Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ვნების კვირა | PEMPTOUSIA

ვნების კვირა

26 April 2016

ვნების შვიდეულის წმიდა დღეების მსახურებები ეკლესიისგან მოგვეცა არა უბრალოდ ამ მოვლენათა გახსენების მიზნით, არამედ როგორც წმიდა მამები ამბობენ, ეს დღეები მადლის დღეებია. მადლის დღეებში იგულისხმება ის, რომ ამ დღეებში, მაცხოვრის ვნებათა დიად მოვლენათა გამო, ეკლესიაში გარდამოედინება განსაკუთრებული მადლი და ყოველი მართლმადიდებელი მოწოდებულია ამ მადლთან თანაზიარებისთვის. სულიწმიდის მადლთან ზიარება იმდენად ცოცხლად და ცხადად აღესრულება ადამიანში, როგორც ცხადად ვხედავთ ელექტროენერგიის მოქმედების ძალას მასში უმოქმედო ელექტროტექნიკის ჩართვით. ელექტროენერგიის მეშვეობით უსულო, უმოქმედო ნივთი იწყებს მოძრაობას, ასევე ცოცხლდება და სულიერ მოქმედებაში მოდის ადამიანის სული სულიწმიდის მადლთან შეერთებით. ვნების შვიდეულის დღეები განსაკუთრებული დღეებია მთელი წლის დღეებს შორის და ეკლესიის მიერ მოწოდებულნი ვართ ყოველნი დავტკბეთ ამ ღმრთაებრივი ენერგიით, რომელიც უხვად მიეცემათ მისი მიღების მსურველთ. უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენც განსაკუთრებული გულისყურით ჩავერთოთ ამ მოვლენებში, რომლებიც აღესრულება ადამიანის საცხონებლად. იმისთვის კი არ მივდივართ ეკლესიაში, რომ დავიტიროთ ჯვარცმული ქრისტე, არამედ რათა ჩვენც გავხდეთ მაცხოვრის ვნებათა თანაზიარნი და რათა ჩავწვდეთ, რომ ყოველივე ეს ჩვენი სულის საცხონებლად აღესრულა. ვეზიარებით იმ მაცოცხლებელ მადლს, რომელიც მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრიდან მომდინარეობს. როგორც სახარებაშია მოთხრობილი, როდესაც უცომოობის კვირა მოახლოვდა, დღე როდესაც ებრაელები პასექს დღესასწაულობდნენ, მათი ეგვიპტიდან გამოსვლისა და მეწამული ზღვის განვლის მოსაგონებლად, იმ დღეებში მაცხოვარმა უთხრა მოციქულებს, რომ სურდა მათთან ერთად ეჭამა პასქაჲ და გაგზავნა ისინი იერუსალიმის მახლობლად მდებარე სოფელში, რათა იქ მცხოვრები ერთი კაცის სახლში მოემზადებინათ პასქა. ამასობაში ფარისეველნი და მწიგნობარნი შეიკრიბნენ და მსჯელობდნენ თუ როგორ შეეპყრათ და მოეკლათ ქრისტე. მაშინ შევიდა სატანა იუდას გულში, რომელიც იყო თორმეტ მოციქულთაგანი, იგი მივიდა ებრაელთა მღვდელმთავრებთან და ჰკითხა თუ რას მისცემდნენ მაცხოვრის გაცემის სანაცვლოდ. მათ აღუთქვეს ოცდაათი ვერცხლი, რომელიც იყო იმ ეპოქაში მონის საფასური. იუდა შეყოვნდა, რადგან სულ სხვა რამეს ელოდა ქრისტესგან. იგი ფიქრობდა, რომ მაცხოვარი იუდეველთა მეფე გახდებოდა და თავისი ძალითა და სასწაულებით მოიხვეჭდა დიდებასა და პატივს და განადიდებდა ისრაელის ერსაც. ხოლო როდესაც ნახა, რომ მაცხოვარი არ იყო ამ მიწიერი საკითხებით დაკავებული, არამედ ზეციურით, იგი დაბრკოლდა, გაუცრუვდა იმედები, დაკარგა რწმენა და ჩაიდინა ის რაც ჩაიდინა. მას მცდარი მოლოდინი ჰქონდა მაცხოვრის მიმართ. ეს მოვლენა არ არის უბრალო და უმნიშვნელო, რადგან უფალი გასცა არა ვინმე მისმა მტერმა, ან უბრალო მსმენელმა, არმედ მისმა მოციქულმა, რომელიც მუდამ მასთან იყო. ეს მაცხოვრისთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო. ხშირად ჩვენც ქრისტიანები მაცხოვრისა და სარწმუნოების მიმართ არასწორი მიდგომით იმედგაცრუებამდე მივდივართ, რადგანაც გვგონია რომ უფალი ვალდებულია ჩვენი ყოველი თხოვნა შეასრულოს და ყოველი პრობლემა მოაგვაროს. რადგან ეკლესიაში დავდივართ, ამიტომ ჩვენი ყველა საქმე წარმატებული უნდა იყოს, ჩვენი სნეულნი უნდა განიკურნონ, ახლობლები არ უნდა გარდაგვეცვალონ. ეს გახლავთ არასწორი მიდგომა ღმრთისა და სარწმუნოებისადმი და ასეთი რწმენით სულიერი წარუმატებლობისა და იმედგაცრუებისთვის ვართ განწირულნი. რადგან აუცილებლად მოვა დრო, როდესაც რომელიმე ჩვენი ახლობელი ან ოჯახის წევრი დასნეულდება და გარდაიცვლება, რომელიმე ჩვენი საქმე ვერ წავა კარგად და კრახით დასრულდება და ასე გაგვიჩნდება წარმოდგენა, რომ ჩვენ, ვისაც ღმერთი გვწამს და ეკლესიაში დავდივართ, ყველაფერი უკუღმა მიგვდის, ხოლო ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ სწამს ღმერთი და არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან ყველაფერი კარგად აქვს და წარმატებულია ცხოვრებაში. ასე ჩნდება ის დილემა, რომელიც წინაშეც დადგა იუდა. კერძოდ, როდესაც ადამიანი ამა სოფლის თვალით უყურება ცხოვრებას, იგი ღმერთისგან ხორციელ ნეტარებასა და ბედნიერებას ელოდება. თუ ვერ მიხვდება, რომ თითოეული ჩვენთაგანი უფლისგან მისი ზეციური სასუფევლისთვის ვართ წოდებულნი და რომ არ გვაქვს “აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ”, (ებრ. პავლე მოც. 13,14.) მაშინ აუცილებლად დაუდგება ცხოვრებაში იმედის გაცრუების წუთები…

