Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
შენდობის კვირა | PEMPTOUSIA

შენდობის კვირა

27 February 2017

წმიდა და დიდი მარხვის პერიოდი სავსეა სიხარულით, რადგან საღმრთო ეკლესია,  დედამიწის მთელ ზურგზე, სულიერი განახლებისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლის განხორციელებას იწყებს. უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისათვის, რომ ჩვენც, როგორც ქრისტეს დიდი ეკლესიის მორჩილი წევრები, ვუერთდებით ამ საყოველთაო მადლს, რომელიც მის ეკლესიაშია გამეფებული. მხოლოდ უფლის მადლის შემწეობით  არის შესაძლებელი ჩვენი განახლების განხორციელება, ჩვენი სულიერი აღორძინება. „რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოვანე, 15, 5), ამბობს უფალი. ჩვენ გვესაჭიროება ღმრთიური მადლი, რომლითაც აღსავსეა ეს პერიოდი, რათა ვიპოვოთ ჩვენი გული, რომ მან კვლავ განაგრძოს სიცოცხლე და იგრძნოს ჩვენი მხსნელის – იესო ქრისტეს დიდი სიყვარული. ჩვენი მიახლოება ქრისტესთან და ჩვენი სიცოცხლის განახლება, რაც ჩვენს გულებში უფლის ყოფნის შეგრძნებითაა გამოწვეული, ჩვენთვის მარადიული აღდგომაა.

Agia Triada, troullos portarikiou IMMB

უფალი ჩვენს სიცოცხლეს მხოლოდ ერთ პირობას უდებს, ყოველი იმ მნიშვნელოვანი საქმისათვის, რისი ქმნაც ჩვენთან ერთად სწადია, მთელი იმ პატივისთვის, რომელსაც ჩვენ მიმართ ამჟღავნებს, რომ როდესაც სურს, თავის შვილებად მიგვიღოს. სწორედ ამ პირობას ვიმეორებთ ყოველდღე, როდესაც უფლის ლოცვას – „მამაო ჩვენოს“ წარმოვთქვამთ: „და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. იმისათვის, რომ უფალმა ჩვენი ცოდვები მოგვიტევოს, თავისი მადლი გვიბოძოს, რათა ღრმად ჩავწვდეთ ჩვენს გულს და ვიმოქმედოთ ჩვენი გადარჩენისათვის, მხოლოდ ერთ პირობას გვიყენებს: თითქოსდა, მისი თანასწორნი ვიყოთ, ისე გვეუბნება: „თუკი თქვენ მიუტევებთ ადამიანებს, მეც მოგიტევებთ თქვენ“. რა დიდ პატივს გვდებს ჩვენ უფალი!  სწორედ იმის გამო, რომ იგი მარადიული ღმერთია, ყოვლისმპყრობელია, ჩვენი შემოქმედია და ჩვენი მხსნელია. ხოლო ჩვენ კი უსუსური და დაცემისკენ მიდრეკილი არსებანი ვართ, გაუფასურებული ადამიანები.

