წმიდა მოღვაწენი, რომელნიც უფლის საზღაურით დაჯილდოვდნენ

12 December 2014

ძვირფასო მკითხველნო, ვაგრძელებთ საინტერესო საუბრების გამოქვეყნებას. ამჯერად შემოგთავაზებთ ათონის წმიდა მთის სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის ყოფილი წინამძღვრის – არქიმანდრიტ ემილიანე სიმონოპეტრელის საუბარს.

Geron Gemilianos Simonopetritis 01

(საუბარი მიმდინარეობს კუნძულ კვიპროსზე)

ჩემო საყვარელნო, შემიძლია გითხრათ რომ სიტყვა კვიპროსი არის ისეთი მნიშვნელობის, რომელიც ადამიანებს იზიდავს, ყოველი ბერძენის გულში ცოცხლობს იდუმალი სიყვარული კვიპროსის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ ხდება, რომ სიტყვა კვიპროსი ბერძნულია, თუმცა უფრო მეტად იმიტომ, რომ იგი გმირობასთანაა დაკავშირებული. ასევე მეჩვენება, რომ ჩვენ შეგვეძლო კვიპროსის მდგომარეობის  გამოხატვა ერთი ფრაზით, რომელიც წმიდა წერილშია მოცემული. საქმე ეხება შემდეგს: როდესაც იუდეველები ცდილობენ მიაღწიონ ქანაანის მიწას, უფალი მათ ეუბნება, რომ მისცემს მემკვიდრეობით მიწას. მაშ, იმისათვის რომ იუდეველებს არ ჰქონოდათ უკმაყოფილების გრძნობა, მათ აღუთქვეს მიწა. მართლაც, როდესაც მიაღწიეს დაპირების ადგილს, მათ მიიღეს მემკვიდრეობა. ყოველ ტომს მიენიჭა თავისი კუთვნილი წილი, თავისი მემკვიდრეობა. ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ადგილი, რომელიც მე მერგო საუკეთესოა სხვათა შორის. ამგვარად ადგილი, მემკვიდრეობა, რომელიც უფალმა მიანიჭა ყველა წმიდანს, ყველა მოწამეს და ყველა ჩვენთაგანს, საუკეთესოა. ერთგან ამგვარად ამბობს მეფსალმუნე, რომ უფალმა შექმნა მინდვრები, ვენახები, ხეხილის ბაღები, ასევე უფალი  წარმოადინებს წვიმას და ამ წვიმას ყველგან ერთნაირად კი არ წარმოადინებს, არამედ იმის შესაბამისად თუ რამდენი სჭირდება თითოეულ ადგილს. მაშასადამე, მან ნებაყოფლობით მისცა ეს მშვენიერი მიწა კვიპროსს, რაც უფლის წყალობის, ინტერესის, სიყვარულის მანიშნებელია. ასევე მანიშნებელია იმისა, რომ უფალმა უხვად მორწყა ეს მიწა იმ წვიმით, რომელიც არა თუ მცენარეებს, არამედ – წმიდანებს აღმოაცენებს.  ამიტომაც ამ თქვენს მემკვიდრეობას „წმიდა კუნძული“ ეწოდა. ვადიდოთ უფალი ამ წყალობისათვის.

უფალი იესო ქრისტე და დედა ღმრთისა ამზადებენ წმიდანებს, შემდეგ კი ჩვენ მათ  ნებისმიერი ძნელბედობის ჟამს მივმართავთ: მაგალითად, თუ გვაქვს რაიმე ტკივილი, განსაცდელი, პრობლემა სახლში, ყოველ ჩვენთაგანს გვყვავს ჩვენ-ჩვენი წმიდანი, რომელთაც დახმარებისთვის ვუხმობთ, განსაკუთრებით კი ადგილობრივ წმიდანებს ვუხმობთ ხოლმე. იესო ქრისტე და დედა ღმრთისა ყველა წმიდანს მოუხმობს. სწორედ ამის გამო, ნეტარნი ხართ, რომ ხართ კვიპროსელები. და ჩვენც ჩვენს მონასტრებში ათონის წმიდა მთაზე დაახლოებით ასი კვიპროსელი გვყვავს. ნეტავ, ყოველი მათგანი წმიდანნი გახდნენ, რათა შემდეგ მათ მოვუხმოთ ჩვენს ლოცვებში. კვიპროსელები არიან ჩვენს მონასტერშიც – სიმონოპეტრაში, ასევე ათიოდე მონაზონი მსახურობს ორმილიას დედათა მონასტერში, იქნებ სწორედ ამის გამო მოვდივართ ესოდენი სიხარულით აქ, ამ ადგილას.

