Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა სოფია – პისტი – ელპიდი – აღაპი : სიცოცხლისა და რწმენის მაგალითები | PEMPTOUSIA

წმიდა სოფია – პისტი – ელპიდი – აღაპი : სიცოცხლისა და რწმენის მაგალითები

30 September 2016

წმიდა სოფია და მისი სამი მოწამე ქალიშვილი – პისტი (რწმენა), ელპიდი (იმედი) და აღაპი (სიყვარული)  (17/30 სექტემბერი)

წმიდა სოფია და მისი სამი ქალიშვილი – პისტი, ელპიდი და აღაპი – რომის იმპერატორის, ადრიანეს (ქრისტეს შობიდან 117-138 წლებში), დროს ცხოვრობდნენ. ისინი ბრწყინვალე და დიდებული გვარის წარმომადგენლები იყვნენ. წინაპრებისაგან მათ მემკვიდრეობით მიეღოთ ქრისტესადმი რწმენა და თავიანთი ცხოვრების გზას უფლის ნების თანახმად მიუყვებოდნენ.

ერთხელ, როდესაც ეს წმიდა დედანი რომში გაემგზავრნენ, მათი ოჯახის ბრწყინვალე რეპუტაცი და ქრისტესადმი რწმენის უსაზღვრო მაგალითი ფართო მასებისათვის გახდა ცნობილი. სწორედ ამ მიზეზით, ჰეგემონმა მის წინაშე სოფიასა და მისი შვილების წარდგენა მოითხოვა. ამ შეხვედრის შემდეგ, მათი სათნოებითა და სილამაზით აღფრთოვანებულმა იმპერატორმა, დედისაგან განცალკევებით დაიწყო ქალიშვილებთან მათი რწმენის შესახებ სჯა-ბაასი, ხან პირფერობითა და დაპირებებით, ხანაც კი მუქარით ცდილობდა მათი სპეტაკი გულის მოგებას, რათა ქრისტეს სარწმუნოებისგან ჩამოეშორებინა. თუმცა კი, წმიდა სოფია ბოლომდე თავისი რწმენის ერთგული დარჩა და დაიცვა თავი და შვილები ჰეგემონის შემოტევებისაგან და შესაბამისად, ჰეგემონმა მისი მიზნის მიღწევა ვერ შეძლო.

Agia Sofia i kori AGApi,Elpida kai Pistis

მაშინ, წმიდანის მიერ დამარცხებულმა იმპერატორმა  ბრძანა მის წინაშე სოფიას სამი ქალიშვილი მოეყვანათ. როგორც კი გოგონები მოიყვანეს, ჰეგემონი „ტკბილი“ მზერით, მომაჯადოებელი პირფერობითა და დაპირებებით შეეცადა მათი მცირე ასაკი გამოეყენებინა და იქნებ, ისინი მაინც გადაერწმუნებინა. თუმცა, სწორედ ასეთი მცირეწლოვან ასაკში მათ უკვე ნასწავლი ჰქონდათ, რომ თავი უნდა აერიდებინათ იმ მატერიალური სიკეთეებისათვის, რომლებსაც დაჰპირდებოდნენ. ტირანმა ყველა ღონეს მიმართა მათი დარწმუნებისთვის, მაგრამ მაინც დამარცდხა, რადგან ამ წმიდა გოგონებს  იესო ქრისტესადმი სრულიად შეგნებული რწმენა გააჩნდათ.