იმისათვის, რომ ჩვენი გული ღმრთიური მადლისათვის გაიღოს, ჩვენ მოყვასს უნდა მივუტევოთ. ჩვენს გულში არც ერთი ადამიანის მიმართ არ უნდა არსებობდეს გულგრილობა. როდესაც ვინმესთან მიმართებაში შეცდომას ვუშვებთ, ყოველი მიზეზის გარეშე, უნდა ვითხოვოთ პატიება. ამგვარად ხომ ის ადამიანებიც იქცევიან, ვინც ეკლესიის გარეშე ცხოვრობენ. ხოლო ჩვენ კი, ვისაც გვსურს ქრისტეს სხეულის წევრნი ვიყოთ და ღმრთის შვილები ეკლესიის წიაღში, უფრო მეტი მოგვეთხოვება. უფალი ამბობს, რომ როდესაც მისი საკურთხევლის წინ, მის ტაძარში მივდივართ, რათა ღმერთს ძღვენი შევწიროთ, ყველას მიმართ შემრიგებლურნი უნდა ვიყოთ. და თუკი, ვინმე ჩვენ წინააღმდეგ მტრულადაა განწყობილი და გულგრილია, მანამ, სანამ ძღვენს შევწირავდეთ, უნდა ვეცადოთ, რომ მასთან, თუნდაც შერიგება შევძლოთ. და მაინც, თუკი ვინმე, რაიმე მიზეზის გამო, გაუცნობიერებლად ჩვენს მიმართ კვლავ გულგრილი და ნაწყენია, უნდა ვეცადოთ, რომ  როგორმე შევრიგდეთ რაიმე საშუალება გამოვნახოთ. იქნებ ჩვენმა მცდელობამ ააღელვოს ჩვენი ძმა. მისი გულიც  მოლბება, გაიხსნება ღმრთიური მადლისთვის და მისი სულიერი განახლებაც დაიწყება. სწორედ მაშინ აღსრულდება ის, რასაც ჩვენგან ითხოვს უფალი. რათა ჩვენც მისი თანამონაწილენი გავხდეთ ამ დიდ საქმეში, ადამიანთა ხსნაში. სწორედ ამის გამო, მოგვცა უფალმა დარიგებანი, როგორიცაა, მაგალითად, შემდეგი: „და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა“ (მათე, 5, 41) და „და რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი“ (მათე, 5, 40). თუკი ამგვარად მოვიქცევით, სხვებს, ჭეშმარიტად, გული აუჩუყდებათ და როდესაც მოისმენენ, რომ ჩვენ მივეკუთვნებით ქრისტეს, ვართ მისი მონები (არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ მისიანები ვართ, მისი სხეულის ნაწილები), მათაც გაუჩნდებათ სურვილი შეიცნონ ასეთი კეთილი და კაცთმოყვარე ღმერთი, რომელიც თავის მსახურებს შორის ამგვარ სათნოებასა და უანგარო სიყვარულს ამჟღავნებს.

როდესაც ჩვენი ძღვენის შესაწირად ღმერთთან მივდივართ, სინდისი ყოველი ადამიანის მიმართ შემრიგებლური უნდა გვქონდეს. სწორედ მაშინ, როცა მივდივართ, რათა განვახორციელოთ ჩვენი განახლებისთვის აღორძინებისა და სულიერი გაახლებისთვის ბრძოლა. ყოველი ჩვენგანი ქრისტეს სხეულის ნაწილია. არ შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, როგორც გვსურს. ხშირად, სანამ ამას გავაცნობიერებდეთ, ვცოდავთ და ვტვირთავთ იგივე სხეულის სხვა წევრებს. მოციქული ამბობს, რომ როდესაც იტანჯება ერთი წევრი, მასთან ერთად იტანჯებიან სხვა წევრებიც და როდესაც ერთ წევრს აქვს ჯანმრთელობა, სულიერი სიჯანსაღე, იგი ამ ძალას ქრისტეს სხეულის სხვა წევრებსაც გადასცემს. პავლე მოციქულის სიტყვებით, როდესაც მივდივართ ეკლესიაში, რათა შევავსოთ და გავამჟღავნოთ ეს საოცარი სხეული, რომლის თავს თავად იესო ქრისტე წარმოადგენს, ყოველ ჩვენთაგანს მართებს, ყველაზე საუკეთესო რამ მიიტანოს, რაც კი აქვს.  ღმერთსა და მის მსახურებაში მყობ ძმებს მიუძღვნას, რაც კი საუკეთესო ძღვენი აბადია. ყოველი ადამიანი, რომელიც ეკლესიაში საღმრთო მსახურებაზე მიდის, გული სავსე უნდა ჰქონდეს სათნო განწყობითა და ცოცხალი რწმენით, მსგავსად აბრაამის რწმენისა. უნდა მიდიოდეს იქ თავმდაბლობით, სულიერი განწყობით, ღმრთისა და ყოველი ადამიანის მიმართ სიყვარულით აღსავსე. გულის სიღრმეში უნდა ატარებდეს, რაც კი საუკეთესო განწყობა და შეგრძნება შეიძლება არსებობდეს ადამიანის სიცოცხლეში და ამით ხელი შეუწყოს საღმრთო მსახურების ამ წმიდა სინაქსს (კრებას). როდესაც ყოველი ჩვენგანი ტაძარში ასეთი კარგი და სათნო განწყობით, ლოცვით, რწმენით, სინანულით სავსე გულით მივა, მაშინ შესრულდება ის, რაზეც მოციქული ამბობს, – სათნო საქმეებისაკენ მიმართული სიყვარულის შემოტევა. კერძოდ კი, შევხედავთ ერთიმეორეს და გავძლიერდებით, სიყვარულის ერთი სულის წიაღში  მყოფნი ერთმანეთს იმ საქმეებისაკენ ვუბიძგებთ, რომლებიც წვლილს შეიტანენ ჩვენი ცხონების საქმეში. სწორედ ეს არის სამოციქულო ეკლესია, რომელსაც მოციქული აღწერს.

