Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
„გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ!“ | PEMPTOUSIA

„გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ!“

4 April 2017

წინა სტატია იხილეთ: http://www.pemptousia.ge/2017/03/20/50282/

მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ წერს: „მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა“ (კორინთელთა მიმართ II ეპ. 7,4). რაც იმას ნიშნავს, რომ ვარ ნუგეშინისცემით სავსე, რომელიც მომანიჭეთ თქვენ, ისე იღვრება ჩემი სიხარული, რომ ფარავს ნებისმიერ მწუხარებას. თუმცა, საკითხავია, თუ როგორ თანაარსებობს „უმეტესი სიხარული“ „მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან“ (კორინთელთა მიმართ II ეპ. 8,2)? როგორ იღებდნენ პირველი ქრისტიანები ღმრთის სიტყვას „ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაჲთა“ (თესალონიკელთა მიმართ I ეპ. 1,6)? ან წმიდა მოწამენი როგორ ადგებოდნენ სიხარულით მკაცრ მოწამეობრივ გზას?

Xara 01

რატომ გვმოძღვრავს შემდეგი სიტყვებით უფლის ძმა იაკობი: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳეთ პირად-პირადსა;“(იაკ. 1,2). განა შესაძლებელია შეუთანხმდეს ერთმანეთს ეს წინააღმდეგობანი და თანაარსებობდეს მწუხარება, განსაცდელი და ცდუნება სიხარულთან ერთად?

ყოველივე შესაძებელია, თუკი იესო ქრისტე არის ჩვენს ცხოვრებაში. მაცხოვრის შობის ღამეს ამ სიტყვებით მიმართა უფლის ანგელოზმა მწყემსებს: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა“ (ლუკა 2, 10), შემდეგ კი აუწყებს მათ ამ სიხარულის მიზეზს: „რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი“ (ლუკა 2, 11).

მსგავსად ამისა, როდესაც წმიდა პავლე მოციქული მოგვიწოდებს: „გიხაროდენ მარადის!“ იქვე განსაზღვრავს, რომ „უფლისა მიერ!“ (ფილიპელთა მიმართ 4,4). მაშ, სადაც არის ქრისტე, იქ გაქარწყლებულია ტკივილის სიმძიმე.

ჩვენი ეკლესიის ტრადიცია, მოწამეთა, აღმსარებელთა, ღირსთა და წმიდა მამათა ისტორია მოწმობს, რომ ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ „უფლისა მიერ!“, არანაირ უბედურებას არ ძალუძს ჩამოაშოროს მორწმუნე ადამიანის სული ამ სიხარულსა და წყალობას.  მორწმუნენი ცხოვრობენ და იბრძვიან იესო ქრისტეს მიერ, რომელიც მათ სულს ანიჭებს ძალას უხაროდეთ, რომ უფლის სიყვარული მათ თავიანთ ცხოვრებაში დაბრუნების საშუალებას აძლევს.

თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა მამები მწუხარების ორ სახეობაზე საუბრობენ. ისინი განასხვავებენ ერთმანეთისაგან „ღმრთისა მიერ მწუხარებას“ და „სოფლისა ამის მწუხარებას“. პავლე მოციქული მწუხარების ამ ორ სახეს ამგვარად განმარტავს: „ღმთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმნს“ (კორინთელთა მიმართ ΙΙ ეპ. 7,10). ანუ „ღმრთისა მიერ მწუხარებას“ ადამიანი სინანულისა და ცხონებისაკენ მიჰყავს, ამიტომაც  „სიხარულია ზეცასა შინა“, უფლის ანგელოზებს შორის და სწორედ ამ სიხარულს ეზიარება ის ადამიანი, რომელიც თავის ცოდვებს მოინანიებს.

გარდა ამისა, სიხარული შეიძლება იქცეს თვითშეცნობის ნაყოფი. როდესაც გაქვს შეგრძნება იმისა, თუ ვინ ხარ, როდესაც სიყვარულს სთავაზობ შენს მოყვასს, როდესაც „გიხაროდეთ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა“ (რომაელთა მიმართ, 12.15), როდესაც ამოწმებ საკუთარ ეგოცენტრულ მიდრეკილებებს, ინარჩუნებ ურთიერთობასა და სიყვარულს სხვა ადამიანების მიმართ, მაშინ შეიგრძნობ თავისუფლებასა და სიხარულს, რადგან მოვლენებს აღიქვამ დანაკლისისა და სარგებლის გარეშე, შენი საკუთარი „ეგოს“ (მეს) ინტერესების დამოუკიდებლად.