ამ ამბის შემდეგ, იმპერატორმა მოისურვა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე ეწამებინა. პირველად მას ასაკით ყველაზე უფროსი პისტი მიჰგვარეს, რომელიც მაშინ მხოლოდ თორმეტი წლისა იყო. გოგონამ გულწრფელად აღიარა ქრისტესადმი რწმენა, უარყო და მამაცი სულით წინ აღუდგა ტირანის მიერ წინასწარ მომზადებულ ყოველგვარ ხერხს. რის შემდეგაც, იმპერატორის ბრძანებით, გოგონა წარმოუდგენელი და საშინელი წამებისთვის გაწირეს. თავდაპირველად ჯალათებმა იგი გააშიშვლეს, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და ჯოხებით უმოწყალოდ სცემეს. შემდეგ კი მკერდი მოაჭრეს, საიდანაც, სასწაულის ძალით, სისხლის ნაცვლად რძე მოედინებოდა. ამ ამბავმა აღტაცება და შიში გამოიწვია ბიწიერსა და უმოწყალო ჯალათებში. ამის შემდეგ გოგონა გავარვარებული ღუმელის ცხაურაზე დააწვინეს. მაგრამ წმინდანს არაფერი დაშავებია, უფალი იესო ქრისტეს სადიდებლად იგი უვნებლად გადაურჩა როგორც ცეცხლს, ისე – ტირანის სიჯიუტეს. ამის შემდეგ, მას  ფისი და გუდრონი  მოაყარეს და კვლავ აელვარებულ ცხაურაზე დააწვინეს. თუმცა, წმიდანი ამ საწამებელსაც უვნებელი გადაურჩა და უფალს სამადლობელი უძღვნა.

მას შემდეგ კი, რაც ტირანი დიდმოწამე ახალგაზრდა ქალმა ასე შეარცხვინა, იგი სასტიკად განრისხდა და მისთვის ხმლით თავის მოკვეთის ბრძანება გასცა. გოგონა მაშინვე ჯალათებს გადასცეს, რომლებმაც იგი იმ ადგილისაკენ წაიყვანეს, სადაც მისთვის თავი უნდა მოეკვეთათ. მათ წინ გოგონას დედა – სოფია მიუძღვოდა,  რომელიც თავის ქალიშვილს ამხნევებდა, რათა იგი ქრისტესთვის სიკვდილს სიხარულით დათანხმებოდა. როგორც კი მიაღწიეს ბრძანების აღსრულების ადგილამდე, ჯალათებმა წმიდანს თავი ხმლით მოკვეთეს. ამგვარად, წმიდა დიდმოწამე პისტიმ ქრისტესგან თავისი გამარჯვების გვირგვინი მოიპოვა და თავის თავს თავმდაბლად წმიდანის პატივი უძღვნა, რადგანაც ის სიკვდილის კარამდე ქრისტესადმი რწმენის მაგალითად იქცა.

მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს ტირანის ბილწი ხელით პირველ ახალგაზრდაზე – პისტიზე აღსრულდა, იმპერატორთან მეორე ქალიშვილი – ელპიდი მიიყვანეს, რომელიც მაშინ მხოლოდ ათი წლისა იყო. თუმცა, იგი ასაკისდა მიუხედავად, ქრისტესადმი რწმენაში შეურყეველი აღმოჩნდა. გოგონამ კატეგორიულად უარყო ტირანის პირობები და დაპირებები. მაშინ, ამ პატარა ქალიშვილის მიერ შერცხვენილმა იმპერატორმა ბრძანა იგი გაემათრახებინათ, შემდეგ კი აალებულ ღუმელში ჩაეგდოთ. ტირანის ბრძანება აღსრულდა. თუმცა წმიდანი, ღმრთის ძალისა და ქრისტეს უხილავი ჩარევის მეშვეობით, ცეცხლს სრულიად უვნებელი გადაურჩა.

შესაბამისად, ტირანმა ბრძანა, რომ ელპიდი ახლა სხვ მეთოდით ეწამებინათ. კონკრეტულად კი მორზე მიაბეს და მასზე მთელი სხეულით რკინის ლურსმნებით მიაჭედეს. შემდეგ კი მთლიანად გასისხლიანებული ძალიან ცხელ ქვაბში ჩააგდეს, რომელიც ფისითა და გუდრონით იყო სავსე. მაგრამ, წმიდანი ამ წამებასაც სრულიად უვნებელი გადაურჩა, თუმცა ადუღებულმა სითხემ, რომელიც ქვაბიდან იღვრებოდა, იქ დამსწრე კერპთაყვანისმცემლები დააზიანა და იმდენად მოულოდნელი დამწვრობა მიაყენა, რომ მათთვის სასიკვდილოც კი აღმოჩნდა.  ყოველივე ამის გამო, ჯალათები ბრაზით აღენთნენ და მცირე ასაკის დიდმოწამეს მაშინვე თავი მოჰკვეთეს.  ასე რომ, ქრისტეს ეს ათი წლის ანგელოზიც – პატარა ელპიდიც – აღესრულა და გვირგვინოსანი შევიდა ღმრთის ზეციურ სასუფეველში.

