Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა იოანე ოქროპირი – ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ | PEMPTOUSIA

წმიდა იოანე ოქროპირი – ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ

9 February 2017

სიტყვა პირველი

1. მრავალი მეგობარი მყავდა, სარწმუნო და ჭეშმარიტი, ვინაც იცოდა მეგობრობის წესი და მტკიცედ მისდევდა მას, მაგრამ მრავალთაგან ერთს მაინც გამორჩეულად ვუყვარდი. თავისი სივარულით იგი ბევრად აღემატებოდა სხვა მეგობრებს, თუმცა არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი. ყოველთვის ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო: ერთსა და იმავე მეცნიერებებს ვსწავლობდით და საერთო მასწავლებლები გვყავდა, ერთნაირი წადილითა და გულმოდგინებით ვმეცადინებდით მჭერმეტყველებაში და ერთნაირი სურვილები გვქონდა, რადგანაც ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ეს ასე იყო მასწავლებლებთან სიარულის დროს, და მერეც, როცა დავასრულეთ სასწავლებელი და ცხოვრების გზის არჩევანის წინაშე დავდექით, ჩვენი აზრები კვლავ ერთმანეთს დაემთხვა.

2. ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცე და დაურღვევლობა სხვა მიზეზებმაც განაპირობა: მამულის უპირატესობით ერთმანეთის წინაშე თავს ვერ მოვიწონებდით, არც ის ყოფილა, რომ მე მოჭარბებული მქონოდა სიმდიდრე, იმას კი უკიდურეს სიღატაკეში ეცხოვრა, ჩვენი ქონება იმდენადვე თანაბარი იყო, რამდენადაც გრძნობები. წარმომავლობაც ერთნაირი გვქონდა, ამნაირად, ყველაფერი უწყობდა ხელს ჩვენს ერთობას.

3. მაგრამ როდესაც მან, ნეტარმა, მონაზვნური ცხოვრება დაიწყო და ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარეობას შეუდგა, მაშინ კი დაირღვა ჩვენი თანასწორობა. მისი სასწორის ფიცარი შემსუბუქდა და ამაღლდა, მე კი, სოფლის ტრფიალით გზაცთომილმა, ქვე-დავზიდე ფიცარი ჩემი. ჩვენი მეგობრობა უწინდებურად მტკიცე იყო, თუმცა ერთად ყოფნა მოიშალა, რადგან შეუძლებელია ერთად ცხოვრება იმათი, ვინც სხვადასხვა საქმითაა დაკავებული. როცა რამდენადმე გავთავისუფლდი ამქვეყნიური ორომტრიალისაგან, ხელგაშლით მიმიღო, თუმცა ვერც მაშინ ვიცავდით უწინდელ თანასწორობას, რადგან ის უკვე შორს იყო წასული და თან დიდი გულმოდგინებაც გამოიჩინა, ამდენად კვლავ ჩემზე მაღლა იდგა და დიდ საზომს იყო მიღწეული.

Ag. Hrysostomos, Agia Sofia Konstanytinoupolis

4. კეთილი კაცი იყო, ძვირად უღირდა ჩვენი მეგობრობა და იმის მიუხედავად, რომ გაურბოდა ყველანაირ ურთიერთობას, მთელ თავის დროს ჩემთან ატარებდა, თუმცა მე ჩემი დაუდევრობით მაინც ხელს ვუშლიდი. რადგანაც კაცს, რომელიც სამსჯავროსა და თეატრალურ სანახაობებს იყო მიჯაჭვული, შეუძლებელია დიდი დრო გაეტარებინა იმასთან, ვინც მთელი დღე წიგნებს უჯდა და არც კი იხედებოდა საკრებულოსკენ. მაგრამ როცა ეს დაბრკოლებები მოისპო და მეც თავისნაირი ცხოვრების გზას გამიყოლია, მაშინ კი გამოთქვა სურვილი, რომელსაც დიდი ხანია გულში ინახავდა. უკვე არც ერთი წუთით აღარ მშორდებოდა და სულ იმის ჩაგონებაში იყო, რომ თითოეულ ჩვენგანს მიეტოვებინა სახლი და საერთო სამყოფელი გვქონოდა. დამარწმუნა კიდეც, ცოტაც – და ასეც მოხდებოდა.