Vladimir Lossky (1-C)

როდესაც უფალი მივიდა იმ სახლში, სადაც ტრაპეზი იყო გამზადებული, რათა მოციქულებთან ერთად ეხმია პასექი, მაშინ, როგორც მახარებელი მოგვითხრობს: მაცხოვარმა მადლობა შესწირა ღმერთს, აიღო პური, აკურთხა, განტეხა და დაურიგა მოციქულებს მეტყველმა: “მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა“. მოიღო ღვინო აკურთხა და თქვა: “ჰსუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაჲ, თქუენთვის და მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“. ამ სიტყვებით მაცხოვარმა დააარსა წმიდა ზიარების საიდუმლო და აღასრულა პირველი ლიტურგია. ზუსტად იგივე ლიტურგია აღესრულება ყოველდღიურად მართლმადიდებელ ეკლესიაში და ზუსტად იგივე ევქარისტიით ვეზიარებით, რომელიც აღასრულა უფალმა 2000 წლის წინ. სწორედ ეს არის ეკლესიის უმთავრესი საქმე, რომელიც აცხონებს ადამიანს. თუ შეწყდება ლიტურგიისა და წმიდა ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება,  მაშინ ეს  სამყაროც  ვეღარ  შეძლებს არსებობას.

როდესაც მაცხოვარმა მისი სისხლით და ხორცით აზიარა მოციქულები და მათ შორის იუდაც, მაშინ განუცხადა მათ რომ ერთი მათგანი გასცემდა. ისინი შეძრწუნდნენ და იწყეს გამოძიება თუ ვინ იყო გამცემი. ანიშნეს იოანეს, რომელიც ყველაზე უმცროსი იყო მათ შორის და რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა უფალი, რომ ეკითხა თუ ვინ იყო. იოანე მოციქული მკერდზე მიეყრდნო მაცხოვარს და კითხა: “უფალო ვინ მიგცემს შენ?” და როგორც წმიდა მამები ამბობენ, სწორედ მაშინ მიიღო იოანემ უფლისგან ღმრთისმეტყველების მადლი. რადგანაც ღმრთისმეტყველება — როდესაც ადამიანის პირით თვით უფალი მეტყველებს, როგორც მადლი და სულიერი ნიჭი ღმრთისგან ებოძება მხოლოდ სრულყოფილ ადამიანს, როგორც ნაყოფი უფლის უსაზღვრო სიყვარულისა. მაცხოვარმა მიუგო: რომელსაც პურს მივცემ ის არის და დააწო პური, მისცა იუდას და უთხრა: “რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე.” ქრისტე არ გაჯავრებია და არ გაუკიცხავს იუდა, არც განუცხადებია მისი სახელი სხვათა წინაშე, პირიქით, რაც მისცა სხვა მოციქულებს ასევე მისცა იუდასაც: მაცხოვრის სახელით სასწაულებს აღასრულებდა, სნეულთ კურნავდა, ეშმაკთ განდევნიდა, მისი სისხლით და ხორცით აზიარა როგორც სხვა მოციქულები, მისდამი დიდი სიყვარულით გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ იუდას არ ჩაედინა ის რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ამასთანავე საიდუმლო სერობისას მოციქულებმა სხვა რამეც ჩაიდინეს, იწყეს ცილობა ერთმანეთში თუ ვინ უფრო უპირატესი იყო მათ შორის. მაშინ, როდესაც მაცხოვარი მის გაცემაზე და ჯვარცმაზე ელაპარაკებოდა მოციქულებს, ერთი ხელსაყრელ სიტუაციას ეძებდა რომ გაეცა იგი, სხვები კი კამათობდნენ თუ ვინ იქნებოდა უპირატესი. მაშინ უფალმა უთხრა მათ: მას ვისაც უნდა რომ ყველაზე დიდი იყოს, ყველაცე მეტად უნდა დაიმციროს თავი და ვისაც უნდა რომ ყველაზე უპირატესი იყოს – ის ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური უნდა გახდესო. პეტრეს კი უთხრა: “სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქვენ აღცრად, ვითარცა იფქლი. ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი.” მან კი მიუგო: “უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკუდილად მისვლად.” მაშინ უფალმა უთხრა მას: “გეტყვი შენ პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამ-გზის უვარმყო, ვითარმედ არა მიცი მე.” რა თქმა უნდა პეტრე ვერაფერს მიხვდა, სხვა რამეს ეუბნებოდა მათ უფალი, მოციქულებს კი სულ სხვანაირად ესმოდათ. შემდეგ მათთან ერთად ზეთისხილის მთაზე ავიდა და უთხრა, რომ ელოცათ რათა განსაცდელში არ ჩავარდნილიყვნენ. თვითონ კი მცირე მანძილით განეშორა მათ, დაიჩოქა და ილოცა მამის მიმართ რათა განრიდებოდა “სასუმელი ესე“ და ოფლი სისხლის წვეთების სახით მოედინებოდა მის სახეზე. ასე იმიტომ კი არ ილოცა, რომ სიკვდილის შეეშინდა, პირიქით სიკვდილი შეუშინდა ქრისტეს. მაცხოვარი მამის მიმართ ისევ ჩვენთვის ლოცულობდა და სასუმელში იმას გულისხმობდა, რომ არ უნდოდა იმათი, ვინც სრული სიყვარულით უყვარდა ასეთ დიდ ცოდვაში ჩავარდნილიყვნენ და ჯვარს ეცვათ იგი. ლოცულობდა მთელი კაცობრიობისთვის, რათა ადამიანი არ გამხდარიყო მაცხოვრის მკვლელი. მას, რასაკვირველია, არ ეშინოდა სიკვდილის. ის ხომ სწორედ ამისთვის განკაცდა… ამასობაში მიუახლოვდნენ ჯარისკაცები იუდასთან ერთად, იგი მივიდა და “ამბორს-უყო“ ქრისტეს, რადგანაც ნიშნად ქონდა მიცემული: რომელსაც ამბორს-უყოფ იგი შეიპყარითო. მაცხოვარმა კი მიუგო მას: ”იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?” ესე იგი, “ამბორის-ყოფით“ რომელიც არის სიყვარულის გამოხატულება გასცემ შენს მოძღვარს, რომელსაც იცი რომ ასე ძალიან უყვარხარ? იუდა რასაკვირველია მაინც ვერაფერს მიხვდა, მაშინ მივიდნენ და შეიპყრეს იგი. პეტრემ ხორციელად განსაჯა, იშიშვლა მახვილი და ყური მოჰკვეთა ერთ-ერთ მონას, რომელიც მომხდურთა შორის იყო – ერთ-ერთი ამა სოფლის ხერხი პრობლემის მოგვარების. უფალმა კი უთხრა მას: “მიაქციე მახვილი ადგილსავე თვისსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდნენ. ანუ ჰგონებ, ვითარმე ვერ ძალმიძს ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაი? და ვითარმე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ არს ყოფად.” მაშინ შეიპყრეს უფალი და წაიყვანეს მღვდელმთავრებთან განსასჯელად. ის მხნე პეტრე რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ მასთან ერთად სიკვდილისთვისაც კი მზად არის და რომელმაც მახვილით ყური წარკვეთა მომხდურს, გაჰყვა მათ და შორიახლოდან ადევნებდა თვალყურს. მასთან მივიდა ერთი მონა ქალი და უთხრა, რომ ისიც ერთი მათგანი იყო, მან კი მიუგო რომ არ იცნობდა მას. შემდეგ კვლავ უთხრა ქალმა, რომ ნამდვილად მათგანი უნდა ყოფილიყო, რადგან ისიც გალილეელი იყო. მან კვლავ უარყო და თქვა, რომ არ იცნობდა მაგ კაცს. ცოტა ხნის შემდეგ მესამედაც უარყო პეტრემ და თან ფიცით ამტკიცებდა რომ არ იყო მისი მოსწავლე, ამ დროს მამალმაც იყივლა. მაშინ შემობრუნდა მაცხოვარი და შეხედა მოციქულს და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვები: “ვიდრე ქათმისა ხმობამდე, სამგზის უარ-მყო მე“ და გავიდა გარეთ და მწარეთ ატირდა… ხედავთ, როგორ დაეცა მოციქულთა თავი? პეტრე დაეცა ისევე როგორც იუდა, მაგრამ პეტრე მწარედ ატირდა და შეინანა დაცემა. იუდამ კი არც შეინანა და არც მწარედ ატირებულა არამედ წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. ასე ერთი მოციქული კვლავ აღემართა დაცემისგან, მეორე კი პირველი ჩავიდა ჯოჯოხეთში. სწორედ ეს არის დიდი ტრაგედია, რომ პირველი, ვინც ჯოჯოხეთში წავიდა მაცხოვრის მოციქული იყო. ყოველივე ეს გახლავთ ეკლესიის ისტორია, მოციქულებს არაფერი დაუმალავთ, არამედ აღწერეს ისე როგორც მოხდა, რადგანაც არ ჰქონდათ არასრულფასოვნების კომპლექსი როგორც თანამედროვე ადამიანებს გვაქვს და გვინდა რომ ეკლესია ჩვენს ვითომ სწორ ქმედებებზე დავამტკიცოთ. ვაი მაშინ ჩვენ, ეკლესია რომ მართლა ადამიანურ მორალსა და ზნეობაზე ყოფილიყო დამყარებული. ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ ღმრთის სიწმიდეზე დგას. ჩვენ ხომ დაცემული, გასაცოდავებული ადამიანები ვართ, რომელთაც მხოლოდ ცოდვის ჩადენა შეგვიძლია. ჩვენ კი არ ვართ ისენი ვინც აცხონებს ეკლესიას, არამედ ეკლესია გვაცხონებს ჩვენ.  სწორედ ეკლესიაა წმიდა და იგი განწმენდს ადამიანს.

