Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი პაისი ველიჩკოველი (1722-1794 წწ.) | PEMPTOUSIA

ღირსი პაისი ველიჩკოველი (1722-1794 წწ.)

28 November 2016

ღირსი პაისი ველიჩკოველი 1722 წელს დაიბადა უკრაინის ქალაქ პოლტავაში. ერისკაცობაში მას პეტრო ერქვა. მამა მღვდელი იყო, დედა კი მოგვიანებით მონაზვნად აღკვეცილა. თხუთმეტი წლის ყმაწვილი ჯერ ლიუმბესკის მონასტერში გადადის, შემდეგ კი კიევის დიდ ლავრაში მიემგზავრება. მისი სულიერი წინამძღვარი გახლდათ ისიქასტი ბასილი, ნიპტიკური შრომების („ნიპტიკოს“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ფხიზელს, მღვიძარეს) მწერალი და მთარგმნელი. 1742 წელს, მის სამშობლოში ჰუნების დევნის შემდეგ, იგი გადადის ვლახეთში, სადაც ოთხი წლის განმავლობაში ეწევა მონასტრულ ცხოვრებას. სწორედ აქ ეწოდა მას სახელად პლატონი. 1746 წელს კი, ნანატრ ათონის წმიდა მთისკენ მიემგზავრება.

osios-paisios-velitskofski-01

ასკეტურ ცხოვრებას იწყებს კაფსალაში, სადაც მონაზვნად აღიკვეცა თავისი სულიერი მოძღვრის ბასილის მიერ. სწორედ აქ ეწოდა მას სახელად პაისი. 1758 წელს იგი დიაკვნად და მღვდლად იქნა ხელდასხმული, რის შედეგადაც მას თორმეტკაციანი სინოდიის გაძღოლა დაეკისრა. ამის შემდგომ, მამა პაისი თავისი სინოდიის თანხლებით ელია წინასწარმეტყველის სახელობის კელიაში მიდის, რომელსაც სკიტიდ გადააქცევს და რომელიც პანტოკრატორის მონასტერს მიეკუთვნება. დროთა განმავლობაში, მამა პაისიმ დაახლოებით ორმოცდაათი კარგი მოწაფე შეიძინა, რომელთათვისაც ათონური წესისამებრ შეადგინა ტიპიკონი და დაიწყო ეკლესიის წმიდა მამათა შრომების თარგმნა სლავურ ენებზე, მსგავსად ისააკ სირიელისა და გრიგოლ სინელისა, იგი ყველას ასწავლიდა იესო ქრისტეს ლოცვას. თავისი მთაწმიდური ცხოვრების უკანასკნელი ექვსი თვე მამა პაისმა სიმონოპეტრას წმიდა მონასტერში გაატარა (1762 წ.). ღირსი პაისი,  1763 წელს, ათონის წმიდა მთაზე გატარებული თხუთმეტი წლის შემდეგ, მოლდოვეთში ბრუნდება და თან საკმაოდ ბევრი მონაზონი მიჰყავს.

თავდაპირველად იგი დაფუძნდა დრაგომირნის მონასტერში, სადაც მრავალი რუსი, რუმინელი და ბულგარელი მოწაფე შეიძინა. მოწაფეებს ყოველ დღე მათივე ენაზე ასწავლიდა, რომ შეენარჩუნებინათ უპოვარობა, მორჩილება, თავმდაბლობა, დუმილი და გატაცებულნი ყოფილიყვნენ მღვიძარე მამების კვლევით. მამა პაისი ნეამცის ძველი მონასტრის იღუმენი გახდა, რომელიც  მნიშვნელოვან სულიერ ცენტრად აქცია. აქ აქტიურად თარგმნიდნენ ბერძენი მამებისა და ასკეტების შრომებს და ცხოვრობდნენ იესო ქრისტეს ლოცვით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ფილოკალიის“ თარგმანის შესახებ (1793 წ.) („ფილოკალია“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „სიკეთის სიყვარული“). წმიდა ბერი პაისის სახელმა წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელამდე მიაღწია. ნიკოდიმოსს სურდა, რომ პაისის მოწაფე გამხდარიყო, თუმცა ამ განზრახვაში მას სხვადასხვა გარემოებამ შეუშალა ხელი და ათონის წმიდა მთაზე დაბრუნდა.

დიდი ღერონდა (ბერი, სტარეცი) 1794 წლის 15 ნოემბერს ნეამცის მონასტერში მშვიდობიანად აღესრულა. მისი ღვაწლის და საქმის შესახებ მრავალი ადამიანი ახლაც კი სამართლიანადაა აღფრთოვანებული. იგი გახლდათ ბერმონაზვნობის ამაღორძინებელი რუმინეთსა და რუსეთში. მამა პაისის გარდაცვალების შემდეგ, მისი მრავალრიცხოვანი და ღირსეული მოწაფეები იქცნენ მის სწავლებათა მქადაგებლებად. მონასტრები – დრაგომირნა, სეკუ და ნეამცი წარმოადგენდნენ ბრწყინვალე ასკეტურ-ფილოლოგიური მოძრაობის ცენტრს მე-18 და მე-19 საუკუნეებში, სადაც ღირსი პაისის მოწაფენი, თავიანთი ნიპტიკური ღვაწლითა და პროგრესული ფილოლოგიური კრიტერიუმებით, იღწვოდნენ მოლდავეთის სულიერ განვითარებაზე. მამა პაისიმ წმიდა კოლივადელთა („კოლივადელები“ ეწოდებათ ათონელ ბერებს, რომლებიც სათავეში ედგნენ ათონის მთის სულიერ აღორძინებას მე-17 საუკუნეში. მათი სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან „κόλλυβα“, რაც სიტყვასიტყვით „წანდილს“, „კოლიოს“ ნიშნავს) სული გადაიტანა ბალკანეთსა და რუსეთში. მას განსაკუთრებულად მიაგებენ პატივს რუსები და რუმინელები. მისი, როგორც წმიდანის ოფიციალური აღიარება 1988 წელს მოხდა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ. მოგვიანებით კი, 1992 წელს, ღირსი პაისი წმიდანად რუმინეთის საპატრიარქომაც აღიარა.

მამა პაისის პირველი ბიოგრაფია 1817 წელს, მის მოწაფეს მონაზონ მიტროფანეს დაუწერია. მიტროფანეს წერის დროს თვით წმიდანის პირადი მოგონებები გამოუყენებია. მოგვიანებით მას უამრავი სხვა მიმდევარი გამოუჩნდა, რომელთაც წმიდანის ბიოგრაფია შეთხზეს როგორც რუმინულ, ისე რუსულ ენაზე. ეს ბიოგრაფიები შემდგომ  ბერძნულად ითარგმნა.

ღირსი პაისის ხსენების დღეა 15/28 ნოემბერი.

წყარო: მონაზონი მოსე მთაწმიდელი, ათონის წმიდა მთის წმინდანნი, მიღდონიის გამოცემები, თესალონიკი, 2007.

 

შინაარსი
სანიშნეები