ჩვენი მონასტრის ერთი მონაზონი ისე გახდა წმიდანი და ისე აღზევდა ზეცაში, რომ ადრე მან არაფერი იცოდა ათონის მთის შესახებ, არა თუ მისი სახელიც კი არ ჰქონდა გაგონილი, არამედ საერთოდ სარწმუნოების შესახებ არაფერი იცოდა. სამაგიეროდ მას შინაგანად გააჩნდა მემკვიდრეობით შეძენილი ღმრთისმოშიშების გრძნობა. ეს ადამიანი მეზღვაური იყო, მოგზაურობდა და ებრძოდა ტალღებს. ერთხელ უეცრად, გემზე ყოფნისას იხილა დედოფალივით შემოსილი ქალი, თუმცა ამ დროს გემზე არც ერთი ქალი არ იმყოფებოდა. ქალი მიუახლოვდა მას და უთხრა: – შენ ჩემს სახლში წახვალ, შენ წახვალ ნიკოლაოსში. რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა მის თვალთაგან. რამდენიმე ხანი გავიდა და მეზღვაურმა კვლავ იხილა ეს ქალი ქუჩაში ყოფნისას. ცდილობდა დასწეოდა მას და გასაუბრებოდა, თუმცა ამის გაკეთევა ვერ მოახერხა. როდესაც კვლავ შეხვდა მას, ქალმა შემდეგი უთხრა: – თუ ვინმე მონაზონს შეხვდები, უკან გაყევი. მართლაც, პროკიმეაში მიმავალს გზად ერთი მონაზონი შეხვდა და უთხრა:

– შენთან ერთად წამოვალ, სად მიდიხარ?-

– ათონის წმიდა მთაზე,-

– და რა არის ეს?

– წამოდი ჩემთან ერთად, – მიუგო უცნობმა.

Korifi Athona

მართლაც, იგი მიდის ათონის წმიდა მთაზე და მას წმიდა ნიკოლოზის მონასტერში ათავსებენ, როგორც ეს მას უცნობმა ქალმა უთხრა, რომ ნიკოლაოსში წახვალო. სწორედ იმ დროს, როდესაც ლოცვებს კითხულობდნენ ღმრთისმშობლის ხატის წინ, მანაც აანთო სანთელი (იგი თავის სიცოცხლეში პირველად შედიოდა მონასტერში და არაფერი იცოდა მსახურებისა და ამდაგვარი მოქმედების  შესახებ) და როდესაც მიუახლოვდა ღმრთისმშობლის ხატს წამოიყვირა: – სწორედ ის არის, ვინც მე აქ დამიძახა,- მაშინვე დაემხო მუხლებზე და მეტანიების კეთება დაიწყო. თუმცა, მღვდელმა, რომელიც  ამ დროს  ხატის წინ ლოცვას კითხულობდა, მას უთხრა: – შვილო ჩემო, ადექი ფეხზე და წადი აქედან, ახლა მოგინდა მეტანიების გაკეთება?-

სწორედ ეს ადამიანია დღეს წმიდანი და ზეციური სასუფევლის მკვიდრი. ვინ მიიყვანა იგი მონასტერში? თავისმა თავმა, მისმა უცოდინარობამ, მისმა სახემ? არა, აწვიმა უფალმა და მისი ღმრთაებრიობის მოწამე  მონასტერში მივიდა, ახლა კი იგი ზეცაშია.

როდესაც თქვენს ქვეყანაში ჩამოვედით, უპირველეს ყოვლისა, თვითმფრინავში კვიპროსული სიტყვებით მოგვესალმნენ, შემდეგ ნავსადგურში დაგვხვდა პრეზიდენტის დელეგაცია, რომელმაც აქ მოგვიწვია და რომელსაც უყვარს ათონის წმიდა მთა და სხვა ახალგაზრდები. დღეს კი აქ ვიმყოფებით და ყველას გეხვევით და გეფერებით, რადგან ჩვენ გვმასპინძლობთ. მაშ, მინდა გითხრათ, რომ ათონის მთა წმიდა მთაა, თუმცა თქვენი კვიპროსიც წმიდა მთაა. მე თქვენ მოგესალმეთ და თქვენც მომესალმეთ, როდესაც აქ ჩამოვედი. თუმცა, ღმრთისმშობელია ის უპირველესი ადამიანი, ვინც ათონის მთიდან კვიპროსზე მოიტანა სალამი. ეს სალამი ნიშნავს სამკაულს, ცეცხლს, სინათლეს, ენთუზიაზმს, სიხარულს, განათებულ საგანს, რომელიც თავის თავში მოიცავს ღმრთის სინათლესა და მის მყოფობას. იქიდან იგი ბარნაბასთან ერთად მოვიდა, რადგან მასთან ერთად იყო. ღმრთისმშობლის შემდეგ აქ მოდის მოციქული პავლე, რომელიც თქვენს წმიდანთან -ბარნაბასთან ერთად ხსნის გზას. ამის შემდეგ, აქ მოდის სხვა მოციქულის დარი კაცი, რომელიც მოციქულმა პავლემ მონათლა და რომელსაც ირაკლიდიოსი ერქვა. კონსტანტინე დიდის ეპოქაში, აქ მოვიდა ასევე წმიდა ილარიონი, გმირი, რომლის დღესასწაულიც დღეს აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მეუდაბნოე, განდეგილი, სასწაულთმოქმედი, ჩვენი სარწმუნოების, განდეგილობის, მღვიძარების, მარხვის, ლოცვის ერთ-ერთი გოლიათი. მან თავისი სიცოცხლე გამოქვაბულში გაატარა და ასე გახდა უამრავ სხვა წმიდანთა და ღირსთა, როგორც ადგილობრივთა, ისე უცხოთა,  გმირი. მოდით გავიხსენოთ სამასი ალამანელი, რომელთა ისტორია ჩვენ არ გვაინტერესებს, თუ რატომ მოვიდნენ აქ. მაგრამ ჩანს, რომ წმიდა მიწებიდან სწორედ იმიტომ წავიდნე, რომ არაბებს არ დაეხოცათ და რათა  უფრო ადამიანური და მშვიდი ცხოვრება ეპოვათ. თუმცა, როდესაც აქ მოვიდნენ, მათ ვერ ნახეს უკეთესი და უფრო მშვიდი ცხოვრება, მაგრამ მათ იპოვნეს საუკეთესო რამ ცხოვრებაში, ბერმონაზვნობა, მათ იპოვეს სულიერი კორიფეები, იხილეს ასევე წმიდა ავქსენტი მღვიმეში, რომელიც ასევე მათი საკუთარი წმიდანი გახდა – წმიდა ავქსენტი მეუდაბნოე. მეუდაბნოედ იგი აქცია წმიდა და ღირსმა მამა კონსტანტინემ, რომელიც ასევე გამოქვაბულში ცხოვრობდა. აგრეთვე წმიდა ილიოფოტისი თავის მოწაფეებთან ერთად  მღვიმეებში იღწვოდნენ. წმიდა ანასტასი, რომელიც მიწისქვეშ ცხოვრობდა. ყველა მათგანი კვიპროსელი წმიდანია. მათი მოწამეობრიობა გვახსენებს იმას, რაც ნათქვამია ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ძველი აღთქმის ისტორიისა და ასევე ახალი აღთქმის ისტორიების შესახებ.