მაცხოვარი მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა პილატეს მიუყვანეს განსასჯელად, მან მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის ღირსი ბრალი ვერ პოვა მასში, შფოთის ატეხვის შიშით ჯვარზე საცმელად გადასცა იგი. ჯარისკაცებმა იწყეს მისი გაკიცხვა და აბუჩად აგდება, სახე დაუფარეს, სცემდნენ და ეუბნებოდნენ : “წინასწარმეტყველებად, ვინ არს, რომელმან გცა შენ“. გასაოცარი მხოლოდ ის კი არ იყო, დიდი ტანჯვა და ტკივილი რომ დაითმინა მაცხოვარმა, არამედ ის, თუ თავისი ნებით, რამდენად დიდი გვემისა და შეურაცხყოფისთვის მისცა თავი თვისი საცხონებელად კაცთა. როდესაც პილატემ ხალხის წინაშე დააყენა მაცხოვარი, მათ კაცის მკვლელობისთვის გასამართლებული ბარაბა არჩიეს და მღვდელმთავართაგან დარიგებულნი გაშმაგებული ყვირილით ითხოვდნენ მაცხოვრის ჯვარცმას. თან იმასაც გაჰკიოდნენ, რომ “სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა“. ასეც მოხდა: მაცხოვრის ჯვარცმიდან დაახლოენით 40 წლის შემდეგ სრულიად განადგურდა იერუსალიმი და იქიდან მოყოლებული 1947 წლამდე, როდესაც მოხდა ისრაელის სახელმწიფოს აღდგენა, ებრაელები გაბნეულნი იყვნენ მთელ მსოფლიოში. როგორც განსაჯეს და რაც ითხოვეს აღსრულდა…

