აღსარება ერთგვარი სასამართლო რომ იყოს, მაშინ მხოლოდ უდანაშაულოებს გამოუშვებდა

24 May 2016

ოდესღაც ერთმა კაცმა მღვდლის საქათმიდან ორი დედალი მოიპარა. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი, გადაწყვიტა ეს ცოდვა მოენანიებინა.

-მამაო, ორი დედალი მოვიპარე!

-უნდა დააბრუნო,- ეუბნება მას მღვდელი.

-და მამაო, თქვენ გინდათ რომ ისინი მოგიყვანოთ?

-მეე?- უკვირს მღვდელს, -მე რატომ, მას მიუყვანე, ვისაც მოპარე.

-მაგრამ მამაო მას არ სურს, რომ უკან მივუყვანო.

-ეე! მაშინ ისევ შენ გყავდეს.

Eksomologisi 05

paterikiorthodoxia.com

ძალიან ხშირად ჩვენი განწყობა სწორედ ამგვარია. ბოლომდე გულახდილები უნდა ვიყოთ! და აი, ამიტომაც ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა იმ პერიოდში, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით, რამდენიმე განმარტება გაგვეკეთებინა ამ უზარმაზარ თემასთან დაკავშირებით და ასევე გვესაუბრა იმ გაუგებრობებზე, რომელიც მას ხშირად თან ახლავს ხოლმე. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ აღსარების სათქმელად წასვლა იგივეა, რაც სასამართლოს წინაშე წარდგომა… მართლაც ხომ მრავალი ადამიანი, როდესაც აღსარებაზე  მოდის, სწორედ ასე ამბობს: „ნეტავ, ახლა როგორღა გამასამართლებ, მამაო“. მათი წარმოდგენით, აღსარების ჩაბარებისას ისინი მსაჯულის, და თვით უფლის წინაშე დგანან. რა თქმა უნდა, ამის გამო ღელავენ და შიში იპყრობთ, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს სასამართლოს წინაშე წარდგომისას. მაშასადამე, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აღსარება ეს ერთგვარი სასამართლოა, რომელსაც განაჩენი მხოლოდ უდანაშაულოთა სასარგებლოდ გამოაქვს. რატომაა, რომ აღსარებაზე ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის გასასამართლებლად მიდის. და არა საკუთარი თავის დასასჯელად. ადამიანი აღსარებაზე ზუსტად იმის გამო მიდის, რომ ეს საშინელი სამსჯავროს დადგომამდე მოასწროს. იმისათვის მიდის, რომ სამსჯავრომდე ცოდვები მოინანიოს. ხოლო მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს, თუ რაოდენ არასწორად იქცევა იგი, იწყება ყველაფრის  შეუცნობლად თუ შეგნებულად აღრევა.

ვისმენდით რა ამ პატარა ხუმრობასა თუ ანეკდოტს, ძალიან სასაცილოდ გვეჩვენებოდა, რომ ადამიანი თავად იმ ადამიანს ეკითხებოდეს, ვისაც დედლები მოპარა, სურს თუ არა მას ამ ქათმების უკან დაბრუნება, ხოლო როდესაც იგებს რომ არ სურს, ხორციელდება ერთგვარი შეთანხმება, რომელიც თანმიმდევრულად თითქოს ნორმალურია, თუმცაღა არსობრივად დამახინჯებულია.

აი, სწორედ აქ კი, ყურადღება უნდა გავამახვლოთ რამდენიმე საკითხზე, რომელიც განმარტებას საჭიროებს. რას ნიშნავს მონანიება? რა არის სინანული? ეს საკითხი გაუგებრობებითაა აღსავსე. და მოდი, შორიდან დავიწყოთ მასზე მჯელობა.