5. მაგრამ დედაჩემის დაუცხრომელმა ვედრებამ დამაბრკოლა და ამიტომ ვეღარ გავახარე ჩემი მეგობარი, უფრო უკეთ, ვერ შევძელი მისგან შემოთავაზებული პატივის მიღება. დედამ რომ ჩემი განზრახვა გაიგო, ხელი ჩამკიდა, თავის ოთახში გამიყვანა, იმ საწოლთან დამსვა, რომელზეც მშვა, თვალთაგან ცრემლთა ნაკადი წასკდა, და ამ ცრემლებზე მწარე სიტყვები მოაყოლა. ქვითინებდა და მეუბნებოდა: “შვილო, დიდხანს არ დამცლია მამაშენთან ყოფნის სიხარული, ღმერთმა ასე ინება (ანთოსისი, მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის დედა, ოცი წლისა დაქვრივდა). მისმა სიკვდილმა, შენს დაბადებას მალე რომ მოჰყვა, შენ ობლობა გარგუნა, მე კი – ნაადრევი ქვრივობა და ქვრივობის სიმწარე, რომელსაც მხოლოდ ის გაიგებს კარგად, ვისაც გამოუცდია. არავითარ სიტყვებს არ ძალუძს აღწეროს ის ქარიშხალი და ის განცდები, თავს რომ დაატყდება ყმაწვილ ქალს, რომელმაც ახლახან დატოვა მამის სახლი, ჯერაც გამოუცდელია და უეცრად აუტანელი მწუხარება შეემთხვევა, თანაც იძულებულია იტვირთოს საზრუნავი, რაც მის ასაკსაც აღემატება და ბუნებასაც. ცხადია, მან მსახურთა დაუდევრობაც უნდა გამოასწოროს, მათი დანაშაულიც შენიშნოს, ნათესავების ხრიკებიც ჩაშალოს, მანვე უნდა გაუძლოს მეზვერეთა შევიწროებას, მათ მკაცრ მოთხოვნებს ბაჟის აღებისას. თუ ქმრის სიკვდილის შემდეგ ბავშვი რჩება, თუნდაც გოგონა იყოს, ბევრ ზრუნვას მოითხოვს დედისგან, თუმცა ეს ყველაფერი ფულთან და შიშთან არაა დაკავშირებული. ვაჟიშვილი კი ყოველდღე შიშში ამყოფებს დედას და უფრო მეტ ზრუნვას მოითხოვს. აღარას ვამბობ ფულზე, რომელიც საჭიროა, თუ დედას სურს, შვილი კარგად აღზარდოს. მაგრამ განსაცდელმა ვერ მაიუძულა მამაშენის სახლში სხვა სიძის შემოყვანა, მოთმინებით ვიტანდი ქვრივობის ჭირსა და მრავალ მოწევნულ მწუხარებას.

ჯერ ერთი, უზენაესის შეწევნა მაძლიერებდა, მეორე – ამ ტანჯვაში დიდ ნუგეშს მცემდა შენი სახის ჭვრეტა, რადგან მასში ვხედავდი განსვენებულის ნამდვილ, ცოცხალ ხატებას. როცა ჯერაც ყრმა იყავ და ძლივს ტიტინებდი (ამ დროს ბავშვები განსაკუთრებით საყვარლები არიან), დიდად მიმსუბუქებდი დარდს. მოთმინებით ავიტანე ქვრივობის გასაჭირი, არაფერი მომიკლია მამაშენის დატოვებული ქონებისთვის, ამას ვერ მისაყვედურებ. არადა, ბევრ საბრალო ობოლს ხომ სწორედ ასე დაემართა. არაფერი მომიკლია მამაშენის დანატოვარისათვის და თანაც არ დავრიდებივარ აუცილებელ ხარჯებს, რომ სწავლა კეთილად გაგესრულებინა. არ იფიქრო, თითქოს გაყვედრიდე ყოველივე ამას.

ახლა კი გევედრები: მეორე ქვრივობას ნუ მოაწევ ჩემზე, დაშრეტილ მწუხარებას კვლავ ნუ აღმიძრავ შენი განშორებით, დაელოდე ჩემს აღსასრულს. ვინ იცის იქნებ ახლოსაც იყოს იგი, რამეთუ თქვენ, ჭაბუკნი, ელით დღეთა სიგრძესა, ხოლო ჩვენ, მოხუცებული, სიკვდილსღა მოველით. მამაშენის გვერდით მიწას რომ მიმაბარებ, მერე რა გზასაც გინდა, იმას დაადექი, აღარავინ დაგაბრკოლებს. მაგრამ ვიდრე მე ვსუნთქავ, ჩემთან იყავი, ღმერთს ნუ განარისხებ, ნუ მიქადი ასეთ ხიფათებს მე, ვისაც არაფერი დამიშავებია შენთვის. თუ იმას მაბრალებ, რომ მსოფლიო ზრუნვას გაკისრებ და საკუთარ საქმეებზე ფიქრს გაიძულებ, მაშინ გამერიდე, როგორც მტერსა და ავისმოსურნეს, ნუ შეგრცხვება ნურც ბუნების კანონებისა, ნურც აღზრდისა, ნურც ჩვევისა და ნურც რაიმე სხვა მიზეზისა. ხოლო თუ ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ სრული განსვენება მოგანიჭო ამ სოფელში, მაშ დარჩი ჩემთან, ნუ დამიტევებ. შენ კი ამბობ, ბევრი მეგობარი მყავსო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მოგანიჭებს ასეთ განსვენებას, რადგან არავინაა, ჩემსავით რომ ზრუნავდეს შენს კეთილდღეობაზე”.