უმეტესობა სირთულეებისა, რომლებიც დევნიან ჩვენი შინაგანი სამყაროდან სიხარულსა და სიმშვიდეს, გამოწვეულია ჩვენი ეგოიზმითა და იზოლირებით, რაც საბოლოოდ გვავსებს კიდეც მწუხარებით. ასეთ შემთხვევებში, ხშირად ყველა და ყველაფერი დამნაშავედ მიგვაჩნია ხოლმე, რადგან ნაცვლად იმისა, რომ დახმარებისათვის  მივმართოთ ღმერთს, ვითხოვოთ მისი შემწეობა, ჩვენ მარტო ვრჩებით ჩვენს პრობლემებთან და ჩიხში ვაქცევთ ჩვენში არსებულ ყოველივე სასიამოვნო და სასიხარულო გრძნობას.

ხოლო როდესაც ჩვენს სიძნელეებს მივანდობთ უფალს, მაშინ სრულიად იცვლება ვითარება, მაშინ „სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა“ (კორინთელთა მიმართ ΙI ეპ, 7, 4). და თუკი, ჩვენი რწმენა ჩვენი მაცხოვრის – იესო ქრისტეს მიმართ არის მყარი და ურყევი, მაშინ „უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (იოვანე 16, 22), რწმენით დავძლევთ ყოველივეს მარადის და „იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა“ (პეტრე Ι ეპ. 1, 8).

ჩემო ძმებო, სიტყვა „სიხარულის“ მხოლოდ და მხოლოდ გაჟღერებაც კი ჩვენში  შინაგან ნეტარებასა და ბედნიერებას იწვევს. ადამიანის სული გამუდმებით ისწრაფვის სიხარულისაკენ, იგი გამუდმებით მის ძიებაშია! სიხარული ერთგვარი სასიამოვნო გრძნობაა გულისა, რაც ქვემოთ მოყვანილ სიტყვებშია გადმოცემული: „მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება!“ (იგავნი სოლომონისა 15, 13). ასეთი სიხარული უფალთან ურთიერთობით საზრდოობს, იგი გვანიჭებს ბედნიერებას, გამბედაობას, მშვიდობასა და სიხარულს როგორც ჩვენ, ასევე ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოს.

სიხარული სულიწმიდის ნაყოფია, როგორც ამას წმინდა პავლე მოციქული აღწერს გალატელთა მიმართ ეპისტოლეში: „ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ“ (გალატელთა მიმართ, 5, 22-23), რომელიც მიენიჭება მათ, ვინც არის „წმიდაჲ გულითა“. ყოველი მორწმუნის პირადი ბრძოლა შემდეგ სიტყვებშია გამჟღავნებული: „წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“ (პეტრე Ι ეპ. 16), როგორც ეს წმინდა წერილშია დაწერილი! ხოლო როცა მორწმუნის ბრძოლა ხდება „იესო ქრისტეს მიერ“, მას შედეგად მოჰყვება: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“ (ფილიპელთა მიმართ 4, 13). ასე რომ სიხარული, რომელიც ჩვენზე იესო ქრისტესთან ურთიერთობის მეშვეობით გადმოდის, ასუსტებს ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს განცდილ მწუხარებას, რადგან სიბნელე ვერ ძლებს სინათლეში!

ჩვენი წმიდა ეკლესია საღმრთო მსახურებების მეშვეობით ლოცულობს, რათა „სიხარულმა და წყალობამ“ აღავსოს ყველა ჩვენგანის გული, რათა ყოველ კეთილ საქმეში გვქონდეს ღმრთიური სინათლე და შემწეობა, „ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ“ განღმრთობისა და ცხონებისაკენ მიმავალ გზაზე.

წყარო: ათონის წმიდა მთის 2016 წლის კალენდარი, ქსენოფონტის წმიდა მონასტრის გამოცემა, ათონის წმიდა მთა.

შინაარსი
სანიშნეები