35 წელი მონაზონ ავქსენტი გრიგოლის მონასტრელის მიძინებიდან

20 April 2016

მონაზონ ავქსენტი გრიგოლის მონასტრელის – მეოცე საუკუნის ათონის წმიდა მთის ბერმონაზვნობის სიმბოლოს მიძინებიდან (1981 წლის 1-14 მარტი) 35 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, თანმიმდევრულად შემოგთავაზებთ ამავე მონასტრის მონაზვნის – მამა დამასკინოსის შესაბამის კვლევას.

ბერი ავქსენტი გრიგოლის მონასტრელის  (1892 – 1/03/1981)

ყოვლად ნეტარი ბერი ავქსენტი გრიგოლის მონასტრელი ჩვენი წმიდა მონასტრის სიამაყე და სამკაული გახლდათ. იგი იყო კინოვიის ასკეტი, ღმრთიური სიყვარულის არწივი, ასკეტური სინათლის მხილველი, ამქვეყნიურის მოძულე და ზეციურის მოტრფიალე ბერი. მამა ავქსენტი სინანულის მაგალითი გახლდათ. გარდა ამისა, იგი იყო საღმრთო სიბრძნის სიმდიდრე, დემონთა დამთრგუნველი, ბრწყინვალე ლოცვის ტაძარი, ამქვეყნიური ანგელოზი და ზეციური ადამიანი.

ამ თავმდაბალი სიტყვებით გავბედავ და აღვწერ ჩვენი მონასტრის ყოვლად ნეტარი ძმის – მამა ავქსენტის ყოვლადღირს სახეს. რადგან აქედანვე ვიცი, რომ ჩემი ენა უძლურია ღირსეული პატივი მივაგო ამგვარ პიროვნებებს, წინასწარ მოვითხოვ თქვენგან შენდობას.

უამრავი რამ დაიწერა იმის შესახებ, რომ ღირს მამას შესწევდა უნარი შეეცვალა მიწიერი ზეციურად, ხრწნადი კი – უხრწნელად. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ჩვენი ათონის წმიდა მთის ბერების ბიოგრაფიებს მიემატოს ნეტარი ბერი ავქსენტის ცხოვრებაც, რის გამოც, მოკლედ მიმოვიხილავ მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებულ ისტორიულ ცნობებს, მის ბრძოლებსა და მის ნეტარ აღსასრულს. ასევე ყურადღებას გავამახვილებ იმ მოვლენებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ნეტარის მიძინების შემდეგ ღმრთისა და წმიდა ბერის სადიდებლად.

Geronda Auksentios Grigoriatis 01

მამა ავქსენტი, 1892 წელს, ატიკის ელევსინის მანდრაში დაიბადა. მისი სახელი ერში იყო ათანასე კონსტანტინუ. წარმოშობით იგი ღმრთისმოსავი ოჯახიდან გახლდათ. ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკიდან შეჰყვარებია მონასტრული ცხოვრება. წმიდა მამათა ბიოგრაფიებს კი, რომელთაც ხარბად კითხულობდა, მასში ასკეტური ბერმონაზვნობის გულმოდგინება გაუღვივებიათ. ბალკანეთის ომების პერიოდში, მრავალი წლის განმავლობაში უკვე ზრდასრული ათანასე საკუთარ სამშობლოს ჯარში ემსახურებოდა. უფლის მადლით, იგი ჯარიდან უვნებელი დაბრუნებულა და მაშინვე დომბოიტუს ღირსი სერაფიმეს სახელობის მონასტერში წასულა, რომელიც მის მშობლიურ მხარესთან ახლოს ყოფილა. სწორედ იქ, იგი მცირე მონაზვნური სქემით შემოსუკა. ცოტა ხნის შემდეგ კი, უფრო მეტი სიმშვიდისა და ლოცვისათვის დალოცვილი ათონის მთისკენ აუღია გეზი.

ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტერში წმიდა ბერი, 1920 წელს, 28 წლის ასაკში მივიდა. სადაც, ერთი წლის შემდეგ, იგი ავქსენტის სახელით დიდსქემოსან მონაზვნად აღკვეცეს. აქედან მოყოლებული, თავის მიძინებამდე, ანუ 1981 წლის მართლმადიდებლური კვირის მღვიძარების საღამომდე, ღერონდა ჩვენს მონასტერში იწვოდა და დნებოდა, როგორც ანთებული სანთელი. იგი უნათებდა ირგვლივ ყველას საკუთარი ღმრთიური მიღწევებისა და მდიდარი გამოცდილების წყალობით. ღერონდასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ამბავს ქვემოთ ისევ მივუბრუნდებით, როგორც პატივისცემისა და სიყვარულის გადასახადს მისი წმიდა სახების წინაშე.