ეკლესიის წმინდანებმა რა არ გადაიტანეს, მათ ქვებით ქოლავდნენ, ხერხებით ხერხავდნენ, დანებით ჩეხავდნენ, მათ ყოველივე დაითმინეს, თუმცა მთელი სამყარო, თუნდაც მხოლოდ ერთ ასეთ წმიდანადაც არ ღირს. მეუდაბნოებს სად შეეძლოთ ეცხოვრათ უფრო მშვიდი ცხოვრებით  და ამ გზით მიეღწიათ უფლის საუკეთესო საზღაურისათვის, საუკეთესო წყალობისათვის? მაგრამ, მოდით დავუკვირდეთ ჩემო საყვარელო ძმებო, ვიცი, რომ კვიპროსელთა გული უბრალო რამ არის, ბავშვური, მშვენიერი და თავმდაბალი და სწორედ ამის გამო, კვიპროსელი ადვილად იტევს ქრისტეს, იგი ადვილად ინანიებს, ადვილად უყვარს, ადვილად პატიობს, ადვილად გასცემს წყალობას.

ახლა მოდით ვნახოთ, თუ რატომ აკეთებდნენ ამას წმიდანები, ანუ რატომ ცხოვრობდნენ განმარტოებულად გამოქვაბულებსა და მღვიმეებში?

პირველი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო კურთხევა, ანუ როდესაც ისინი მიდიოდნენ მღვიმეებსა და უკაცრიელ ადგილებში, სადაც იყო სიმშვიდე, სწორედ ეს განმარტოება (ამქვეყნიურ ცხოვრებას გაცლა) ეხმარებოდა მათ სიწმინდის მიღწევაში. გახსოვთ რა უთხრა ნათანაელს ქრისტემ? როდესაც მან იხილა იესო და აღფრთოვანებული იყო მისით, მაშინ ქრისტემ მიუგო, რა არის ეს, რასაც ახლა ხედავ, „უფროისი ამათსა იხილო“. ჩვენ შეგვიძლია ყველგან მივაღწიოთ სიწმინდეს. მაგრამ ამგვარი გზით  „უფროის ამათსა იხილავ“, ანუ ის, რაც ვერც კი წარმოგიდგენია, შენი საკუთარი საიდუმლო გახდება, შენი სულის წიაღში შენ საკუთარ სიმდიდრედ იქცევა. როგორც წინასწარმეტყველი ესაია ამბობდა, დაე, შევიდეთ ჩვენ ჩვენს საუნჯეში, შევიდეთ ჩვენი სახლის ყველაზე დაფარულ ოთახში, დავიმალოთ როგორც კი შეგვიძლია, მანამ სანამ იმას მივაღწევთ, რომ უფლის ნაკვალევის ხილვას შევძლებთ, ვიდრე ვიგრძნობთ მორჩილებას, სიყვარულს, სიმშვიდეს, თავმდაბლობას, იმ დიდებას, რასაც ჩვენ ღმერთი გვაძლევს, ვიდრე უფლის ჩვენთან მყოფობას გავაცნობიერებთ. ისევე, როგორც ამას აკეთებენ მონაზვნები, როდესაც მათ მამები შემდეგს მოუწოდებენ: – შედი შენს კელიაში და მანამ სანამ წმიდანი არ გახდები, არ გამოხვიდე იქიდან. იქ უნდა იბრძოლო. ისინი ებრძოდნენ  ეშმაკს, ვნებებს, ეგოიზმზს, ცხოვრების სიმწარეებს, ავადმყოფობას, უძლურებასა და ყოველივეს. საბოლოოდ კი წმიდანებად იქცნენ. თუკი შეუძლებელია, რომ წმიდანებად ვიქცეთ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არის ბოროტი, მკაცრი, ღვარძლიანი. ის არ განგვაწესებდა ამ გზაზე, თუკი ამის შესაძლებლობა არ იქნებოდა. ალბათ, ახლა იკითხავთ, რა გავაკეთოთ, ჩვენც გამოქვაბულებში უნდა წავიდეთ? ჩვენც მთების მწვერვალებზე უნდა განვმარტოვდეთ? მყავს ცოლი, მყავს ქმარი, როგორ წავიდე? რა თქმა უნდა, არა, ყოველ ადამიანს ხომ თავისი საკუთარი მღვიმე გააჩნია.