ჯვარცმამისჯილ მაცხოვარს შოლტით სცემეს, შოლტი იყო ჯოხი, რომლის თავში ტყავის თოკები იყო მიბმული, მათ ბოლოში კი ტყვიის წვეტიანი კაუჭები იყო მიმაგრებული, რომელიც ყოველი დარტყმისას დიდ ჭრილობას აყენებდა ადამიანს. გაშოლტვის შემდეგ ეკლის გვირგვინი დაადგეს, რომლის ბასრი ეკლები ღრმად ჩაესო მის წმიდა თავში, მეწამული ქლამინდით შემოსეს და ასე ჯვარაკიდებული წაიყვანეს ლანძღვა-გინებით გოლგოთისკენ, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკს შორის. ჯვარცმული მაცხოვრის გვერდით არ იმყოფებოდნენ მოციქულები, ისინი გაიქცნენ. მხოლოდ ღმრთისმშობელი რამდენიმე დედასთან ერთად და წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი იდგნენ მის ჯვართან. უფალმა იოანეს დაავალა ღმრთისმშობელზე ზრუნვა და მაღალი ხმით ღაღადყო და თქვა: “მწყურის“. როგორც წმ. მამები ამბობენ: “მწყურის“ არ ნიშნავდა რომ ერთი ჭიქა წყალი უნდოდა მაცხოვარს, რასაკვირველია როგორც სრულ კაცს წყლულების გამო შეიძლება ჰქონოდა წყურვილის შეგრძნება, მაგრამ ამ სიტყვით უფალმა თქვა: “მწყურის“ – ცხონება ყოველთა კაცთა, მათი რომლებიც მიყვარს და რომელთათვისაც ვიტანჯები. “მწყურის“, რომ მყავდენენ ყოველნი ჩემთან ერთად ჩემს დიდებაში.