ბერი ისიქიოსი, ჩვენი მონასტრის ერთი მადლიანი მოხუცი, რომელიც ამჟამად 99 წლის არის და ჩვენი მონასტრის მოხუცთა თავშესაფარში იმყოფება, შემდეგს მოგვითხრობს:

ავქსენტი, ჩემი ძამიკო, დედის მუცლიდანვე წმიდანი იყო. იგი უკვე სრულყოფილი მონაზონი გახლდათ, როდესაც აქ თავისი სამშობლოს მონასტრიდან მოვიდა. ჩვენ ერთად ვმსახურობდით კატერინის მეტოქში – ვულციცაში. ის იქ სამი წლის განმავლობაში მსახურობდა, როგორც მზარეული. მაშინ როდესაც ყველა ხორცს ჭამდა, ის მას არც კი სინჯავდა და უცნაურია, რომ ყოველთვის გემრიელად ამზადებდა. იცავდა დუმილსა და ლოცვას. მეტად მშრომელი გახლდათ. ნეტავ, უფალმა ინებოს და მეც მისნაირი აღსასრულის ღირსი გამხადოს.

ზემოთ მოხსენიებული ბერი მამა ავქსენტისთან ერთად ცხოვრობდა ექვსი წლის განმავლობაში. თუმცაღა ასევე სხვა მამებს, რომლებიც ახალგაზრდობიდან მასთან იყვნენ, ბევრი აქვთ მოსაყოლი მის წმიდა პიროვნებაზე.

მამა ავქსენტს არაფერი უყვარდა ეფემერული და დროებითი სამყაროდან. მთელი მისი ყურადღება მიმართული იყო ღმრთიურ სიკეთეებზე. უკანასკნელი ოცი წლის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში, კატარაქტის გამო მას დაკარგული ჰქონდა თვალის ჩინი. მამები ურჩევდნენ, რომ ოპერაცია გაეკეთებინა, თუმცაღა მან არ გაიზიარა მათი რჩევა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ბრმად ყოფნა არჩია.

იგი მონაწილეობას იღებდა მონასტრის სხვადასხვა საქმიანობაში, მსახურობდა ეკლესიაში, მუშაობდა წისქვილში, სამზარეულოში, მეტოქებში, ბაღში თავისი სამაგალითო გულმოდგინებით, ფხიზლობდა ლოცვაში. წისქვილში მან გააკეთა ქვის სკამები, ააგო მესერი, კენჭებისგან გაწმინდა ბაღჩები და პირველად დაამუშავა იქ მიწა.

რამდენჯერმე საფრთხეშიც კი აღმოჩნდა უცნობი მონადირის ბრმა ტყვიის გამო. წყვდიადი იყო, როცა მამა ავქსენტს ბაღჩიდან გარეთ ქვები გამოჰქონდა. სწორედ ამ დროს, მონადირეს გაუვლია და უფიქრია, რომ ბუჩქებში გარეული ღორი დადიოდა. უსვრია მისთვის, თუმცაღა ღმრთის მადლით ბერი გადარჩენილა.

ბერ ავქსენტს არასდროს უცდია, რომ მონასტერში რაიმე თანამდებობა მიეღო.  იგი თავისი ყოველწლიური მსახურებითა და შეუდარებელი სიღარიბით კმაყოფილი იყო. მას კელიაში ჰქონდა მხოლოდ ერთი ხის საწოლი, ერთი მორყეული სკამი, სადაც ღამის განმავლობაში ფხიზლობდა, რამდენიმე ხატი და ერთი-ორი უამრავჯერ დაკემსილი ტანისამოსი. ჯერ ისევ ის კაბა ეცვა, რომელიც ოდესღაც თავადვე შეეკერა ტომრის ნემსითა და კანაფის ძაფით.

სამოსი იმდენად გაცვეთილი იყო, რომ დღესაც ვერ განასხვავებთ თავდაპირველ ნაჭერს შემდეგ დადებული უამრავი საკერებლებისაგან. ერთხელ მონაზონმა, ყოვლად ნეტარმა მამა ანდრეამ, იცოდა რა რომ ბერ ავქსენტის ტანისამოსი არ ქონდა და არც ითხოვდა ახალ ჩასაცმელს, ერთ საღამოს მის კელიაში შეიარა. აიღო მისი დაფლეთილი შარვალი და მის ადგილზე ახალი ჩამოკიდა.

მეორე დღეს, ბერმა ავქსენტიმ თავისი შარვალი მოიკითხა. ვერსად ნახა, თუმცა არც დაუჩივლია. ექვსი დღის შემდეგ, მამა ანდრეასის თქმით, მას მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო, გარდა იმისა, რომ წასულიყო, კვლავ აეღო ბერის ძველი შარვალი და ისევ თავის ადგილზე ჩამოეკიდა.

[გაგრძელდება]

შინაარსი
სანიშნეები