ახლა განვიხილოთ მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომ გაივსო მთელი კვიპროსი ამგვარი წმიდანებით? მხოლოდ ალამანები სამასნი იყვნენ, ისინი ყველგან იყვნენ კვიპროსში, ადგილი არ დაუტოვებიათ. ასევე სხვა დანარჩენი წმიდანნიც. და ეს იმიტომ, რომ ყველა ადგილი წმიდად ექციათ. ზოგჯერ როგორ ხდება, რომ ავადმყოფობა მოედება ხოლმე რომელიმე ვენახს, ყანას ან ზეთისხილის ჭალას. და ხედავ, თუ როგორ ნადგურდება მიწის ნაყოფი. და ამის გამო შენს გულსაც სევდა იპყრობს. მაგრამ გამოდის მამაო, ხელში იღებს აიაზმის სასხურებელს და ნაკურთხ წყალს ასხურებს, რომელიც აღწევს ვენახის ფოთლებში, თავთავებსა და ზეთისხილის ჭალებში. და ხედავ, რომ კვლავ აღმოცენდებიან, კვლავ ცოცხლდებიან, მათი რტოები და ნაყოფნი კი უფრო ჯანსაღნი ხდება. ერთი ამბავი გამახსენდა:  ერთი ადამიანი იმისათვის, რომ მოწამეობრივად ეცხოვრა ერთ უკაცრიელ მთაზე წავიდა საცხოვრებლად. როდესაც იქ მივიდა, ნახა რომ ბნელი და დემონური ძალები იყვნენ ამ ადგილზე გაბატონებულნი. რა გააკეთა ამ ადამიანმა? მან გადაწყვიტა, რომ ვიდრე ლიტურღიას აღასრულებდა, ნაკურთხი წყალი ეპკურა ყოველივესთვის. და როდესაც ადიოდა მწვერვალზე, შიშით თრთოდა, რომ სადმე არ გადაჩეხილიყო, მაგრამ სწორედ იქ აპკურა ნაკურთხი წყალი. ბოროტი ძალები ყვირილითა და ტირილით გასცილდნენ იქაურობას და ზღვაში ჩაცვივდნენ. ამგვარად, ჩემო საყვარელნო ძმანო, წმიდანნი არიან ისინი, ვინც წმენდენ ადგილებს. ისინი უფლის სულები, ღმრთის ძალები არიან, რომელთა მეშვეობით იწმინდება არე-მარე, ქვები, მიწა, კედლები, სახლები და ყოველივე. სწორედ ამის საჭიროება გვაქვს ჩვენ. როდესაც უფალს ვევედრებით, რომ მან წმიდანნი გაამრავლოს, ამ გზით ჩვენც ვიწმინდებით. მაშასადამე, წმიდანი  ამარცხებს მტრებს, სათნოება მოაქვს ყველა დანარჩენისათვის და გადაარჩენს ადამიანებს, რადგან იგი სასწაულის მაჩვენებელი ხდება. გარდა ამისა, წმიდანს შესაძლებლობა აქვს, რომ ადიდოს უფალი. მაშასადამე, იწმინდება ჩვენი მიწები, იდიდება უფალი.

ახლა კი აღვნიშნოთ ასევე მესამე მიზეზი. გამოქვაბული, მთა, სიმშვიდე, სათნოებისთვის ტკივილი, ოცნება და კაეშანი მოციქულებისთვის დამახასიათებელი სიცოცხლეა. საუკეთესო მოციქულები არ საუბრობდნენ ბევრს, თუმცა თავიანთი საქმეებითა და მდუმარებით, ოფლითა და სისხლით, თვალთაგან დადენილი ცრემლებით ყოველივე გააკეთეს იმისათვის, რომ შეეგრძნოთ ზეციური ხმები. ამიტომაც მათმა სიტყვებმა მიაღწია ზეცას. არ დარჩენილა არავინ დედამიწაზე, ვისაც არ გაუგონია ოფლითა და ტკივილით წარმოთქმული მათი სიტყვები. იქ, სადაც უწინ იყო ცოდვა, ბოროტება,  ეგოიზმი, ანუ სადაც მანამდე არ იყო ღმერთი,  მიდის წმიდანი, რის შემდეგაც გრძნობ, რომ სადაც არის წმიდანი იქ არის ღმერთი, იქ არის სამოთხე. უკვე მოვიხსენიეთ წმიდა ირაკლიდიოსი, რომელიც ასევე გამოქვაბულში ცხოვრობდა. ეს გამოქვაბული იქცა მორწმუნე ხალხთა თავმოყრისა და შეკრების  ადგილად. რაც იმას ნიშნავს, რომ წმიდანის ცხოვრება იქცა ერთგვარ მისიად. და აქ, კვიპროსში ხარება მღვიმეებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდა. ამის გამო, მღვიმე არის  საუკეთესო სიმბოლო იმ ადამიანისა, რომელსაც უყვარს თავისი კვიპროსი. წმიდა ნეოფიტე დაყუდებული, კვლავ თქვენი წმიდანი, რომელიც დღეს მოვინახულეთ, ერთი წლის განმავლობაში თხრიდა კლდეს, რათა თავისი მღვიმე მოემზადებინა. ერთი წლის განმავლობაში რა დიდი შრომა გასწია მან და რამდენჯერ ჩაიგდო თავი კლდიდან გადავარდნის საფრთხეში. გამოკვეთა კლდეში თავისი ქვაბი და იქცა განდეგილად, თუმცა იგი ასევე იყო წმინა ადამიანებისა და მათი შვილების პედაგოგი, ის, ვინც ზეცისკენ მიმავალ გზაზე მიუძღვოდა მათ. ხედავთ, ჩემო საყვარელნო, რომ მღვიმის ღვაწლი რაღაც ისეთია, რომელმაც სათავე დაუდო ბერმონაზვნობის ცნობიერებასა და ტრადიციას.