ყოველივე ამის შემდეგ, ხარბ, გაუმაძღარ და ღმერთთან მებრძოლ ტირანთან მესამე, დებს შორის ყველაზე უმცროსი, პატარა აღაპი მიიყვანეს. გოგონამ, რომელიც მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ცხრა წლის იყო, მისი ასაკისათვის უჩვეულო სიბრძნითა და აღუწერელი სიმამაცით განაცხადა, რომ ქრისტე ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია და ბავშვური სიცილით აბუჩად აიგდო კერპთაყვანისმცემელთა რწმენა. მისმა განცხადებამ იმდენად გააკვირვა და განარისხა ტირანი, რომ მან მაშინვე უბრძანა ჯალათებს გოგონა ჩამოეკიდათ და ეცემათ. მაშინ ჯალათებმა შეიპყრეს ეს ცხრა წლის გოგონა, ჩამოკიდეს და ისე სასტიკად სცემეს მაგარი ქამრებით, რომ მისი სხეული ნაწილ-ნაწილ დაგლიჯეს და სახსრები უღრძეს. თუმცა, ღმრთის მადლით, გოგონას სხეული მაშინვე ისევ სრულყოფილად აღდგა, რომ ტირანი თავდაპირველად გააოგნა, შემდეგ კი დაამწუხრა ამ სანახაობამ. ამის შემდეგ, ბრაზით აღვსილი იმპერატორი მდგომარეობიდან გამოვიდა და ბრძანა, რომ გოგონა ღუმელში ჩაეგდოთ, რომელიც ყოველგვარი სახეობის საწვავით იყო აალებული. თუმცა, აღაპი უფლის ანგელოზის ჩარევით სასწაულებრივად გადარჩა, ხოლო ცეცხლის ალმა კი მის მაგივრად იქ დამსწრე კერპთაყვანისმცემლები და თავად ტირანი დააზიანა. მაშინ, ცხოველის დარად გაავებულმა და უმოწყალო ტირანმა ჯალათებს უბრძანა, რომ წმინდანის სხეული რკინის ხიშტით დაეხვრიტათ. ამ წამების შემდეგაც გოგონა უვნებელი დარჩა. მაშინ კი ტირანის ბრძანებით, გოგონას მახვილით თავი მოჰკვეთეს.  ასე აღესრულა ეს ცხრა წლის ანგელოზიც – აღაპი  –  და უფლის მიერ უკვდავების მოწამეობრივი გვირიგვინით იქნა შემკობილი, ისევე როგორც მისი დები.

გოგონების დედა, წმიდა სოფია, მეტად ხარობდა, რადგან მას ამგვარი ღმრთივმიმადლებული ყლორტების ტრიადა გაეზარდა, სადიდებელსა და სამადლობელს აღავლენდა უფლის მიმართ თავისი ანგელოზის მსგავსი შვილების გამო. მას შემდეგ კი, რაც წმიდანმა დედობრივი მზრუნველობით საფლავებს მიაბარა თავისი საყვარელი და ანგელოზის დარი ქალიშვილების პატიოსანი ნაწილები, სამი დღის განმავლობაში მათ საფლავებთან დარჩა და ღმერთს ევედრებოდა, რათა მისი თავიც გაეყვანა დროებითი ცხოვრებიდან.  მართლაც, უფალმა მისი ლოცვა შეისმინა და წმიდანის ნეტარი სული თავისთან იხმო. წმიდა სოფიას პატიოსანი სხეულის ნაწილები მისი სამი ქალიშვილის საფლავებთან ახლოს დაკრძალეს, როგორც მარადიული მოწმობა ოთხივე მათგანის ქრისტესადმი ერთიანი რწმენისა, რომელმაც ისინი გვირგვინოსან ჰყო და რომელსაც ეკუთვნის  დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

(გეორგოს დ. პაპადიმიტროპულოსი, თეოლოგი-ფილოლოგი და ლიცეუმის დირექტორი, ჩვენი წმიდანების შესახებ, სექტემბრის წმიდანთა ცხოვრებათა ავტორი, გამოც. „აპოსტ. დიაკონია“ გვ. 113-118.)

შინაარსი
სანიშნეები