როდესაც გვესმის ეს სიტყვა, მაშინვე რას ვამბობთ? რომ ეს არის საეკლესიო სიტყვა, რელიგიური სიტყვა, რომ ეს არის რელიგიური ენის გამოხატულება. თუმცაღა რამდენი ენა არსებობს? ჩვენი რელიგიურობა ჩვენი ცხოვრების შიგნითაა თუ ჩვენი ცხოვრების გარეთ? იქნებ ის სრულიად უცხოა ცხოვრებისაგან? ძალიან ხშირად სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიბნევით ხოლმე: წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი ურთიერთობა ეკლესიასთან, როგორც ჩვენი ცხოვრების ერთი პატარა ნაწილი, რომელიც სადღაც, განაპირა მხარეს მდებარეობს და მხოლოდ განსაკუთრებული დღესასწაულების (შობა-აღდგომა) დროს გვახსენდება. იგი ჩვენ სრულად არ გვეხება, თუმცაღა გვეხება მხოლოდ და მხოლოდ ფიქრით ან თუ გნებავთ, ჩვენი გონების რომელიღაც განაპირა ნაწილით. ადამიანთა უმეტესი ნაწილი, თანამედროვე ადამიანები, ისინი, რომლებიც აწმყო დროში დააბიჯებენ (ჩვენც ასევე აწმყოში დავაბიჯებთ, თუმცაღა ზოგჯერ ჩვენს სამყაროშიც ვიმყოფებით ხოლმე) ფიქრობენ, რომ ამგვარი სახის თემები განეკუთვნება საქმიანობის ისეთ ტიპს, რომელიც მათ არ ეხება. იქნებ, ჩვენც მიგვიძღვის ბრალი იმაში, რომ მათ ასეთი პოზიცია აქვთ არჩეული. ჩვენ შინაგანად ვვარაუდობთ, რომ არასწორად ვცხოვრობთ, ისინიც ასე მიიჩნევენ, თუმცა თვლიან, რომ კიდევ უფრო არასწორად ვცხოვრობთ. ჩვენი შემხედვარენი ასე ამბობენ: ეს მე არ მადარდებს. ნაგავში ქექვის არანაირი სურვილი არ მაქვს. რატომ თვლიან, რომ მონანიებასა და აღსარებას კავშირი აქვს ისეთ თემებთან, რაც ცუდია, ბინძურია, არასწორია.  მაშასადამე, ეს თემები დაჰყავთ გამოუსადეგარ ენამდე (ხის ენამდე).  ჩაიარა ამ ეკლესიურმა ხის ენამ, რომელიც ამბობს „სულიერი ცხოვრება“, „სულიერი ადამიანი“, „რას უკეთებ შენს სულიერ ცხოვრებას?“. რამდენი ცხოვრება აქვს ადამიანს? ერთი. არ აქვს ორი. თითოეული ჩვენგანი არ შეიძლება იყოს ორი ადამიანი, მაგალითად, ერთი ყოველდღიური და ერთიც -საკვირადღეო; ერთი მნიშვნელოვანი და მეორე – უმნიშვნელო; ერთი, რომელიც ჩანს და მეორე, რომელიც დამალულია; ერთი, რომელსაც სურს ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა და მეორე, რომელიც ფარდის მიღმა იღწვის. და ზუსტად ამ ტიპის თავგზააბნეულობანი იჩენს ხოლმე თავს მაშინ, როდესაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი რელიგიური ცხოვრება არ წარმოადგენს მთელ ჩვენს ცხოვრებას.

ყურადღება მიაქციეთ, აქ არის ერთი წვრილმანი რამ, რასაც განმარტება სჭირდება.

განვსაზღვრავთ რა „რელიგიურ ცხოვრებას“, ჩვენ განვიცდით სიცივეს სწორედ იმ პერსპექტივაში, რაც ჩვენ ვიცით რელიგიური ცხოვრების შესახებ. გვიჭირს, რათა ის გახდეს მთელი ჩვენი ცხოვრება. რატომ? აბა, წარმოიდგინეთ: წავედი ეკლესიაში, ხელში კი  მიჭირავს სხვადასხვა ყოველდღიური ნივთი, კარგად ვარ. აქედან მოყოლებული კი შემიძლია ან ეს გავაკეთო და ან სხვა რამ. თუმცაღა ეკლესიის სწავლება შემდეგს ამბობს: თავად იესო ქრისტეა ეკლესია. და ეკლესია კი ადამიანთა ცხოვრებაა. თუკი ამას ვერ გავაანალიზებთ ჩვენს საკუთარ თავში, მაშინ აუცილებლად თავგზა აგვებნევა.

ჩვენ შემდეგი საკითხის გამო ვიბნევით: იესო ქრისტესა და ეკლესიას, როგორც იდეებსა და სულიერ თემებს ისე აღვიქვამთ. მაშინ, როდესაც ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა თავის საკუთარ რიტმში შთაგვნთქავს, თავს გვართმევს ან თუკი გსურთ შემდეგნაირად ვთქვათ – თავგზას გვიბნევს. იესო ქრისტე იმისათვის არ განკაცებულა, რომ ადამიანებისათვის სულიერი ცხოვრება შეექმნა! მარტივი მაგალითი განვიხილოთ: რამდენჯერ გამოგიყენებიათ ასეთი ფრაზა – „ისინი რელიგიური ადამიანები არიან“ იმ ადამიანების მიმართ, ვინც სწავლა-განათლებითაა დაკავებული. ასევე ხშირად ვახსენებთ ხოლმე „სულიერ ცხოვრებას“, როდესაც საქმე თეოლოგიური ლიტერატურით დაკავებას ეხება, თუმცა ეს არ არის სულიერი ცხოვრება. იმიტომ რომ არ არსებობს სულიერი ცხოვრება. არსებობს იესო ქრისტესა და ეკლესიის ცხოვრება და არსებობს ცხოვრება იესო ქრისტესა და ეკლესიის გარეშე. დიფერენციაცია კლასიფიცირდება არსობრივად და არა მხოლოდ გონებრივად.

[გაგრძელდება]

წყარო: www.enoriako.info

შინაარსი
სანიშნეები