6. ამას და სხვა ამისთანებს მეუბნებოდა დედა, მეც ყველაერი ჩემს დიდსულოვან მეგობარს მოვახსენე. ის კი ამ სიტყვებს როდი დასჯერდა, პირიქით, მეტი დაჟინებით ჩამაგონებდა ადრინდელი განზრახვის შესრულებას. ამ ყოფაში ვიყავი – იგი ხშირად მევედრებოდა, მე კი არ ვეთანხმებოდი – რომ უეცრად ხალხში ხმა დაირხა, თითქოს ჩვენი ეპისკოპოსის პატივში აყვანა იყო განზრახული. ამ ამბავმა ორივე შეგვაშფოთა. შიშმა და გაურკველობამ შემიპყრო: შემეშინდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ მომხდარიყო ჩემი ხელდასმა, გაურკვევლობა კი იმიტომ დამეუფლა, რომ ხშირად ვფიქრობდი და ვერ გამეგო, საიდან გაუჩნდათ ადამიანებს ასეთი აზრი ჩემს შესახებ. კარგად ვუკვირდებოდი საკუთარ თავს და ვერაფერს ვპოულობდი ჩემში ესოდენ პატივის ღირსს. ამ დროს მეწვია ჩემი დიდსულოვანი მეგობარი და საიდუმლოდ მამცნო ეს ამბავი, მას ეგონა, რომ ჯერ არაფერი ვიცოდი, თანაც მთხოვა ახლაც უწინდელივით ერთნაირად განგვესაჯა და ერთნაირად მოვქცეულიყავი. მარწმუნებდა, რა გზაც არ უნდა აირჩიო, ჩვენი ხელდასხმის მსურველთ დამორჩილდები თუ გაექცევი, მეც უეჭველად შენთან ერთად ვიქნებიო. აშკარად ვხედავდი, რომ იგი მართლაც ყველაფრისათვის მზად იყო და ვიფიქრე, რომ მთელ საეკლესიო საზოგადოებას დიდ ვნებას მოვუტანდი, თუ საკუთარი უძლურების გამო ქრისტეს სამწყსოს მოვაკლებდი ჩინებულ და წინამძღვრობის შემძლე ყმაწვილებს, ამიტომ არ გავუმხილე ჩემი გულისთქმა, თუმცა იმ დრომდე მისთვის არც ერთი ჩემი აზრი არასოდეს დამიმალავს. ვუთხარი, ამ საკითხზე ბჭობა სხვა დროისთვის გადავდოთ, საჩქარო არაფერია-მეთქი, ადვილად დავარწმუნე, რომ არ ეზრუნა ამაზე და მტკიცე იმედი ჰქონოდა ჩემი თანადგომისა, თუკი ნამდვილად დაგვიპირებდნენ ასეთ რამეს.

მცირე ხნის შემდეგ, როცა მოვიდა კაცი, ვისაც ჩვენი ხელდასხმა უნდა აღესრულებინა, მე დავიმალე. ჩემი მეგობარი კი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, სხვა საბაბით გაიწვიეს და მან იტვირთა ეს უღელი, სრულიად დარწმუნებულმა, რომ პირობის თანახმად მეც მას მივყვებოდი, ანუ, უფრო უკეთ, ეგონა რომ თვითონ მომყვებოდა მე. ზოგიერთი იქ მყოფები, რაკი დაინახეს, რომ ბასილი ჩიოდა რატომ წამომიყვაენოთო, გაკვირვებულები გაიძახოდნენ: “საოცარი იქნება, თუ ის, ვინც უფრო თამამ კაცად იყო მიჩნეული (ანუ მე), დიდი სიმდაბლით მიიღებს მამათა განჩინებას, ეს კი, უფრო კეთილგონიერი და თავმდაბალი, წინ აღუდგება მამებს და დაიწყებს ცუდმედიდობას, უარყოფას და ცილობას”.