B1G-LRU-O09-1

და მაშინ, როდესაც ამაზე ვფიქრობთ, ვხედავთ, თუ რა დამნაშავენი ვართ. რამდენჯერ მივსულვართ ეკლესიაში ბოროტი ფიქრებით აღსავსენი, ჩვენი შემთხვევითი ქმედების გამო სულიერი ტვირთით დამძიმებულნი, რომლიც არ შეეფერება ქრისტეს წევრებს. რამდენჯერ მივსულვართ უდარდელი სულით, რაც იმ ტვირთს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენს თავში ვატარებთ. მივდივართ ტაძარში და ნაცვლად იმისა, რომ უფალს ძღვენი შევწიროთ, ამ წმიდა სამწყსოსათვის მიგვაქვს ჩვენი საკუთარი დანაშაულებით გამოწვეული ტვირთი, რომლითაც ეკლესიის მთლიან სხეულს ვამძიმებთ. რა დამნაშავენი ვართ ერთმანეთის მიმართ!  დამნაშავენი ვართ ღმრთის წინაშე და ვანაწყენებთ მას, დამნაშავენი ვართ მთელი კრებულის, მთელი სამწყსოს, ქრისტეს მთლიანი სხეულის მიმართ და ვანაწყენებთ მათ.

ახლა, როდესაც დიდი მარხვის ზღურბლთან ვდგავართ, გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ერთიმეორისგან პატიება ვითხოვოთ, ყველამ ერთად კი შეწყალება უფალს ვთხოვოთ, ყოველივე იმ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ცოდვისთვის, რაც ჩაგვიდენია. ან თუკი, ერთიმეორის მიმართ მიგვიძღვის დანაშაული, ან ზოგადად, თუკი დამნაშავენი ვართ ქრისტეს ამ სასწაული, წმიდა და დიდებული სხეულის – ეკლესიის მიმართ. იმის გამო, რომ წმიდა მსახურებაში ვერ ვაცნობიერებდით ჩვენ ღმრთის წინაშე წარდგენას.

რეალურად, ჩვენ წინასწარი მომზადება დაგვეხმარება. როდესაც მიზნად ვისახავთ კვირას წარვდგეთ უფლის წინაშე, შაბათიდან მოყოლებული ამ ფიქრმა უნდა მოგვიცვას. უნდა დავიწყოთ ლოცვა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ წარმოვჩნდეთ საუკეთესოდ ღმრთის წინაშე, რათა განახლდეს ჩვენი სიცოცხლე და ტაძრიდან წამოსულებს სიხარული გვავსებდეს, უფლის წმიდა ნუგეშით ვიყოთ მთვრალნი. ძალიან ხშირად, შუაღამემდე ან მის ფარგლებს მიღმა, შაბათ დღესაც, აღსავსენი ვართ ამქვეყნიური საზრუნავით, ან თვალს ვადევნებთ ამქვეყნიურ სანახაობებს, რაც ჩვენს გონებასა და გულს უამრავი შთაბეჭდილებებით, უარყოფითი განწყობილებების გროვით ავსებს, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ ღმრთის ტაძარში ამ უდარდელი სულით აღსავსენი მივდივართ და იმით, რასაც გულით ვატარებთ, ყველა ჩვენს ძმას ვამძიმებთ. იმის მაგივრად, რომ უფლის სახლში საუკეთესო სულიერი განწყობით მივიდეთ, რითაც ხელს შევუწყობთ ჩვენს ხსნას და ასევე ჩვენს ძმებსაც გავუწევთ დახმარებას. ხედავთ, როგორ შეიძლება, დამნაშავენი ვიყოთ უფლისა და ქრისტეს იმ წმიდა სხეულის წინაშე,  რომელსაც ყოველი ჩვენგანი წარმოადგენს,  როდესაც  ჩვენ უფლის წინაშე წარდგომისას მას არ ვუძღვნით ყველაზე საუკეთესოს, რაც კი შეიძლება ჩვენს გულში გვქონდეს?