რას აკეთებდნენ ისინი, ვისაც მღვიმეები არ ჰქონდათ? ანტონი დიდი საფლავებში ცხოვრობდა, წმიდა პეტრე გალატელმა მთელი ცხოვრება ერთ საფლავში გაატარა იმისათვის რომ დაემარცხებინა მტერი და მასში ღმერთი დამკვიდრებულიყო. სვიმეონ მესვეტე ბორცვებზე ცხოვრობდა და სვეტთან ლოცულობდა. კიდევ ერთი წმიდანი – წმიდა სალამანი ერთ ძალიან, ძალიან პატარა სახლში ცხოვრობდა, ერთ პაწაწინა ოთახში, რომელსაც არც კარი ჰქონდა და არც ფანჯარა. და მხოლოდ ერთხელ წელიწადში იწყებდა მიწის გათხრას, რათა პატარა ხვრელი გაეკეთებინა, რომლის მეშვეობით მას მთელი მომდევნო წლის საკმარ საკვებს აწვდიდნენ. წმიდა აკეფსიმემ სამოცი წელიწადი ერთ პაწაწინა ქოხში, ერთ პატარა ოთახში გაატარა. იგი ვერც ვერავის ხედავდა და არც არავის ესაუბრებოდა. რატომ? იმიტომ, რომ იმ ქოხში მარტო არ იყო. იქ იყვნენ ანგელოზები, როგორც ჩანს, იქ იყვნენ წმიდანები, იქ იყო ღმერთი. და ძალიან მშვენივრად ამბობს თავად, რომ იქ იყო სასიამოვნო მხიარულება. ზეცა მას აძლევდა მხიარულებას, არა გართობას, არამედ ჰარმონიულ მხიარულებას, სულიერ ცეკვას, სულიერ ნეტარებას, დღესასწაულს. ეს მხიარულება ნიშნავს შეძახილებს, შემწყნარებლობას, ღმრთის შეცნობას. სწორედ ამ გზით, წმიდანებმა შეძლეს ისე ჭარბად მოეპოვებინათ ღმერთი, რომ თავად მათზე ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ადამიანები არიან, რადგან ისინი უფრო მეტად ღმერთები არიან, ვიდრე ადამიანები. წმიდანები, როგორც ჩვენ ვამბობთ, არ არიან სხეულები, რომლებიც დადიან, არამედ ისინი სახლები არიან, ანუ მათი სხეულები ეს არის მღვიმეები, ქოხები,  მიწურები, სადაც ისინი თავიანთი ღმრთაებრიობის ნათელს მალავენ. წმიდა ევფიმიოსი ერთ საშინელსა და ღრმა ნიაღვარში მიიკვლევდა გზას იმისათვის, რომ  უფრო ზევით აცოცებულიყო, სადაც ის გამოქვაბულს ნახავდა. და როდესაც საბოლოოდ მიაგნო მას, აღმოჩნდა რომ ეს  მხეცების გამოქვაბული იყო. და ბოლოს რად იქცა იგი? იგი იქცა ზეციურ სასახლედ, მეუფის ტახტად, სულისა და ზეციური ღმერთის საქორწინო საძინებლად. ამგვარად, ხედავთ, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი სამოციქულო ცხოვრება, როდესაც ამგვარი წმიდანები გვყვავს?!