ისიც დაემორჩილა ამ სიტყვებს, ხოლო როცა შეიტყო, რომ მე გავიქეცი, მოვიდა ჩემთან მწუხარებით აღვსილი, ახლოს დამიჯდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ სულიერი მღელვარებით შეძრულმა სიტყვა ვერ დასძრა თქმად. როგორც კი ხმის ამოღებას დააპირებდა, მყისვე ჩერდებოდა, რადგან ურვა არ აცლიდა სიტყვის დადმთავრებას. ცრემლმორეული და შეძრწუნებული რომ ვიხილე (თანაც მიზეზი კარგად ვიცოდი), გავიცინე, დიდი სიხარული გამოვხატე, მის ხელს დავწვდი და ვეამბორე, მერე ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ჩემმა ხერხმა გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი. ჩემი სიხარული და აღტაცება როცა იხილა და შეიტყო, რომ ადრევე მივმართე ამ ხერხს, კიდევ უფრო შეშფოთდა და დამწუხრდა.

7. როდესაც სულიერი მღელვარება ოდნავ დაუცხრა, მითხრა: თუკი მე უკვე უგულებელმყავ და აღარაფრად მაგდებ (არ ვიცი კი, რისთვის), საკუთარ პატივზე მაინც გეფიქრა. ეხლა ყველას მიეცი ლაპარაკის საბაბი, ყველა იმას გაიძახის, ცუდმედიდობის გამო აირიდა ეს მსახურებაო, და ერთი კაციც არ გიცავს ამ ბრალდებისაგან. მე კიდევ გარეთ ვეღარ გავსულვარ, იმდენი ხალხი მოდის ყოველდღე და მსაყვედურობს. ნაცნობები, სადმე ქალაქში თვალი თუ მომკრეს, განზე გავყავართ და მეტწილად ყვედრებით მავსებენ: “ხომ იცოდი მისი ზრახვები (აკი არაფერს გიმალავდა), არ უნდა დაგეფარა, რას ფიქრობდა და ჩვენთვის უნდა გეთქვა, ჩვენ კი, ცხადია, ყოველ ღონეს ვიხმარდით მის მოსანადირებლად”. მე კიდევ ვწითლდები და მრცხვენია მათთვის იმის თქმა, რომ არ ვიცოდი შენი განზრახვა, არ მინდა მეგობრობა პირმოთნეობად მიიჩნიონ. და თუნდაც ეს მეგობრობა მართლაც თვალთმაქცობა იყოს (და ასეცაა, ამას ხომ ვერ უარყოფ შენი ახლანდელი საქციელის შემდეგ), უცხოთაგან, ვინც ასე თუ ისე გვიცნობს, მაინც უნდა დავფაროთ ჩვენი ცუდი ურთიერთობა.

მე ვერ ვბედავ ვუთხრა მათ სიმართლე, ის, რაც ჩვენს შორის იყო, ამიტომ იძულებული ვარ გავჩუმდე, თვალები მიწამდე დავხარო და მოვერიდო შემხვედრთ. პირველ ბრალდებას რომც ავცდე (ჩვენი მეგობრობის არაგულწრფელობის შესახებ), უსათუოდ სიცრუეს მაინც შემწამებენ. ისინი არასოდეს დამიჯერებენ, რომ შენ ბასილიც სხვებს გაუტოლე, იმათ, ვინც არ უნდა იცოდეს შენი საიდუმლო. თუმცაღა მე ეს დიდად არ მადარდებს: შენ ასე გწადდა. მაგრამ როგორ გადავიტანთ სხვა ბრალდებათა სირცხვილს? ზოგი სიამაყეს მოგაწერს, ზოგი – პატივმოყვარეობას, ხოლო უფრო ულმობელი მაბრალობელნი ერთშიც გადანაშაულებენ და მეორეშიც, და იმასაც დასძენენ, რომ ჩვენ შეურაცხვყავით თვით ამომრჩეველნი, მათზე კი ასე ამბობენ: “სამართლიანად მიიღეს, რაც დაემართათ, თუმცა მეტ უპატიობას იმსახურებდნენ იმისთვის, რომ ესოდენ პატივცემული კაცები უგულებელყვეს და აირჩიეს ყმაწვილები, ჯერ კიდევ გუშინ მსოფლიო ზრუნვით შეპყრობილნი. მათ ის იყო ცოტა ხნით ნაცრისფერი კაბები გადაიცვეს (იმ დროს მონაზვნები ჩვეულებრივ ნაცრისფერი ემოსათ) და თავი დამდაბლებულებად მოგვაჩვენეს, რომ უეცრად ისეთ ღირსებაში აიყვანეს, სიზმრადაც კი არ მოლანდებიათ. ისინი, ვინც სიყრმიდან ღრმა სიბერემდე მოღვაწეობაში არიან, ხელქვეითთა ხარისხში რჩებიან, და მათ განაგებენ მათივე შვილები, რომელთაც არც კი სმენიათ მართვა-გამგებლობის კანონების შესახებ”. ასეთი და კიდევ უფრო მეტი ყვედრებით მაწყინებენ და აღარ ვიცი, რით ვიმართლო თავი მათ წინაშე. გვედრი, მასწავე რამე.