ამ მიზეზებისა და შესაძლოა, სხვა უამრავი მიზეზის გამო,  დიდი თავმდაბლობითა და დიდი შიშით უნდა ვითხოვოთ ღმრთისაგან შეწყალება, იმიტომ რომ ჩვენ მის მიმართ დამნაშავენი ვართ. გვმართებდა მის წინ უფრო უკეთესნი ვყოფილიყავით. მისთვის ყოველივე ის უნდა მიგვეძღვნა, რაც ყველაზე წმიდა, ყველაზე თავმდაბალი, ყველაზე მართალი და ყველაზე საუკეთესო არსებობს, როდესაც მის წინაშე წარსადგომად მივდიოდით. პატიება ასევე ჩვენი ძმებისგანაც უნდა ვითხოვოთ, რადგან მათ ჩვენი საკუთარი საზრუნავითა და საკუთარი დანაშაულებებით ვამძიმებთ. იმის მაგივრად, რომ მათ სიხარული, სიცოცხლე და მშვიდობა გადავცეთ, მათ ჩვენში არსებულ უზრუნველობის მძიმე სულსა და სულიერ სიმჭკნარეს ვაძლევთ. ყოველი ჩვენი შეხვედრა, როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან, სიცოცხლის საწყისი უნდა იყოს ისე, რომ, როდესაც ამას უფალი იხილავს,  სიამოვნება მიიღოს და მთელი სამწყსო დალოცოს, სულიწმიდის მადლი მოჰფინოს. და არც ერთი დამსწრე ჩვენი ძმებიდან, რომლებიც ღმრთის წინაშე არიან წარმდგარნი, არ დატოვებენ უფლის ტაძარს ისე, რომ სულიწმიდის მიერ მინიჭებული მარადიული ნუგეშის გარეშე დარჩნენ. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი უფლის წინაშე წარდგომის მიზანი.

ახლა, როდესაც უკვე დაიწყო დიდი მარხვა და მიზნად ვისახავთ უფლის წინაშე სინანულითა და ლოცვებით წარდგომას, მოდით, სიცოცხლის მთელი ძალით, რომელიც ამ პერიოდს აქვს, შევთხოვოთ უფალს, მოგვიტევოს ყველა ცოდვა, რაც მის წინაშე და ჩვენი ძმების წინაშე ჩაგვიდენია. დაე, ამ პერიოდის განმავლობაში, ღმერთმა გვიბოძოს ყოველივე ის, რაც კი საუკეთესო შეიძლება გვქონდეს, რათა გავამართლოთ ჩვენი ამ ქვეყანაზე მოვლინება და შევიგრძნოთ ქრისტეს ის სასწაული და უმწიკვლო სიყვარული, რომელიც ჩვენს გულს სიცოცხლით ავსებს. სწორედ ეს იქნება ჩვენთვის ქრისტეს აღდგომა, მარადიული აღდგომა.

Proskynoumen sou ta pathi Hriste

შევუდგეთ დიდ მარხვას და გვახსოვდეს, რომ უფალი დიდ პატივს გვდებს, დიდ შესაძლებლობას გვაძლევს იმისათვის, რომ ჩვენი სიცოცხლე განვაახლოთ, მის წინაშე წარვდგეთ, რათა მან ჩვენი გული სულიწმიდის მარადიული ნუგეშით, მისი ღმრთიური და უმწიკვლო სიყვარულით აღავსოს. მხოლოდ ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩვენს სულებს სიცოცხლე შთაბეროს და აღადგინოს. ამინ.

წყარო: „მართლმადიდებლური მაცნე“ (დიდი ბრიტანეთისა და თიატირის წმიდა საარქიეპისკოპოსო რეზიდენციის ჟურნალი), თავდაპირველი ნაწილები  256-257, იანვარი-თებერვალი, 2010 წელი.

შინაარსი
სანიშნეები