ახლა კი მოდით მცირე რამ ჩვენ თავზეც ვთქვათ. ჩვენ მოგვწონს მწვერვალები, თუმცა ჩვენ მოგვწონს დასვენებაც. არ ვცხოვრობთ მღვიმეებში, ჩვენ ხალხში, ცდუნებებში, უსამართლობებსა და ჩვენს საკუთარ ბოროტებაში ვცხოვრობთ. რა უნდა ვქნათ? ჩვენც მოვძებნით ხერხს, რათა მეუდაბნონი გავხდეთ. ჩვენც მივაგნებთ ისეთ გზას, რომ სიმშვიდეს მივაღწიოთ. როგორ? შფოთისგან და ხმაურისგან შორს მყოფობით. მაგალითად, ხედავ რომ ჩხუბია გაჩაღებული. რა საჭიროა წახვიდე და უცქირო, თუ რას აკეთებენ. თუკი წახვალ, მაშინ ერთი-ორი შენც მოგხვდება, იყვირებ, გაბრაზდები და უარეს დღეში აღმოჩნდები. უმჯობესია შენ შენი საქმე გააკეთო და არ ჩაერიო. ვთქვათ, დაღლილი მამაკაცი ბრუნდები სახლში და საჭმელს ითხოვ. ცოლი კი გეუბნება: -შენ იმედი გქონდა რომ მის მომზადებას მოვასწრებდი? რა უნდა უპასუხო მას? უნდა გაუღიმო და უთხრა, თუმცა დღეს დავიქანცე მუშაობით, მაგრამ არა უშავს რა, ახლავე მოვამზადებ. მოეფერე მას, აკოცე, რაიმე სასიამოვნო უთხარი. და მაშივე სიმშვიდეს მოიპოვებ. ასე თუ მოიქცევი, იგი შენ არ დაგადანაშაულებს, არ გაგლანძღავს. შენც არ დაადანაშაულებ მას, არ დამწუხრდები და მოიპოვებ შენს სიმშვიდეს. ნუ ჩავუღრმავდებით სირთულეებს, ვთქვათ გვინდა რაიმე ისეთი, რისი ყიდვაც არ შეგვიძლია, რაც ჩვენთვის არ არის, რაც ძნელია, თავი დაანებე, ნუ ჩააცივდები. ამდენი რამ არსებობს, შენც რაიმე სხვა აარჩიე. მონასტერში ერთი მონაზონი მყავდა, რომელიც როდესაც ახალგაზრდა იყო გონება გადაუტრიალდა და მოინდომა ოქროს კბილების ჩასმა. წავიდა სტომატოლოგიურ კლინიკაში, ამოიძრო თავისი კბილები და სულ ოქროს კბილები ჩაისვა. მოგვიანებით, ცოტა წლები რომ მოემატა, კურთხევა მივეცით რომ პატარა ქოხში წასულიყო, რომელიც ზღვის კიდეზე იყო აშენებული. ზამთარში იქ საშინელი ქარი ქროდა, ტალღები აწყდებოდა ქოხს, ციოდა, რადგან ქარი ღუმელს აქრობდა. ზაფხულში კი ძალიან ცხელოდა. მონაზონი ყოველივეს ითმენდა, მერე კი ასეთი აზრი დაებადა: რისთვის უნდოდა ოქროს კბილები?  რა უნდა ექნა მისთვის? ბოლოს ისევ გაეშურა სტომატოლოგთან და უთხრა, ამომაცალე ეს ოქროს კბილები, გადაადნე, გაყიდე და ის ფული ვინმე გაჭირვებულს მიეცი. ამის შემდეგ, მას არ შეეძლო ჭამა, რადგან აღარ ჰქონდა კბილები. მას ერჩია საერთოდ არ ეჭამა, ვიდრე ჰქონოდა რაიმეზე მოუსვენრობა, რაიმეზე ფიქრი. ჩვენც რატომ ვიურვით და ვხლართავთ რაღაც-რაღაცეებს? ახლა კიდევ ერთ რამეს გეტყვით. ვთქვათ სიზმრებზე. მაგალითად დღეს ნახულობ სიზმარს, რომელიც გაუწყებს რომ ხვალ ძალიან გაგიმართლებს. მართლაც მიდიხარ საყიდლებზე და გზად ერთ მილიონს პოულობ. ახლა იმაზე ფიქრობ თუ როგორ მოიქცე, წახვიდე პოლიციაში თუ შენთვის დაიტოვო ფული, ღმერთმა ხომ შენ მოგცა? არ იცი როგორ მოიქცე თქვა თუ გაჩუმდე? ანუ რაც სიზმარში ნახე აგიცხადდა. მეორე სიზმარი ასევე კეთილად აგისრულდა, მესამე სიზმარიც. მეოთხე სიზმარი გეუბნება, რომ ხვალ ნუ გახვალ გარეთ, რადგან თუ გახვალ მოგკლავენო. რადგან უკვე გამოცდილი გაქვს, რომ წინა სიზმრები აგიცხადდა, ახლა ვეღარ ბედავ გარეთ გასვლას, გეშინია არ მოგკლან. და ასე ვითარდება ჩვენში ფსიქოლოგიური პრობლემა, დაბნეულები ვართ, არ ვიცით რა გავაკეთოთ და ასე ვკარგავთ ჩვენს სიმშვიდესა და  მოსვენებას. ხედავთ თუ რამდენი რამ გვაქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? ამქვეყნიური ინტერესები განა არ არის ურვანი? წინააღმდეგობა რა არის? ვინმე თუ გეუბნება, რომ ეს არ არის ესოდენ კარგი, შენ კი ეწინააღმდეგები. ეს ნიშნავს რომ შენი გული ივსება, სული იღლება, რომ შენს ძმასაც კი ვეღარ იტან, გიჩნდება იმის სურვილი, რომ შენგან შორს წავიდეს. ძალიან სამწუხაროა ეს ყოველივე. წვრილმანებია: რატომ არ შემომხედე, რატომ არ გამიღიმე,  რატომ კარგი სიტყვები არ მითხარი, რატომ არ მომინახულე, რატომ არ გაგახსენდი, რატომ არ მომიტანე საჩუქარი? ჩვენ ყველანი ქედმაღლები ვართ. მოდით, ნუ დაველოდებით რაიმეს სხვისგან, ნურც ჩვენი ქმრისგან, ნურც ჩვენი ცოლისგან და ნურც ჩვენი შვილებისგან. არამედ ჩვენ გავუკეთოთ და გავცეთ ყოველივე სხვისთვის, ვილოცოთ ჩვენი ბავშვებისათვის, რათა მათზე გადმოვიდეს ღმრთის მადლი, სიმშვიდე, სიწყნარე, სიყვარული, ბუნებრივი ატმოსფერო, ლოცვა, იესო ქრისტე, ხატები, რათა მათ ბუნებრივად იპოვონ და დაადგნენ სათნოების გზას. სწორედ ასე წყნარად სრულდება ყოველივე კარგი. ნახავთ რომ ასე გავიწმინდებით, გაგვშორდება ვნება და ცუდი ფიქრები, თავს დავაღწევთ დემონთა კაუჭებს და ჩვენში დაისადგურებს მხოლოდ ერთი კაუჭი, რასაც უფლის ხსომება ჰქვია. მაშინ ჩემი გულიცა და ჩემი პირიც იღაღადებს: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე. ჩვენ გვეცოდინება რომ ღმერთთან ერთად ვართ და ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროში აღმართზე ასვლას დაემსგავსება. როგორ მიდიოდნენ იერუსალიმში კიბეებით, ადიოდნენ ზევით და ზევით სიონში, იმისათვის რომ თაყვანი ეცათ უფლისთვის. ასევე ჩვენთვისაც ზეცის მიმართ მომლოცველობა ქცეულა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობად. ჩვენ არასდროს ვართ მარტო, დამცირებულნი, დაღლილნი და დამწუხრებულნი, როდესაც უფლის მიმართ ამგვარი სიყვარული გაგვაჩნია. ჩვენ ყველაფრის დამარცხებას შევძლებთ, რადგან მათ თავად უფალი დაამარცხებს. და თუკი ჩვენ გვექნება ღვთის ხსომება, მაშინ იცოდეთ, რომ ჩვენ არასდროს ვიქნებით მარტო. ჩვენ ვიქნებით ანგელოზების მაცქერალნი, ქერუბიმებისა და სერაფიმების მაცქერალნი, მაგრამ როგორ მოვახერხებთ, რომ ჩვენი პირადი ცხოვრების წიაღში შევქმნათ ის კაუჭი, რომლის მეშვეობით უფალი ყოველდღიურად მოგვანიჭებს სულიერ წყალობას?