ვფიქრობ, შენ უბრალოდ და უმიზეზოდ არ გაიპარებოდი და აშკარა ბრძოლას არ გამოუცხადებდი ამ დიდებულ კაცებს, ეს ნაბიჯი ალბათ რაღაც მოფიქრებული და გარკვეული მიზნისთვის გადადგი. აქედან ვხვდები, რომ თავდასაცავი სიტყვაც გექნება.

მაშ მითხარი, რა სამართლიანი მიზეზი შეგიძლია წარვუდგინოთ ჩვენს მაბრალობლებს. ხოლო იმას, მე რომ უსამართლოდ მომექეცი, არ გსაყვედურობ. არ გსაყვედურობ არც სიცრუეს, არც ღალატს, არც შენდამი ჩემი კეთილგანწყობის არად ჩაგდებას. მე ჩემი სული მოგიტანე და ჩაგაბარე, შენ კი ისე ცბიერად მომექეცი, თითქოს რაღაც უსიამოვნებებს მოელოდი ჩემგან. თუ სასარგებლოდ გიჩნდა ეს განზრახვა (ეპისკოპოსად არჩევა), მაშინ ამ სიკეთეს არ უნდა გარიდებოდი, ხოლო თუ საზიანოდ, მაშინ ჩემთვისაც უნდა აგეცილებინა, რადგან, შენივე თქმით, ყოველთვის ყველას გერჩივნე. შენ კი ყველაფერი იღონე იმისთვის, რომ მე ჩავვარდნილიყავი, და არავითარ მზაკვრობასა და თვალთმაქცობას არ დაერიდე იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის უბრალოდ და უზაკველად გექცეოდა. თუმცაღა, აკი გითხარი, სრულიად არ გსაყვედურობ ამას და არ გადანაშაულებ იმ მარტოობისათვის, რომლისთვისაც გამწირე. შეწყდა თათბირები, რომელთაგან ხშირად ვღებულობდით სიამოვნებასაც და საკმაო სარგებელსაც. მაგრამ ყოვეივე ამას თავს ვანებებ და ვითმენ უსიტყვოდ და მშვიდად, არა იმიტომ, რომ შენი საქციელი უწყინარი იყო, არამედ იმიტომ, რომ შენთან მეგობრობის პირველი დღიდანვე წესად დივიდე – არასოდეს გაიძულო თავის მართლება, რაც არ უნდა მაწყენინო. საკმაო ვნება რომ მომაყენე, შენ იცი, თუკი გახსოვს, რას ამბობდნენ ჩვენზე უცხონი და ჩვენ თვითონაც. კერძოდ, რომ ჩვენთვის ფრიად სასარგებლოა ერთსულოვნების დაცვა და ურთიერთობის სიყვარულით თავის შემოზღუდვა. სხვანი იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჩვენი ერთობა ბევრისთვის იქნებოდა სასარგებლო. თუმცა მე არასოდეს მიფიქრია, რომ შემიძლია სხვებს გამოვადგე. ის კი ვიცოდი, რომ ერთსულოვნება გარეშე მტერთაგან დაგვიცავდა, და ეს არ იქნებოდა უმნიშვნელო სარგებელი. ამას ყოველთვის დაუღალავად გახსენებდი ხოლმე. ეხლა მძიმე დროა. ავის მოსურნე ბევრია, ჭეშმარიტი სყვარული გაქრა, მისი ადგილი დამღუპველმა სიძულვილმა დაიკავა: “უწყოდი რამეთუ შორის საფრხეთასა წარვლი და გარე ქალაქისა ჯებირისა ხვალ” (ზირ. 9,18). მრავალნი არიან, ვისაც ახარებს ჩვენს თავს მოწეული უბედურებები, ისინი ყოველი მხრიდან გარემოგვადგენ, თანამლმობი კი არავინაა, ანდა ძალიან ცოტანი.