მაცხოვრის ჯვარზე დაამაგრეს ფიცარი წარწერით: “იესუ ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა“. თავდაპირველად ორივე ჯვარცმული ავაზაკი “აყვუედრებდა“ უფალს, მაგრამ მოგვიანებით მარჯვენით მყოფი ავაზაკი განურისხდა მეორეს და უთხრა: “არცაღა გეშინის შენ ღმრთისა… ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროი ქმნა.” და უთხრა მაცხოვარს: “მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. უფალმა კი მიუგო: “ ამენ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“. იყო მეექვსე ჟამი, ესე იგი შუადღის 12 საათი, დღე პარასკევი, მთელი ქვეყანა ბნელმა მოიცვა. მაცხოვარმა როდესაც იხილა, რომ ყოველივე აღასრულა, ღაღადყო და თქვა: “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევე მე?” ბევრნი ამბობენ: განა უფალმა მიატოვა იგი? რასაკვირველია არა, უფალს არ მიუტოვებია მაცხოვარი, არამედ მაცხოვარმა წარმოთქვა 21-ე ფსალმუნის სიტყვები, რომელიც სწორედ ასე იწყება. ეს ის ფსალმუნია რომელიც წინასწარმეტყველურად მოგვითხრობს მაცხოვრის ვნების შესახებ. მან როგორც თავისი თავის უფალმა წარმოთქვს: “მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“. და ეს რა თქვა, განუტევა სული. ხოლო როგორც სხვა მახარებელი ამბობს: “იესუ თქუა: ესეცა წერილი აღსრულებულ არს და მიიდრიკა თავი და განუტევა სული“. ესე იგი, როგორც თვისი სიცოცხლისა და სიკვდილისათვის უფალმა გააკეთა ისეთი რამ, რასაც ჩვენ უბრალო ადამიანები არ ვაკეთებთ, პირველად “მიიდრიკა თავი“ და შემდეგ თვისი ნებით “განუტევა სული“. როდესაც “განუტევა სული“ იყო მეცხრე ჟამი, ესე იგი შუადღის სამი საათი, ამ დროს მიწა იძრა და მოხდა ყოველივე ის რასაც მახარებელი აღწერს.

რამდენი უცნაური რამ ხდებოდა მაცხოვრის უკანასკნელ დღეებში, ყოველივე თავდაყირა დადგა: ერთი მოციქული წარწყმდა, მეორემ უარყო , სხვებმა დაუტევეს და აქეთ-იქით განიბნენ, იგი მარტო დარჩა გოლგოთაზე. უკვე ჯვარზე გაკრულმა სამოთხეში შეიყვანა მის მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი. იგი პირველი იყო, რომელიც სამოთხეში შევიდა, არა მოციქული ან რომელიმე წმიდანი, არამედ ავაზაკი. ხოლო ვინც პირველი მოხვდა ჯოჯოხეთში, სწორედ მოციქული იყო. ის ასისთავი, რომელიც მაცხოვრის ჯვართან იდგა, რომაელი ლონგინოზი ქრისტესთვის ეწამა, რადგან როდესაც მაცხოვრის ჯვარზე აღსრულება იხილა, ირწმუნა, რომ იგი ჭეშმარიტად ძე ღმრთისა იყო. მღვდელმთავრებმა კი, რომლებიც რჯულში და საღმრთო წერილში განსწავლულნი იყვნენ ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

როდესაც ყოველი წერილი აღასრულა მაცხოვარმა სწორედ მაშინ შეჰვედრა სული თვისი მამასა თვისსა. მაშასადამე, ჩვენც ძმანო ჩემნო, შევეცადოთ სულიწმიდის შეწევნით შევიცნოთ წმიდა ვნების შვიდეულის და აღდგომის ბრწყინვალე დღსასწაულის მადლი, ჩვენც თანაწარვყვეთ უფალს ჯვრისა და გოლგოთის გზაზე, რათა მასთან ერთად აღვდგეთ და ვიხაროთ საუკუნოდ, ამინ.

შინაარსი
სანიშნეები