წმიდა წერილის მეშვეობით ვიგებთ სულიწმიდის შვიდი ნიჭის შესახებ. ახლა მოვისმინოთ იმ შვიდი ნიჭის შესახებ, რომელსაც უფალი ჩვენგან ელოდება. ესენია: მარხვა, ლოცვა, მღვიძარება, მეცნიერება, მორჩილება, თავმდაბლობა და სიყვარული. მარხვა ჩვენს ცხოვრებაში არის ერთგვარი დაბრკოლება, რომელიც ღმრთაებრიობას გვაძლევს. ლოცვა ჩვენ გვამაღლებს. მღვიძარება ჩვენ სერაფიმთა მსგავს მხედველობას გვანიჭებს. სულიერი მეცნიერება ჩვენ გვაფხიზლებს და საშუალებას გვაძლევს ცოტა რამ მაინც გავიგოთ ზეციური სიკეთის შესახებ. მოთმინება ჩვენ თავმდაბლობას გვასწავლის, ხოლო თავმდაბლებს კი უფალი აღამაღლებს. და ბოლო, კი არის უფლის სიყვარული. ჩემო საყვარელნო, ახლა უნდა დავასრულოთ ჩვენი საუბარი. მაშ კარგად გავიაზროთ, რომ ღმერთი უმაღლეს მწვერვალებზე ათავსებს თავის წმიდანებს, მათ ვინც მღვიმეებსა და გამოქვაბულებში იღწვოდნენ, თუმცაღა ჩვენც გვანიჭებს მწვერვალებს და ჩვენც გვაქცევს წმიდანებად.