გაფრთხილდი, მას მერე, რაც ერთმანეთს დავშორდებით, უფრო მეტი დაცინვა და ზიანი არ დავიტეხო თავს. “ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოჲ მოზღუდვილი” (იგავთა 18,19). ნუ დაარღვევ ამ ერთობას, ნუ დაამხობ ამ სიმაგრეს. დაუცხრომლად გიმეორებდი ამას და ამაზე მეტსაც, მაშინ როცა არაფერი ვიცოდი და სრულიად ჯანსაღად გთვლიდი ჩემთან დამოკიდებულებაში, მხოლოდ გრძნობათა სიჭარბის გამო გთავაზობდა მკურნალობას საღსალამთს. თურმე არ ვიცოდი, რომ წამალს სნეულს ვაძლევდი და ამნაირად მე საბრალომ ვერაფერს მივაღწიე, ვერავითარი სარგებელი ვერ მივიღე ასეთი მზრუნველობისათვის. შენ მეყვსეულად უარყავი ყოველივე და მსუბუქი ხომალდივით გამიშვი გაშლილ ზღვაში, არც კი ცდილხარ წარმოგედგინა მრისხანე ტალღები, მე რომ უნდა შევებრძოლო. თუკი საიდანმე დამატყდა ცილისწამება, დაცინვა ანდა რაიმე სხვა შეურაცხყოფა და მტრობა (ეს კი ალბათ ხშირად მოხდება), ვის შევევედრო, ვის ვაუწყო ჩემი ურვა, ვინ შემეწევა, ვინ მოიგერიებს ჩემს შეურაცხმყოფელთ, ვინ აიძულებს მათ მტერობის შეწყვეტად, ვინ მანუგეშებს და შემეწევა სხვათა უჯერო საქციელის გადატანაში? არავინ მივის, რადგან შენ შორს განუდექი ამ სასტიკ ბრძოლას და ჩემი ხმაც კი არ გწვდება. იცი კი, რა ბოროტება ჩაიდინე? აღიარებ კი ამ მარცხის შემდეგ მაინც, რა უკურნებელი წყლულება მომაყენე? მაგრამ მოდი, ამას თავის დავანებოთ: რაც მოხდა, იმას უკვე ვეღარას ვუშველით, ვერც გამოუვალი ვითარებიდან ვიპოვით გამოსავალს. მაგრამ რა ვუთხრათ უცხოებს? რითი დავიცვათ თავი მათი ბრალდებებისაგან?

8. ოქროპირი: დამშვიდდი, მივუგე მე, მზადა ვარ არა მარტო მაგაზე გიპასუხო, არამედ შევეცდები, რამდენადაც შევძლებ, იმაშიც ვიმართლო თავი, რასაც შენ მპატიობ. თუ გინდა, სწორედ აქედან დავიწყებ თავდაცვას. ფრიად უმადლო, განუსჯელი და ბოროტი კაცი ვიქნებოდი, უცხოთა აზრზე რომ მეფიქრა და მათი ყვედრების დასაცხრობად ყველა ღონე მეხმარა, იმას კი არ ვცდილიყავ, რომ ჩემს უდანაშაულობაში დამერწმუნებინე შენ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ვინც იმდენად მიბრალებს, რომ არ მადანაშაულებს იმაშიც კი, რაშიც, მისივე თქმით, დამნაშავე ვარ, ის, ვინც თავის თავს არად აგდებს და კიდევ ჩემზე ფიქრობს. მაშინ ხომ დიდ უყურადღებობას გამოვიჩენდი ჩემთვის ესოდენ მზრუნველი მეგობრის მიმართ.

