა. შეუძლებელია ვინმეს სხვა ადამიანი ძალდატანებით უყვარდეს და საჭიროების გამო აკეთებდეს ამას.

წმიდა ღმერთი მოკრძალებით, მამობრივი პატივისცემითა და სიყვარულებრივი განწყობით უდგება ადამიანს, ვინადიან სურს, რომ იგი თავისუფალი იყოს, თუმცა ელოდება მის პიროვნულ თავისუფალ არჩევანს. ეს არჩევანი კი ადამიანის ცხოვრების გზაზე უფლის არჩევას, მიღებასა ან მის უარყოფაში მდგომარეობს.

ღმერთი თავად გვიახოლვდება ჩვენ და საკუთარ თავს გვიმჟღავნებს, მაშინ როცა თავისუფალი არჩევნის გზით სიყვარულით მივიღებთ მას ჩვენს ცხოვრებაში. ამ დროს ჩვენ გაგვიმჟღავნებს იგი მის მადლსა და დიდებას და ჩვენც მისი კურთხეული თანამყოფობით დავტკბებით. გამოცდილებით ვსწავლობთ, თუ რას ნიშნავს უფალთან ერთად ცხოვრება და როგორია მასთან ერთობაში ყოფნა. თუ მისგან ეს არ გაგვეხსნა, ჩვენ ჩვენდა თავად არ ძალგვიძს მისი პოვნა, მისი ამოცნობა, ჩვენი შემოქმედისა და დამბადებელისა.

ჩვენ კი ამის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებთ და მას უარვყოფთ და განვდევნით მას ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენ არ გვიყვარს იგი, როცა უგულებელსვყოფთ მის მცნებებს, მისი სიტყვების თანახმად: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (იოანე 14:21). არ ვისმენთ მის მოწოდებას და მარტონი ვრჩებით უფლის გარეშე,  უუნარონი შევიყვაროთ, ვიგემებთ რა ჩვენი გადამეტებული ეგოიზმით გამოწვეულ უიმედოდ მწარე და ძლიერ სულიერ ტკივილს.

უფალი გვაძლევს უფლებას, თავად ავირჩიოთ, გვსურს თუ არა მასთან ყოფნა. იგი ამას არ გვაიძულებს. იგი ჩვენ დელიკატურად გვეხმარება, დავძლიოთ ჩვენი ადამიანური სისუსტეები და ავირჩიოთ ჩვენი ინტერესის სფეროები. მიუხედავად იმისა ვაცნობიერებთ თუ არა ამას, ჩვენს ინტერესში სწორედ მისი პოვნა, მისი შეცნობა, მასთან ერთობა და მასთან ერთად ყოფნა შედის. სწორედ ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, ამისათვის შეგვქმნა მან.

„და ესე არს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე“ (იოანე 17:3).

უფალს საკუთარი მიდგომა აქვს, როგორ მიუახლოვდეს თითოეული ადამიანის სულს, როგორ მიიზიდოს იგი მისკენ. იგი ადამიანის სულს აუწყებს მისი ყოფნის შესახებ, ესაუბრება მას, აძლევს შანსებს, მიზეზებს და საშუალებებს მიუახლოვდეს მას და მანაც, ამ სულმა, შეიცნოს იგი, გაიხაროს და შესთხოვოს ადამიანმა უფალს, დარჩეს მასთან.

თუ ადამიანის სული ღმრთის მადლით, მიუახლოვდება უფალს და მოისურვებს მასთან ერთობას, მაშინ უფალი მასთან იწყებს წმიდა „თამაშს“.

უფალი ხანდახან ტკბილად და ნაზად ესაუბრება მას. ამ დროს ადამიაის წმიდა სული, ღმრთიური სიყვარულისგან ფრთებს შეისხამს და აფრინდება ზეცაში და ყოველივე ამსოფლიურს დაივიწყებს.

eleutherivoulisi 101

ხან კი, უფალი მიიმალება და ფენომენალური მარტოობით შეშინებული ადამიანის სული დამწუხრებული იწყებს მის ძიებას და წმიდა სატანჯველის დათმენას.

მერე კვლავ დაინახავს ადამიანის სული უფალს. უფალი ამით მისდამი სიყვარულს ზრდის მასში და უფრო მეტად განწმედს მას, რათა უფრო ახლოს მივიდეს მასთან, ეზიაროს მას და გზა გაუკვლიოს დიდი სიხარულისა და კურთხევების გზაზე, დიდებიდან დიდებამდე.

ეს მდგომარეობა ადამიანის ცხოვრების ბოლომდე გრძელდება და ადამიანის სულის მზაობის ანალოგიურად ყოველი სული თავის უფალთან ამ სიყვარულებრივი ზიარების სიხარულში მონაწილეობს.

არსებობენ ოღონდ ისეთი სულებიც, და სამწუხაროდ არც თუ ისე ცოტა, რომლებიც (სამწუხაროდ!) არ ღებულობენ უფალსა და ღმერთს, თავიანთი ეგოიზმის, ზედმეტი თავმოყვარეობისა და სიზარმაცის გამო და მონადირებულნი არიან ეშმაკის მიერ. ასეთი ადამიანების სულები იტანჯებიან და წვალობენ ამქვეყნიური, ღმრთისაგან დაშორებული ცხოვრების ლაბირინთებში. ისინი უდარდელად ცხოვრობენ, გულგრილად ან უაზრო საუბრებსა და საქმეებში ატარებენ ცხოვრებას ან ხანმოკლე ამაო სიამოვნებებს მიეცემიან, რომლებიც ძალზე სწრაფად გადაიქცევიან სიკვდილის ტკივილად. ეს ყველაფერი მათ თავბრუს ახვევს, იმონებს და ანადგურებს საუკუნო დაღუპვისათვის.