ახლა ერთ რამეზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება და ეს არის ხმაური, რაც ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს. როდესაც გვაქვს პიროვნული უძლურებანი, რაც ნებისმიერ ადამიანს გააჩნია, ყველა ჩვენთაგანი ზარმაცდება, ყველა ჩვენთაგანი ვცოდავთ, ავად ვხდებით, ყველა ჩვენთაგანს აცდენს ეშმაკი, რაც არ უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად, მაინც ასეთებად ვრჩებით, მაგრამ ჩვენ ყველანი ვართ ერთი ღმერთის შვილები, რომელიც უდიდესი წყალობაა. როდესაც ამგვარი უძლურება დაგვემართება, მოთმინება გამოვიჩინოთ. როდესაც ჩვენ ჩვენი ეგოიზმი გვაწამებს, რადგან სულ პატარა რამაც კი გვწყინს. არა უშავს, თუმცა ნაწყენია, მაგრამ მაინც ღმერთის შვილია. იგი მნახავს, შევეცოდები და დამამშვიდებს. ერთხელ, ერთი მონაზონი პირუტყვზე ამხედრებას ცდილობდა, თვითონ პირუტყვიც დატვირთული იყო. მაშინ ანგელოზი მივიდა და თავისი მოსასხამით მოსწმინდა პირუტყვს ოფლი. რადგან სწორედ ის იღლებოდა და არა მონაზონი, რომელიც პირუტყვზე იჯდა. როდესაც ჩვენ გვნახავს დაღლილებს, ნაწყენებს, ავადმყოფებს, იმედგაცრუებულებს, და უპირველეს ყოვლისა, ცოდვილებს, გახსოვდეთ, რომ მაშინ უფრო მეტად ვუყვარვართ, სწორედ მაშინ დაიხრება, რათა იმ ჯოჯოხეთიდან ამოგვიყვანოს, სადაც ვცხოვრობ. რა გააკეთა ქრისტემ? მან დაითმინა იმ უკანასკნელ წამამდე ვიდრე არ ჩავიდა  ჯოჯოხეთში, არა თუ საფლავში, თვით ჯოჯოხეთში და იქიდან აღდგომის მთელი ბრწყინვალებით არ გამოვიდა. ასე უნდა ვიყოთ ჩვენც, როგორც ქრისტე იყო, რომელიც იტანჯებოდა, მისი გული მწუხარებით აღსავსე იყო, რადგან ჩვენ ასეთ მდგომარეობაში გვხედავდა. როდესაც ვხედავთ ჩვენს საკუთარ ცოდვებს, როდესაც ვხედავთ იმ უსამართლობას, რაც საკუთარ თავს გავუკეთეთ, ვოხრავთ, მაგრამ ნუ გეშინიათ, მზად ხართ ჯოჯოხეთისთვის? მე ჯოჯოხეთისთვის მზად ვარ, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ამის მჯერა, უფალი ზეცაში ამიყვანს. ყურადღება მიაქციეთ თუ რას ამბობს წმიდა ილარიონის დისტიქი: რადგან მთელი ცხოვრება ცრემლის ღვრაში გავატარე და დავიტანჯე, მოდი ილარიონ ახლა და მოიმკე ჩემი სიხარული ზეცაში. როდესაც გვახსოვს ჩვენი ცოდვები და მყუდრო ადგილას გვსურს დამალვა, განმარტოება, ვიღებთ ჩვენს სკვნილს და გვსურს ვილოცოთ, რაიმე ვუთხრათ ღმერთს, არა თუ  დაპირებანი, არამედ რაიმე ჩვენი სულიერი დაღლილობის შესახებ. და როდესაც გგონია, რომ შენი უკანასკნელი სუნთქვაც გაქრება, იმედი აღარ გაქვს, სასოწარკვეთილი ხარ, სწორედ მაშინ ნუ შეგეშინდებათ, ქრისტე არ დაგვტოვებს, როგორც თავისი საფლავისა და ჯოჯოხეთის ბჭენი გაარღვია მან, ისე გაარღვევს ჩვენსასაც. ყოველ დილით თქვენს თავს უთხარით, რომ დღესაც ვიბრძოლებ მთელი ჩემი ძალით, უფალო და ღმერთო ჩემო, შემწე მეყავ მე. ამინ!

Σχετικά άρθρα თავისუფლება
გამოხსნა და გათავისუფლება Αλέξανδρος Χριστοδούλου 5 May 2017 არა ადამიანში, არამედ, მხოლოდ ერთადერთი გზით, ღმერთკაცში „გვაქვს ჩვენ გამოხსნაი“ ცოდვისაგან, სიკვდილისა და ეშმაკისაგან. რატომ? იმიტომ, რომ მან „მხოლოდშობილმა“ გვიჩვენა და ცხადყო ადამიანის სხეული ცოდვის გარეშე. ფაქტია, რომ ეშმაკსა და სიკვდილს ცოდვით, გამონაკლისის გარეშე, ყველა ადამიანი დამონებული ჰყავს. მაშინ, როდესაც ღმერთკაცის სხეული ცოდვის გარეშე...
გამოხსნა და გათავისუფლება Αλέξανδρος Χριστοδούλου 30 January 2013 არა ადამიანში, არამედ, მხოლოდ ერთადერთი გზით, ღმერთკაცში „გვაქვს ჩვენ გამოხსნაი“ ცოდვისაგან, სიკვდილისა და ეშმაკისაგან. რატომ? იმიტომ, რომ მან „მხოლოდშობილმა“ გვიჩვენა და ცხადყო ადამიანის სხეული ცოდვის გარეშე. ფაქტია, რომ ეშმაკსა და სიკვდილს ცოდვით, გამონაკლისის გარეშე, ყველა ადამიანი  დამონებული ჰყავს. მაშინ, როდესაც ღმერთკაცის სხეული ცოდვის გარეშ...
შინაარსი
სანიშნეები