ამნაირად, რითი შეურაცხგყავი? აი აქედან დავიწყებ ჩემს თავდაცვას. იმით, რომ ხერხი ვიხმარე და დაგიმალე ჩემი განზრახვა? მაგრამ ეს ბოლოს სასარგებლო გამოდგა შენთვისაც და იმათთვისაც, ვისაც შენი თავი ჩავაბარე დამალვის წყალობით. თუკი დამალვა ყველა შემთხვევაში ბოროტებაა და არასოდეს შეიძლება მისი გამოყენება, თუნდაც კეთილი საქმისთვის, მაშინ მზადა ვარ მივიღო ის სასჯელი, რომელსაც შენ განმიჩინებ. თუმცა რაკი შენ არასოდეს დათანხმდები ჩემს დასჯას, მე თვითონ დავისჯი თავს ისე, როგორც მოსამართლენი სჯიან ხოლმე ბრალმდებელთაგან მხილებულ დამნაშავეებს. და თუკი დამალვა ყოველთვის არ არის მავნე, არამედ კარგი ან ცუდი ხდება კაცის განზრახვის მიხედვით, მაშინ ნუღარ მაბრალებ, რომ მოტყუვდი, დამტკიცე, რომ ხერხი ბოროტი საქმისათვის ვიხმარე. სანამ ეს არ დამტკიცებულა, მანამდე არ უნდა მაყვედრო და მაბრალო, პირიქით, თუ ვინმე ხერხს კეთილი მიზნით იყენებს, ის ქების ღირსია და არა საყვედურის. თავის დროზე და კეთილი განზრახვით ნახმარ ფანდს ისეთი სარგებლობა მოაქვს, რომ მრავალი დასჯილა კიდეც მისი გამოუყენებელობისათვის. მოდი გაიხსენე უსაჩინოესნი მხედართმთავართა შორის, ძველთაგან მოყოლებული, და დარწმუნდები, რომ მათი გამარჯვებები უფრო ხშირად ხერხის შედეგი იყო, და ასეთები უფრო სახელგანთქმულნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ძალით იგებდა ომს. ეს უკანასკნელნი ფულისა და ხალხის დიდი ხარჯით მოიპოვებენ ხოლმე გამარჯვებას, ისე რომ ვერავითარ მოგებას ვერ ნახულობენ მისგან. მძულველნი ძლეულებზე ნალკებ როდი არიან შეჭირვებულნი ჯარის დაღუპვისა და ხაზინის გაღატაკებისაგან. თანაც ისინი მთლიანად ვერ ტკბებიან თავიანთი გამარჯვებით, რადგან ხშირად მასში საკმაო წილი უდევთ დამარცხებულებსაც, რომლებიც ძლეულნი არიან მხოლოდ ხორცით, სულით კი ზეობენ. რომ არ დაცემულიყვნენ და მხნეობა არ დაეკარგათ, ისინი არასოდეს დამარცხდებოდნენ. ხერხის წყალობით გამარჯვებული კი მეტოქეს არა მარტო უბედურებას შეამთხვევს, სასაცილოდაც კი იგდებს ხოლმე. პირველ შემთხვევაში ორივე, მძლეველიცა და ძლეულიც, თანაბრად იღებს ქებას სიმამაცისათვის, ხერხის მოშველიების შემთხვევაში კი ნადავლი მთლიანად გამარჯვებულებს რჩებათ და რაც მთავარია, ქალაქში მოაქვთ გამარჯვების უხინჯო სიხარული. გულის სიუხვე და ხალხის სიმრავლე სხვაა და კეთილგონიერება კიდევ სხვა: პირველი განილევა ომში განუწყვეტელი ხმარებისას, და ბოლოს საერთოდაც ქრება. კეთილგონიერება კი, რაც უფრო ხშირად ინებებენ, მით უფრო მატულობს. და არა მხოლოდ ომში, მშვიდობიან დროსაც შეიძლება ხერხისაგან დიდი და უეჭველი სარგებლობის მიღება. ეს ეხება არა მარტო საზოგადო, არამედ ოჯახურ საქმეებსაც. მაგალითად, ქმრის დამოკიდებულებას ცოლისადმი და ცოლისას – ქმრისადმი, მამის დამოკიდებულებას შვილისადმი, მეგობრის დამოკიდებულებას მეგობრისადმი და თვით შვილის დამოკიდებულებას მამისადმი. ასე მაგალითად, საულის ასული ვერ დაიხსნიდა თავის ქმარს საულის ხელიდან, ხერხი რომ არ ეხმარა, მისმა ძმამ კი (იოანათანმა), თავისი დისგან გადარჩენილის ახალი საფრთხისაგან ხსნა რომ უნდოდა, იგივე ფანდი გამოიყენა (I მეფეთა, 19,20).

ბასილმა თქვა: ყოველივე ეს მე არ მეხება, არც მტერი ვარ და არც მეტოქე, და არც მაწყინებელი, პირიქით, მუდამ შენს ნება-სურვილს ვუთანხმებდი ჩემს გულისთქმას და ისე ვიქცეოდი, როგორც მიბრძანებდი.

three hierachs

9. ოქროპირი: ჰოი, ჩემო საკვირველო და კეთილო კაცო! იმიტომაც ვთქვი წინასწარ, რომ მხოლოდ ომში და მტრების წინააღმდეგ კი არა, მშვიდობიანობის ჟამს, უსაყვარლეს ადამიანთა მიმართაც კი ზოგჯერ სიკეთის მომტანია ხერხის ხმარება. იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ნამდვილად სასარგებლოა არა მხოლოდ იმათთვის, ვინც იყენებს ხერხს, არამედ იმათთვისაც, ვის მიმართაც იყენებენ, მიდი რომელიმე ექიმთან და ჰკითხე, როგორ მკურნალობენ სხეულებს, და გეტყვის, რომ ექიმები ყოველთვის თავიანთ ხელოვნებას როდი სჯერდებიან, ხანდახან ხერხსაც ხმარობენ და ისე განკურნავენ ხოლმე ავადმყოფს. როდესაც ავადმყოფის ახირებული ხასიათი ანდა თვით სენის სიმძიმე ექიმის რჩევებს არ ემორჩილება, მაშინ მკურნალი ხერხს მიმართავს.