აი ასეთი საშინელი, სულის შემძვრელი ბრძოლა მიმდინარეობს ამ ადამიანთა სულებში. ისინი ყოველ დღე, ყოველ საათს და შესაძლოა ყოველ წუთსაც კი სიცოცხლისა და სიკვდილის დილემის წინაშე დგანან:

გადადგან ნაბიჯი, გათავისუფლდნენ მონობის ამ ბორკილებისგან?

უარი თქვან საკუთარი სულის დამანგრეველ სურვილებზე?

შეუდგნენ ბრძოლას სასტიკი მტრის, ეშმაკის, კლანჭებიდან გამოსახსნელად? ღვაწლით, მღვიძარებით, ლოცვითა და თავშეკავებით დაიწყონ თუ არა ნელ-ნელა ახალი ცხოვრება წმიდა ღმერთთან დასაბრუნებლად?

თუ ჩაიძირონ სასოწარკვეთილებაში და ყოველგვარი შებრძოლებისა და შეწინააღმდეგების გარეშე მიეცნენ ამქეყნიურ ამაოებებს, დამორჩილდნენ უნებისყოფობას, უმოქმედობას და მიეცნენ სხეულით ველურ და უღმერთო ტკბობას? და ამგვარად სრულიად ამოძირკვონ ღმერთთან ერთობისა და ზიარების სურვილი?

და თუ უფლის მადლით პირველი აზრი გაიმარჯვებს და მიღებული იქნება გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება გარდაიქმნება ქმედებად, ყოფილი უძღები შვილის სული სინანულითა და შემუსვრილი გულით დაუბრუნდება მამის სახლს და ისიც ამ სიტყვებს გაიმეორებს:

„მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა…“ (ლუკა 15:21).

და ყოვლად კეთილი მამა, რომელიც მიიჩქარის მის შესახვედრად, გადაეხვევა მას, შეიყვანს მას თავის სახლში, თავის სასუფეველში და იწყება დიდი სიხარული, სულის ზეიმი, რომელიც საკუთარი მამის სიყვარულისადმი ენით გამოუთქმელი მადლიერების გამო ტირილს იწყებს.

თუ კი, ოღონდ, ეგოიზმის გამო ადამიანი არ ისურვებს მამასთან დაბრუნებას, მისი საშინელი ტანჯვა უფრო მძაფრდება. ადამიანის სული წარომოუდგენლად იტანჯება, მიუხედავად იმისა აღიარებს იგი თუ არა ამას და თუნდაც გარეგნულად სხვებს მხიარულად, კარგ განწყობაზე და კმაყოფილად ეჩვენებოდეს და თუნდაც ეს სული თავად ვერ გრძნობდეს ამას შეგნებულად.

და ეშმაკის მსხვერპლი ხდებიან ისეთი სულები, რომლებიც ადრე კარგები, სპეტაკები და სიხარულით აღსავსენი იყვნენ.

ისინი უსაძაგლესი ვნებებისა და ცოდვების ტალახში ვარდებიან, ისვრებიან სუფთა ცნობიერების მქონე სულები და უფლის ხატად შექმნილი სული ზიანდება.

ყველა ასაკის, რასისა და სქესის ადამიანი შესაძლოა სულიერად დაზიანდეს და პარალიზდეს და ამის გამო დაიტანჯოს.

ადამიანის სულის მშვენიერება შეილახება. დაესვრება და შემოეძარცვება წმიდა – ნათლობის დროს მიღებული უფლის მიერ ნაქსოვი სამოსი. მისი გონების უმთავრესი ფუნქცია – აზროვნება ჩამორჩება და დამდაბლდება. ასე ეცემიან ადამიანები, რომლებიც ზეცის დიდებისათვის შეიქმნენ. ეს ადამიანები საცოდავი სანახავები ხდებიან ჩვენი ცხონების ღვარძლიანი მტრის ხელში.

ასევე ის გარეგნული სახასიათო ნიშნები, რომლებიც მანამდე მათ ღმრთიურ წარმომავლობას მიანიშნებდა, ახლა სახეს იცვლიან:

მათი „სილამაზე“ ახლა საშინელი და საზიზღარია.

მათი „სიკეთე“ და მათი ღიმილიც არაადამიანური და ეშმაკეულად ფარისევლურია.

მათი „წესიერება“ და „დახვეწილი მანერები“ მათი დაცემულობის მატყუარა სახეა.

მათი საქმეები, სიტყვები, „კულტურა“ ეშმაკი, ზედაპირული და ცრუა. მათი ყველა მანერა და მთელი მათი არსი სიკვდილის და სულიერად გახრწნის სუნს გამოსცემს.

უფალთან არ ყოფნა მათ ცხოვრებას და მათ ამ უკულტურო „კულტურას“ დაღს ასვამს.

რამდენი ტკივილია წმიდა ღმერთის წინაშე, რომელსაც „ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაჲ “!

რამდენია ტკივილია ეკლესიის გამო!

რამდენად დიდია სულიერი ტკივილი, როცა ამ ყოველივეს გავიგებთ და როცა მათ ვხვდებით ჩვენს ირგვლივ, როცა ამას ამოვიცნობთ მრავალთა სულებში, „რომელთათვისაც ქრისტე მოკუდა“

(„ჩვენი ეპოქის განდგომილების ჟამის ქრისტეში სულიერი ბრძოლა“, მე-4-ე გამოცემა ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტერი, მთაწმიდა, 1998 წ., გვ.14-22).

შინაარსი
სანიშნეები