გინდა გიამბო ერთ ხერხს, ექიმს რომ უხმარია? ვიღაც კაცს უეცრად ძლიერი ხურვება შეეყარა, სიცხე სულ უფრო მატულობდა. ავადმყოფი უარყოფდა ყველა საშუალებას, რასაც მხურვალების ჩაქრობა შეეძლო, და სთხოვდა, ევედრებოდა ყველა მნახველს, მოეტანათ მისთვის ბევრი ღვინო, რომ მტანჯველი წყურვილი მოეკლა. მაგრამ ვინც ამ თხოვნის შესრულებას დასთანხმდებოდა, ის არა მხოლოდ ხურვებას გაამძაფრებდა, სიშლეგესაც შეყრიდა საბრალოს. როცა საექიმო ხელოვნება უძლური აღმოჩნდა და არავითარი საშუალება აღარ არსებობდა, აი მაშინ გამოჩნდა ხერხის დიდი ძალა. ექიმმა აიღო თიხის ჭურჭელი, ღუმელიდან ახლად გამოღებული, ღვინოში ამოავლო, ცარიელი ამოიღო და წყლით აავსო. ავადმყოფის ოთახი ფარდებით დააბნელებინა, ხერხი რომ არ გამჟღავნებულიყო, და სნეულს მიაწოდა ჭურჭელი, ვითომდა ღვინით სავსე. მას კი, სანამ ფიალას ხელში აიღებდა, ჯერ ღვინის სუნმა დაახვია თავბრუ, და იმის გაგება აღარ შეეძლო, რა მისცეს. ყნოსვას მინდობილმა, სიბნელით ცდუნებულმა და ძლიერი ნდომით აღგზნებულმა დალია წყალი დიდი ხალისით. წყურვილი რომ მოიკლა, მყისვე შეუმსუბუქდა ხურვება და მოსალოდნელ საფრთხესაც გადაურჩა. მაგრამ ექიმების ყველა ხერხი რომ ჩამოვთვალოთ, სიტყვა ძალიან გამიგრძელდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ექიმი არა მხოლოდ ხორციელ, არამედ სულიერ სალმობათა სამკურნალოდაც ხშირად სწორედ ასეთ წამალს იყენებს. ასე მაგალითად, ნეტარმა პავლემ მრავალი ათასი იუდეველი მოიყვანა ქრისტესთან (საქმე 21, 20-26). ამ განზრახვით წინადასცვითა მან ტიმოთე, და ეს მაშინ, როცა გალატელთა მიმართ წერდა: ”აჰა ესერა მე, პავლე, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს” (გალატ. 5,2; საქმე 16,3). ამიტომაც ინახავდა სჯულს, მაშინ როცა თვლიდა, რომ ამაო არს სჯული ქრისტიანისთვის (ფილიპ. 3, 7-9). დიდია ასეთი ხერხის ძალა, ოღონდ იგი ბოროტი განზრახვით არ უნდა გამოიყენოს კაცმა. ანუ უფრო უკეთ, მას ხერხი კი არა ერთგვარი კეთილგონიერება და ხელოვნება უნდა ეწოდოს, რაკი ძალუძს გამოუვალ მდგომარეობიდან მრავალი გამოსავლის მონახვა და სულიერ ნაკლულევანებათა კურნება. ამნაირად, მე არ ვუწოდებ ფინეზს მკვლელს, თუმცა კი მან ერთი დარტყმით ორი კაცი განგმირა (რიცხვთა 25,8). ასევე არც ელიას – ასი მოკლული მხედრის და მათი მხედართმთავრებისათვის, ანდა სისხლის დიდი ნიაღვრისათვის, რომელიც დააქცია ეშმაკთა ქურუმების მოსვრის დროს (IV მეფეთა, 1,3; მეფეთა 18). თუ ეს გამოვეპარა მხედველობიდან, და თუ ვინმე მხოლოდ საქმეთა მიხედვით განსჯის, ისე რომ არ მიხედავს კაცის ზრახვებს, მას შეუძლია აბრაამს შვილის მკვლელობა დააბრალოს, მის შვილსა და შვილიშვილს კი – ბოროტისყოფა და სივერაგე, რადგან პირველი (იაკობი) თავისი ძმის პირველშობილებას დაეუფლა, მეორემ კი (მოსემ) ეგვიპტის საგანძური ისრაელის მხედრობაში გაიტანა (შესაქმე 27; გამოსვლ. 12, 35-36). მაგრამ არა, არა, ნუ ვიქნებით ესრეთ უგუნურ! ჩვენ არათუ ბრალს არ ვდებთ მათ, არამედ ვადიდებთ, რადგან ღმერთმა განადიდა ისინი ამ საქმეთათვის. სამართლიანად უნდა ეწოდოს მაცდური იმას, ვინც ხერხს ბოროტი განზრახვით იყენებს, და არა იმას, ვინც კეთილგონიერების თანახმად იქცევა. ხშირად საჭირო ხდება ხერხის გამოყენება, რათა ამ ხელოვნებით უდიდეს სარგებელს მიაღწიონ, სწორი გზით მავალს კი ხანდახან საკუთარი განზრახვის გამჟღავნება ექცევა ახლობელთა დაღუპვის მიზეზად.

[გაგრძელება]

შინაარსი
სანიშნეები